ისევ გაჩნდა X და Y - რა სიკეთე მოიტანა ჩემპიონატის ახალმა სისტემამ?

AutoSharing Option
მოგწონთ ეროვნული ჩემპიონატის ეს სისტემა? კაცმა რომ თქვას, ყველა სისტემას აქვს ნაკლი. სრულყოფილი სისტემა შესაძლოა, არც არსებობდეს, მაგრამ როცა რაღაცას ცვლი, ძალაუნებურად ჩნდება ვალდებულება, რომ ახალი უწინდელზე უკეთესი გამოდგეს.

გარიგებული თამაშების თემა დღეს ნაკლებად აქტუალურია. იყო და ალბათ კიდევ იქნება რამდენიმე საეჭვო თამაში, მაგრამ ახლა ისეთი დროა, ამაზე ლაპარაკი უფრო საშიშია, ვიდრე მანამდე.

რვიანებად დაყოფილი ჩემპიონატი გარიგებული თამაშების ალბათობას ვერც ზრდის და ვერც ამცირებს. ამ მავნე ჩვევის გამოსწორებას მხოლოდ სისტემის შეცვლა ვერ უშველის. იმას კი წყალი არ გაუვა, რვიანებად დაყოფა
ახალ საშუალებებს რომ ქმნის გარიგებული მატჩებისთვის. მაგალითად, სანამ გუნდები რვიანებად დაიყოფიან, რომელიმე მოწინავე გუნდი X ურიგდება ისეთ Y გუნდს, რომელიც რვა საუკეთესოში მოხვედრისთვის იბრძვის. X ჩუქნის Y-ს სამ ქულას. სამაგიეროდ, როცა ორივე რვა საუკეთესოში მოხვდება, სამქულანაჩუქარი გუნდი ვალს ექვსი ქულით ისტუმრებს. მისი მოკავშირე X გუნდი დანარჩენ მოწინავე გუნდებზე უკეთეს მდგომარეობაშია, გარანტირებული 6 ქულა აქვს, სხვამ კი ამ 6 ქულისთვის წვივები უნდა დაილეწოს.

ეს კარგად აპრობირებული მეთოდია საქართველოში და საფუძვლიანი ეჭვიც გვაქვს, რომ ასეთები კიდევ მოხდება.

ჩემპიონატის პირველი ეტაპის ბოლოს ზოგიერთი თამაშის შედეგს აზრი დაეკარგა, რადგან ზედა რვიანში გუნდებს მხოლოდ ერთმანეთში ნათამაშები მატჩები ეთვლებათ, ზოგსაც კი უკვე დაკარგული ჰქონდა ზედა რვა გუნდში მოხვედრის შანსი. როცა სისტემაში ასეთი კაზუსი ხდება, ძალიან ძნელია, რომ ის სხვა არგუმენტებით გაამართლო.

ქვედა რვა გუნდი კი პლეი აუტს ნულებით იწყებს, ანუ ამ რვიანში უმაღლესი ლიგიდან მოხვედრილი გუნდების ნაჯაფარი ანულირებულია. რატომ? ამ კითხვაზე პასუხის გაცემაც, ალბათ, ძალიან ძნელია.

ხშირად გაიგონებთ, საქართველოს ჩემპიონატში დონე გათანაბრდა; კი არიან მოწინავე და ნაკლებად ამბიციური გუნდები, მაგრამ შეხვედრის შედეგის გამოცნობა მაინც ძალიან ძნელიაო. ეს მხოლოდ გაგონილი ამბავი არ არის, ეს ფაქტია და ჩნდება კიდევ ერთი კითხვა: თუ ასეთი ტენდენციაა, რაღაზე ხდება სისტემის ცვლილება და ჩემპიონატის ხელოვნურად დაძაბვა?

საინტერესოა ბომბარდირის საკითხიც. ვიტჯორჯიელმა ბესიკ ჩიმაკაძემ სეზონის პირველ ეტაპზე 7 გოლი გაიტანა, მაგრამ მისი გუნდი ზედა რვიანში ვერ მოხვდა. რატომ აქვს გადაწურული მას ბომბარდირობის შანსი? რატომ არ უნდა ჩაეთვალოს ქვედა რვიანში გატანილი გოლები საბომბარდიროდ?

მთავარი კითხვა კი ალბათ ის არის, თუ რა უკეთესობა მოიტანა ჩემპიონატის ახალმა სისტემამ. კარგი იქნება, თუ ფეხბურთის ფედერაცია ამ კითხვაზე პასუხს ფაქტებითა და არგუმენტებით გაგვცემს.

სისტემის შეცვლა პრობლემა არ არის და თუ საქმეს დაჭირდა, ეს სისტემაც წარსულს ჩაბარდება. უფრო საინტერესო კი ის უნდა იყოს, კომერციულად რამდენად წარმატებული გახდება საქართველოს ჩემპიონატი. კარგია, რომ ფეხბურთის ფედერაციამ იმუშავა და ჩემპიონატს სპონსორები მოუძებნა, მაგრამ ეს რომ საკმარისზე ბევრად ნაკლებია, საკამათო არ უნდა იყოს.

ვერ მოხერხდა საპრიზო ფონდის შექმნა, რაც ფედერაციის ხელმძღვანელობის ერთ-ერთი დაპირება იყო. ჩემპიონატის თამაშები შუქდება საზოგადოებრივ მაუწყებელზე, მაგრამ ფინანსურად წარმატებული ამ პროექტს ჯერ არ ეთქმის - ჩემპიონატის მონაწილე გუნდები ვერანაირ ფინანსურ დივიდენდებს აქედან ვერ იღებენ.

ვფიქრობ, კლუბებისთვის აქტუალური უნდა იყოს პროფლიგის განახლება ან პროფლიგისმაგვარი ორგანიზაციის შექმნა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამასაც თურმე დისიდენტური შემართება სჭირდება. იმ თექვსმეტი გუნდიდან, რვიანებში რომ არის გადანაწილებული, შვიდი ნამდვილად კერძო სტრუქტურა უნდა იყოს, მაგრამ კლუბების გაერთიანების შესაქმნელად რატომღაც ისინიც პასიურობენ.

სულაც არ არის აუცილებელი, რომ კლუბების გაერთიანების შექმნას მაინცდამაინც ოპოზიციური მიმართულება ჰქონდეს. ამით ხომ ფედერაციასაც გაუადვილდება კლუბებთან მუშაობა?! მაგრამ ყველაფერი ეს ჯერჯერობით მხოლოდ იდეის დონეზეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ყველაზე საინტერესო იყო რუსთავი -გორის დაპირისპირება პირველ ეტაპზე როცა რუსთავმა 3-1 წააგო და 3 ქულა დაემატა ამ წაგებით ყოველგვარი X Y გარეშე
luxuta
00:22 20-03-2012
0
1)10 გუნდიანი ჩემპიონატი დაგვიბრუნონ.
2)პოლიტიკა არ უნდა ჩაერიოს ფეხბურთში
3)საეჭვო მატჩები ჩაითვალოს გარიგებულად, 2 საეჭვო მატჩის შემთხვევაში გუნდი მოიხსნას გათამაშებიდან.
ramo
09:41 20-03-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული