- რას ფიქრობ ამ შეხვედრაზე?
- ჩვენი შეხვედრები ყოველთვის გამორჩეულად დაძაბული იყო - სერბეთში წასვლამდეც ასეთი განსაკუთრებული განწყობით ვემზადებოდი და ახლა, მით უმეტეს, რადგან ორივე გუნდი უფრო გაძლიერდა. ასე მგონია, ხალხიც ამ შეხვედრებს მეტი ინტერესით მოელის.
დარწმუნებული ვარ, თამაში დაძაბული და საინტერესო იქნება. "მერანთან" ფრეს შემდეგ ჩვენ ქულის
- "მერანთან" ორი ქულის დაკარგვა თქვენთვის აშკარად მოულოდნელი აღმოჩნდა. ეს "ზესტაფონთან" თამაშისწინა განწყობაზე ხომ არ დაგეტყოთ?
- ფეხბურთი იმით არის საინტერესო, რომ წინასწარ შედეგის განსაზღვრა შეუძლებელია. პირველ ტაიმში ორი გოლი გავიტანეთ და გვეგონა, მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ სწორედ ამ დროს მოხდა ის, რისგანაც არავინ არის დაზღვეული - ძარიამ ინსტინქტურად ხელით ითამაშა, ბურთი კარიდან გამოიტანა, ირაკლი გააძევეს და ყველაფერი აირია.
თუმცა ჩვენს მიზანს ეს ფრეც ვერ შეცვლის - "დინამოს" ჩემპიონობა სურდა და ბოლომდე ვიბრძოლებთ. ძნელია ასეთი თამაშის უცებ დავიწყება, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება და წარსულზე წუწუნი არაფერს გვარგებს. ახლა ბრძოლა და ყველა მატჩის მოგებაა საჭირო.
- სერბეთიდან დაბრუნების შემდეგ "ზესტაფონის" თამაშები თუ ნახე?
- ვნახე და აშკარაა, ჩემი წასვლის შემდეგ გუნდი უფრო გაძლიერდა და შეთამაშდა. მაგრამ ახლა მათ თამაშებს უფრო დეტალურად განვიხილავთ და მოწინააღმდეგის დადებითი და უარყოფითი მხარეების შესწავლას შევეცდებით, რომ შემდეგ მათი გამოყენებით სასურველ შედეგს მივაღწიოთ.
- გულშემატკივარი ამ შეხვედრისგან უფრო მეტს ელის, ვიდრე ზოგადად ჩემპიონატის სხვა მატჩებისგან...
- ჩემი თხოვნა იქნება, მოვიდეს რაც შეიძლება მეტი გულშემატკივარი. სავსე ტრიბუნები ჩვენთვის დიდი სტიმული იქნება. იმასაც არ აქვს მნიშვნელობა, "დინამოს" ქომაგი უფრო მეტი მოვა თუ "ზესტაფონის". მთავარია, ხალხი იყოს და ასე მატჩი უფრო სანახაობრივი გამოვა.
როდესაც მაყურებელი გამხნევებს, მოთამაშეებს მეტი სტიმული და მონდომება გვიჩნდება, საკუთარ თავსაც მეტს ვთხოვთ. ჩვენც შევეცდებით, ხალხი იმედგაცრუებული არ დავტოვოთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"