მეტალურგი-მერანი 2:0 - გამარჯვების წყურვილი

AutoSharing Option
მასპინძლებს დასაწყისშივე ეტყობოდათ, რომ მოსაგებად იყვნენ მოედანზე გამოსულები. მათ საწყის წუთებშივე შექმნეს რამდენიმე სახიფათო მომენტი: მე-8 წუთზე ვალერი იობაშვილის შეცდომის შედეგად ბურთი ლაშა ჯაფარიძეს მიუვიდა, რომელსაც დამაგვირგვინებელი დარტყმა არ გამოუვიდა.

ორიოდე წუთში იმავე ჯაფარიძის მიერ წამოწყებულ შეტევას ირაკლი სიხარულიძის შორი მანძილიდან დარტყმა მოჰყვა. ბურთი მცირე მანძილით ასცდა კარს.

ყველაზე რეალური მომენტი რუსთაველმა ფეხბურთელებმა ტაიმის შუაწელს შექმნეს, როდესაც გიორგი ქავთარაძემ დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა გიორგი თექთურმანიძე. ამ უკანასკნელის დარტყმული ძელმა აისხლიტა. შემდეგ კი ლაშა ჯაფარიძეს მიეცა შანსი, თუმცა დარტყმა არაზუსტი გამოუვიდა.

"მერანი"
თავდაპირველად ფრთხილობდა, მერე და მერე კი შედარებით გაათანაბრა თამაში, მაგრამ შეტევის გამწვავებას და ბურთის კართან მიტანას ფეხბურთელები ვერ ახერხებდნენ. დასამახსოვრებელი ეპიზოდი სტუმრებს 35-ე წუთზე ჰქონდათ, როდესაც გიორგი მანწკავას სტანდარტულს მასპინძელთა საჯარიმოში არეულობა მოჰყვა, გუნდის კაპიტნის, გიგა ჟვანიას თავური კი სუსტი გამოდგა.

შესვენებამდე კობა ჟორჟიკაშვილის გუნდის უპირატესობა კვლავ გამოიკვეთა და შედეგმაც არ დაახანა: 38-ე წუთზე ირაკლი მაისურაძემ საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა და შეროზიას მარჯვენა დაბალ კუთხეში გაუტანა.

მეორე ტაიმში მარტვილელებმა, შეიძლება ითქვას, თამაში გამოასწორეს, ტემპს უმატეს, მაგრამ ვერ ვიტყვით,რომ მეტოქეს განსაკუთრებული თავსატეხი გაუჩინეს.
ცოტა ხანში, დიმიტრი ტატანაშვილის რეიდის შემდეგ, თავის გამოჩენის იდეალური შანსი მიეცა მეკარესთან მარტო დარჩენილ სიხარულიძეს, რომელიც, ფაქტობრივად, ცარიელ კარში ურტყამდა, მაგრამ მცველებმა ზედ კარის ხაზიდან კუთხურზე მოიგერიეს ბურთი.

73–ე წუთზე სტუმრებს ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ: მარცხენა ფრთაზე აქტიურმა ლაშა ჩალაძემ ბურთი ელგუჯა გრიგალაშვილს გადააწოდა, მაგრამ "მერანის" ნახევარმცველმა საკმაოდ კარგი პოზიციიდან ბურთი გრიგოლ ბედიაშვილის კარს ააცილა.

მატჩის მიწურულს გოლის გატანა ორივე გუნდს შეეძლო, თუმცა მეკარეებმა ითამაშეს კარგად: ჯერ თექთურმანიძე მახვილი კუთხიდან დაემუქრა მოწინააღმდეგის კარს, ხოლო მოგვიანებით კი გრიგალაშვილის ჯარიმას მოჰყვა ხიფათი.

ბოლოსკენ "მეტალურგმა" მაინც გაიტანა: მიუხედავად იმისა, რომ შეტევისას ბურთი ხელზე ნამდვილად მოხვდა მასპინძელთა ფეხბურთელს, არბიტრმა არ გააჩერა თამაში. ეს ეპიზოდი კი საბოლოოდ გოლით დასრულდა: იობაშვილს ბურთი ფეხებში აებლანდა, რითაც შესანიშნავად ისარგებლა გამოცდილმა დიმიტრი ტატანაშვილმა.

მატჩის შემდეგ
კობა ჟორჟიკაშვილი (მეტალურგი): "მერანმა" კარგად ითამაშა, თუმცა გუნდს ეტყობოდა, რომ ურთულესი მატჩი გადაიტანა. ჩვენ არ მივეცით მათ საშუალება, გაშლილი ფეხბურთი ეთამაშათ. შევუზღუდეთ არეალი და, როგორც ჩანს, ამ ტაქტიკამ გაამართლა კიდეც. ამ თამაშს ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა და კარგია, რომ მოვიგეთ".

არჩილ ჩხაბერიძე (მერანი): "მინდა აღვნიშნო მსაჯის არაობიექტური მოქმედებები. არ შეიძლება ასე დაუსრულებლად გაგრძელდეს. ეს არ წაადგება ქართულ ფეხბურთს. ჩვენს გუნდს რაც შეეხება, ვიტყვი, რომ "დინამოსთან" თამაშმა დიდი ძალები წაგვართვა, რამაც საბოლოოდ დღევანდელ შედეგზეც იქონია გავლენა".

21.03. რუსთავი. ფოლადი. 1000 მაყურებელი
მეტალურგი-მერანი 2:0
გოლები: 1:0 მაისურაძე (38. ქავთარაძის პასით), 2:0 ტატანაშვილი (87)

მეტალურგი მერანი
4-2-3-1 4-3-3
ბედიაშვილი შეროზია
გავაშელიშვილი გეგეჭკორი
გ.კვარაცხელია გ.ჟვანია
მახვილაძე იობაშვილი
ს.თოდუა ჩალაძე
რაზმაძე დიდავა
ქავთარაძე მანწკავა
თექთურმანიძე ე.გრიგალაშვილი
ი.მაისურაძე ტორონჯაძე
ჯაფარიძე სუხიაშვილი
სიხარულიძე ტაპე
მწვრთნელი: მწვრთნელი:
კ.ჟორჟიკაშვილი მ.ჟვანია

მეტალურგი
70. ქავთარაძე - ტატანაშვილი
88. თექთურმანიძე - გ.სეთურიძე
90. ჯაფარიძე - გეწაძე
სათადარიგოები:ბათიაშვილი, ჭედია, ხოხონიშვილი, ექვთიმიშვილი

მერანი
46. მანწკავა - ვართაგავა
46. ტორონჯაძე - ამბროლაძე
69. ტაპე - ბოხუა
სათადარიგოები: შენგელია, კიკალიშვილი, წოწორია, ფონიავა
გაფრთხილება: დიდავა (22), ქავთარაძე (33), გ.კვარაცხელია (34), თექთურმანიძე (48), რაზმაძე (53), ი.მაისურაძე (62)
არბიტრი: ლ. სილაგავა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული