კოლხეთი-ტორპედო 1:0 - ფოთელებმა გარიგებაზე ეჭვები გააქარწყლეს

AutoSharing Option
ეს გუნდები ბოლოს ერთმანეთს ორიოდ კვირის წინ შეხვდნენ და მაშინდელმა ფრემ "კოლხეთი" პლეი-ოფში შეიყვანა. მართალია, ამით დავით მახარაძის შეგირდებმა ლიგაში დარჩენის ამოცანა ვადამდე შეასრულეს, მაგრამ მიმდინარე პირველობის სისტემის გამოისობით, "კოლხეთი", სხვა რიგი გუნდების მსგავსად, უმოტივაციოდ დარჩა.

როგორც გამოჩნდა, ფოთელები მთლად უმოტივაციოდ არ ყოფილან. ორი კვირის წინანდელი 0:0 კოლხებს სრულ გარანტიებსაც ვერ აძლევდა; პლუს ამას - მატჩსაც ჩაწყობილის არაფერი ეტყობოდა, მაგრამ ეჭვებით დახუნძლულმა (უმეტესად, ალბათ, საფუძვლიანმა) პირველობამ ერთიც დაიმატა - "კოლხეთი" პლეი-ოფში ქუთათურებს 6 ქულას დაუბრუნებსო.

მეტად სასიხარულოა, როცა "ვარაუდი" უსაფუძვლო
გამოდგა - "კოლხეთმა" მოგებით ორი რამ დაამტკიცა: 1) პლეი-ოფში შემთხვევით და დაუმსახურებლად არ მოხვედრილა; 2) წინა რიონისპირული დერბი სამართლიანად ჩატარდა!

უფრო მნიშვნელოვანი ეს უკანასკნელი ფაქტია და ცუდია ის, რომ მავან უსამართლოდ მოთამაშეთა გამო, "ფაზისზე" იმერლებს რომ ემარჯვათ, ეჭვის საბურველში ეს ორი გუნდიც გაეხვეოდა და როგორც გამოჩნდა, ამის საფუძველი რეალურად არ ყოფილა.

თავად მატჩი მეტად საინტერესო სანახავი და ისეთი ეპიზოდებით დახუნძლული გამოდგა, ჩვენი ჩემპიონატი ნამდვილად რომ ვერ დაიკვეხნის. ერთგვარად მოულოდნელი და სასიამოვნო იყო ის ფაქტი, რომ მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს. ფსიქოლოგიური ფაქტორისგან გათავისუფლებულებმა მიმდინარე ჩემპიონატში, ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო და სანახაობრივი ფეხბურთი აჩვენეს ჯერაც მოუწყობელ ტრიბუნებზე ფეხზე მდგარ ქომაგებს.

სიმართლე გითხრათ, ასე თამამად შეტევაზე ორიენტირებული "კოლხეთი" კარგა ხანია, არ გვინახავს - შეტევაში მცველებიც უშიშრად ერთვებოდნენ, თანაც ისე, რომ დაცვის ხაზი ერთხელაც არ მოუშიშვლებიათ.

ალბათ, "კოლხეთის" კარგი თამაშის ბრალი იყო ისიც, რომ სტუმრებმა სპორტული პრინციპით უმოტივაციოდ დარჩენილ მეტოქესთან ვერაფერი გააწყვეს.

მატჩის მე-2 და მე-6 წუთებზე წურწუმიას ფლანგიდან ჩაწოდებულს ჯერ ლომაშვილმა, შემდეგ კი ბოიომომ დაჰკრეს თავი სახიფათოდ, თუმცა ქუთათურთა კარს მცირედით ააცილეს. რამდენიმე წუთში კი "ტორპედო" აშკარა გოლს გადაურჩა - დაცვის შეცდომისა და თანაგუნდელის ჩინებული პასის შედეგად პავლე დათუნაიშვილი ერთი-ერთზე შეეყარა მიგინეიშვილს, თანაც ისე, რომ მეკარეს შანსი არ უნდა ჰქონოდა, მაგრამ კოლხმა "მოახერხა" და კარს ააცილა.

ამის შემდეგ სტუმრებმა ვითარების გამოსწორება სცადეს - ათწუთიან მონაკვეთში სამჯერ გაისროლეს საჯარიმოს გარედან არდალიონ მიქაბერიძის კარის მიმართულებით, მაგრამ თარხნიშვილს ორჯერ და კვახაძეს მიზანმა ცოტათი უმტყუნეს.

აქვე კოლხთა დებიუტანტ მეკარეზე გეტყვით - მასპინძლებს ძირითადი გოლკიპერი ლადო ნადირაშვილი ავად ჰყავთ. ამიტომაც მოუხდა "ვიტ ჯორჯიას" ყოფილ კიპერს "კოლხეთის" კარის დაცვა და მიუხედავად იმისა, რომ მეკარისთვის აშკარად ზედმეტ წონაშია, მთელი შეხვედრა უშეცდომოდ და მაღალ დონეზე ჩაატარა, რითაც გვარიანი წვლილიც შეიტანა თავისიანთა წარმატებაში.

34-ე წუთზე ფოთელთა ჩინებული კომბინაცია გოლით დასრულდა - შორეულ ძელთან ჩაკიდებული ბურთი პირითი ხაზიდან საჯარიმოში თავით პავლიაშვილმა შემოაბრუნა. იქ ბრძოლაში ტუღუშმა იმარჯვა და ერთი შეხებით დათუნაიშვილს საგოლედ უპასა - მოედანზე მყოფი ძმებიდან ერთმა მეორეს გუნდის კარი ამჯერად იოლად დალაშქრა.

ტაიმის ბოლოსწინა წუთზე ქუთათურები მეორე გოლს გადაურჩნენ - ტუღუშის დარტყმული ძელმა მოიგერია, გვალიამ დაამატა, მაგრამ ჩინებულად გაისარჯა მიგინეიშვილი.

თითქოს მეორე ტაიმში სტუმრებს ვითარება უნდა გამოესწორებინათ, გია გეგუჩაძე ამის გაკეთებას შეცვლებითაც ეცადა, მაგრამ გუშინ "კოლხეთი" შეუდარებელი იყო. თავად განსაჯეთ: ჯერ იყო და ქებაძის სახიფათოდ დარტყმული გააუვნებელყო ქუთათურთა მეკარემ, ბოლოსკენაც იგივე განმეორდა, ხოლო მატჩის მიწურულს მიგინეიშვილმა ჩინებული რეაქცია უკვე სიჭინავას დარტყმულზე გამოავლინა. ამ დროში კი "ტორპედომ" ის მოახერხა, რომ რიგვავას ჩაწოდებულზე გოცირიძემ ორჯერ დაარტყა თავით და ააცილა, თითოჯერ კი ფანცულაიასა და დოლიძეს მიქაბერიძემ არ გაატანინა.

საბოლოოდ 1:0 - "კოლხეთმა" დამსახურებულად გაიმარჯვა.

21.03.2012. ფოთი. ფაზისი. 500 მაყურებელი
კოლხეთი-ტორპედო 1:0
1:0 პ. დათუნაიშვილი (34. ტუღუშის პასით)

კოლხეთი ტორპედო
4-1-4-1 4-4-2
ა. მიქაბერიძე მიგინეიშვილი
ფოფხაძე რიგვავა
ბოიომო კვახაძე
ლომაშვილი გამეზარდაშვილი
გაბუნია ლემონჯავა
ქებაძე თარხნიშვილი
პ. დათუნაიშვილი გ. დათუნაიშვილი
გვალია დიღმელაშვილი
წურწუმია კუხიანიძე
პავლიაშვილი საბანაძე
ტუღუში გოცირიძე
მწვრთნელი მწვრთნელი
დ. მახარაძე გ. გეგუჩაძე

კოლხეთი
65. ტუღუში-სიჭინავა
71. გვალია-გოგონაია
84. პ. დათუნაიშვილი-ციცხვაია
სათადარიგოები: ხარშილაძე, გ. კილასონია, ცხვიტარია, წაბრია

ტორპედო
46. დიღმელაშვილი-დოლიძე
65. საბანაძე-ვ. ბოლქვაძე
70. კუხიანიძე-ფანცულაია
სათადარიგოები: ქვილითაია, გურული, იოსელიანი, ფირცხალავა

გაფრთხილება: ლომაშვილი (22), წურწუმია (78)
არბიტრი: თ. გვანცელაძე

მათე გურული
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული