ტურის მწვრთნელად "კოლხეთის" დამრიგებელი დავით მახარაძე დავასახელეთ. "ტორპედო" საკმაოდ კვალიფიციური ფეხბურთელებით დაკომლექტებული გუნდია და ასეთი მოწინააღმდეგის დამარცხება "კოლხეთისთვის" პატარა საქმედ ვერ ჩაითვლებოდა. მახარაძესთან საუბარიც აქედან დავიწყეთ.
- "ტორპედოსთან" შეხვედრაში ყველაზე უფრო რისი გეიმედებოდათ, ყველაზე უფრო რა კოზირის გამოყენებას ცდილობდით?
- აქცენტი ფსიქოლოგიაზე გავაკეთეთ. "ტორპედომდე" "ზესტაფონთან" 0:4
მითქმა-მოთქმაც კი წავიდა, ჩემპიონატის რვიანებად დაყოფის წინ "ტორპედოსთან" 0:0 რომ ვითამაშეთ, ახლა "კოლხეთმა" უნდა დაუბრუნოს ვალი ქუთაისელებს და აუცილებლად წააგებსო. ამ სისულელეების გაქარწყლებაც გვინდოდა და კიდევ ის, რომ "ზესტაფონთან" 0:4-ის შემდეგ რეაბილიტაცია მოგვეხდინა ჩვენი გულშემატკივრების წინაშე.
ბიჭებიც სათანადოდ განეწყვნენ "ტორპედოსთან" მატჩისთვის და "კოლხეთმა" ბოლო პერიოდში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ითამაშა.
ფეხბურთელების კმაყოფილი ვარ, მეტოქეს მართლაც ვაჯობეთ და მეტი გოლის გატანაც გვმართებდა.
- ალბათ იმანაც შეგიწყოთ ხელი, რომ "ტორპედოს" მანამდე ზედიზედ ორი ტური გაუცდა, უამინდობის გამო მატჩები გადაიდო...
- რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს გუნდის მზადებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. "ტორპედომ" არცთუ მცირე პერიოდში მხოლოდ ერთი ამხანაგური მატჩის თამაში მოახერხა, მაგრამ ამის გამო ჩვენი ფეხბურთელების გარჯა არ უნდა დაკნინდეს.
- "კოლხეთს" ევროსარბიელზე მოხვედრის შანსი, ფაქტობრივად, არ გააჩნია, უმაღლესი ლიგიდან გავარდნაც არ ემუქრება - რა მიზანი დარჩა თქვენს გუნდს?
- ბევრს კამათობენ ჩვენი ჩემპიონატის სისტემაზე. არცთუ ცოტა სკეპტიკურად არის განწყობილი ამ სისტემის მიმართ, მაგრამ ხომ გამოჩნდა, რომ ჩვენთვის უმნიშვნელო სულაც არ არის დარჩენილი შეხვედრები?! ევროსარბიელზე მოხვედრის შანსი არ გვაქვს, მაგრამ შეგვწევს ძალა, რომ ხუთეულში შევიდეთ. ყველას, მათ შორის "კოლხეთსაც", საკუთარი თავმოყვარეობა აქვს. დავამტკიცეთ, რომ დამსახურებულად მოვხვდით რვა საუკეთესო გუნდში და მორიგი მიზანიც გვაქვს.
იმასაც გეტყვით, რომ "ზესტაფონთან" 0:4 არ ასახავს იმას, რაც მოედანზე ხდებოდა. ჩვენც შეგვეძლო გოლების გატანა და უსუსურად ნამდვილად არ გვითამაშია.
- "ტორპედოსთან" კარში არდალიონ მიქაბერიძე ჩააყენეთ, რომელიც ჯერ ვერ არის საუკეთესო ფორმაში და ეს ალბათ გარკვეულწილად რისკიც იყო...
- ლადო ნადირაშვილს ფილტვების ანთების ნიშნები აღმოაჩნდა და მისი შეცვლა აუცილებელი გახდა. არჩევანი მიქაბერიძეზე შევაჩერეთ. მას დებიუტი ჰქონდა "კოლხეთში" და საქმეს თავი კარგად გაართვა. მიხარია, რომ არჩევანში არ შევცდი. მიქაბერიძე გამოცდილი მეკარეა და მისი სახით "კოლხეთმა" კარგი შენაძენი გააკეთა.
- სანამ რვა საუკეთესო გუნდში მოხვდებოდით, "კოლხეთისთვის" ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, თავდასხმის გაძლიერება იყო...
- შეტევა მართლაც გავაუმჯობესეთ. რვა გუნდში მოსახვედრად მნიშვნელოვანი საქმე შეასრულა ბექა ტუღუშმა, ილია პავლიაშვილმა და ლევან წურწუმიამაც კარგად წარმოაჩინეს თავი. მთავარი ამოცანა შესრულებული გვაქვს და ახლა ვცდილობთ, აქცენტი შემტევ, სანახაობრივ ფეხბურთზე გადავიტანოთ. თავდასხმაც გავაძლიერეთ და დასაკარგიც ხომ არაფერი გვაქვს.
- ხუთეულში მოხვედრა ცოტა თამამი განაცხადი ხომ არ არის?
- თუ მომდევნო ორ შეხვედრაში დადებით შედეგს მივაღწევთ, ეს სავსებით რეალური გახდება. კარგად გვესმის, რომ ამ მიზნის მისაღწევად საკმაოდ სერიოზულ კონკურენტებთან მოგვიწევს ბრძოლა.
- "კოლხეთი" უპრობლემო კლუბი ჯერ არ არის, მოსამზადებელი პირობები სახარბიელო, ალბათ, არ აქვს...
- სავარჯიშოდ სათადარიგო მოედანს ვიყენებთ. თუ წვიმამ არ შეგვიშალა ხელი, მთავარ მოედანზე ვვარჯიშობთ. ხშირად გვიწევს სავარჯიშოდ წასვლა "გურიას" ბაზაზე და ამისთვის ლანჩხუთელებს დიდ მადლობას ვუხდი. აუცილებელია, რომ ფოთში კარგი ხარისხის ხელოვნურსაფარიანი მოედანი გაკეთდეს. ამით ჩვენც ამოვისუნთქავთ და ფოთის საფეხბურთო სკოლაც.
ნავსადგური შეგვპირდა ხელოვნურ მოედანს და ვნახოთ...იმედია, ფეხბურთის ფედერაციაც გაითვალისწინებს ჩვენს პრობლემას.
დაბოლოს, მადლობას გიხდით ტურის მწვრთნელად დასახელებისთვის, ეს ძალიან სასიხარულოა. პირველ რიგში, ჩვენი ფეხბურთელების დამსახურებაა, ყველაფერი ასე რომ მოხდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"