თემურ შალამბერიძე: გორის "დილაში" გამოწვევის არ მეშინია

AutoSharing Option
მაშ ასე, სეზონის მსვლელობისას გორის "დილას" რიგით მესამე მთავარი მწვრთნელი გაწვრთნის. ამჯერად გუნდი ახალგაზრდა სპეციალისტს თემურ შალამბერიძეს ჩააბარეს.

ახალ მთავარ მწვრთნელს კლუბის ხელმძღვანელობასთან შეხვედრისა და მოთამაშეებთან წარდგენის შემდეგ დაველაპარაკეთ.

- უპირველესად, ამბიციური კლუბის ჩაბარებას გილოცავთ. დარწმუნებული ვარ, ეს თქვენთვისაც ისეთივე მოულოდნელი იქნებოდა, როგორც ჩვენთვის...
- მოულოდნელი იყო, რა თქმა უნდა... მაგრამ სასიამოვნოა, რომ გენდობიან. ამისთვის მადლობა გუნდის მეპატრონეებს. მე და გია ცეცაძე ყველანაირად შევეცდებით, რომ ნდობა გავამართლოთ და გუნდმა წარმატებას მიაღწიოს.

- თქვენი დანიშვნისას დაიბადა კითხვა, უმაღლეს ლიგაში არ უმუშავია,
ჯერ მოთამაშეებისთვის ავტორიტეტი არ არის და სარისკო ნაბიჯზე მიდისო...

- გეთანხმებით, უმაღლესი ლიგის გუნდი დღემდე არ გამიწვრთნია. ბევრი არც მიცნობს, როგორც მწვრთნელს და შესაძლოა, ეს ნაბიჯი სარისკოც იყოს. მე ყოველთვის პატივს ვცემდი და ვითვალისწინებდი გამოცდილი ხალხის აზრს, მაგრამ ახალგაზრდა მწვრთნელსაც უნდა მიეცეს საშუალება, თორემ თავის შესაძლებლობას ვერასოდეს გამოავლენს.

ასე იყო გიორგი დევდარიანის, გია გეგუჩაძის, გია ცეცაძის, მალხაზ ჟვანიასა თუ გელა სანაიას შემთხვევებში. ახალგაზრდებს გასაქანი თუ არ მიეცემათ, მაშინ ერთსა და იმავე წრეზე ვიტრიალებთ და წინ ვერ წავალთ.

მეც იმიტომ მოვედი უმაღლესი ლიგის ამბიციურ გუნდში, რომ ჩემს თანამოაზრე გია ცეცაძესთან ერთად, აქამდე დაგროვილი ცოდნა უფრო მაღალ დონეზე გამოვიყენოთ. ჩვენც გვინდა, რომ წარმატებას მივაღწიოთ.

აქვე მადლობას ვეტყვი თემურ მახარაძეს გუნდის კარგი მომზადებისთვის, აქამდე რომ მოიყვანა "დილა", თუმცა ამიერიდან ჩვენი შეხედულებით ვიმუშავებთ.

- რადგან ცეცაძე თქვენი თანამოაზრეა, წესით, "დილამ" სხვა ფეხბურთი უნდა აჩვენოს...
- უნდა მოვუმატოთ და მოკლე პერიოდში მოვახერხოთ დაცვითი ფეხბურთიდან შემტევზე გადართვა. ჩვენი შემადგენლობით ეს შესაძლებელია. ვნახოთ, რა გამოგვივა.

დღეს პირველად ვნახეთ ბიჭები და ჯერ გუნდს ჩვენი ხელმძღვანელობით არც უვარჯიშია. მხოლოდ ერთი ვთხოვე, რომ ვიყოთ ერთი ოჯახივით შეკრულები და გავიტანოთ ერთმანეთი. ჩემთვის ასეთ გამოცდილ ბიჭებთან მუშაობა დიდი პატივიც არის და ძნელიც, მაგრამ მოთამაშეები თუ ამყვებიან, ბედნიერი კაცი ვიქნები.

- თქვენგან თასის ფინალში გასვლასა და საუკეთესო რვა გუნდშიც მაღალ ადგილს ითხოვენ...
- ციდან ვარსკვლავებს ვერ მოვწყვეტთ, მაგრამ გულსა და სულს ჩავდებთ, რომ გუნდი იყოს საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული და ამას გარდა, აჩვენოს სანახაობრივი ფეხბურთი.

- ალალად თქვით, რა რეაქცია გქონდათ საფეხბურთო სკოლის მთავარ მწვრთნელს, როდესაც უმაღლესი ლიგის გუნდის გაწვრთნა შემოგთავაზეს?
- მართალი გითხრათ, სულ ველოდებოდი, რომ როდესმე დიდი ფეხბურთის კარი ჩემთვისაც გაიღებოდა. 10 წელი ვმუშაობდი "დინამოში". აქედან ხუთი წელი დუბლებში, ერთი წელი მთავარი მწვრთნელიც ვიყავი - სანამ რამაზ მუმლაძეს დანიშნავდნენ. ჩემი მიზანია, თავი გამოვცადო, რაც შეიძლება მაღალ დონეზე. აბა, ამის თუ შეგეშინდა, არაფერი გამოგივა.

- სხვათა შორის, იყო ლაპარაკი, შესაძლოა, "დილამ" უცხოეთიდან თავდამსხმელი დაიმატოსო...
- ვაწაძეზე უკეთესი თავდამსხმელი საქართველოში არ მეგულება. სხვა კარგი ფორვარდებიც გვყავს და ამ ეტაპზე ახლის დამატების საჭიროებას ვერ ვხედავ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული