დილა-მერანი 4:2 - შეტევა უკანმოუხედავად!

AutoSharing Option
02.04. თბილისი. "მიხეილ მესხი". 1500 მაყურებელი.
დილა-მერანი 4:2
1:0 ვაწაძე (35. კახელიშვილის პასით), 2:0 ბეჭვაია (48), 3:0 ვაწაძე (67. ახალკაცის პასით), 3:1 მანწკავა (76), 4:1 ვაწაძე (83. ლექვთაძის პასით), 4:2 ტორონჯაძე (90. მანწკავას პასით).

დილა 4-3-3 მერანი 4-3-3
სკენდერი შეროზია
ალადაშვილი გეგეჭკორი
სალუქვაძე იობაშვილი
ინწკირველი ჟვანია
მეგრელიშვილი სუხიაშვილი
ბეჭვაია დიდავა
კაშია ფონიავა
ხოჯავა ე. გრიგალაშვილი
გურული მანწკავა
ვაწაძე ტაპე
კახელიშვილი ამბროლაძე
მწვრთნელი: მწვრთნელი:
თ. შალამბერიძე მ. ჟვანია

დილა
60. გურული - ლექვთაძე
62. ხოჯავა - ახალკაცი
84. კაშია - კანდელაკი
სათადარიგოები: შეყრილაძე, ქარქუზაშვილი, ნ. ნოზაძე, ბარაბაძე.

მერანი
46. ფონიავა - ტორონჯაძე
52. ამბროლაძე - ბოხუა
65. ტაპე - ჩალაძე
სათადარიგოები: შენგელია, წოწორია, ვართაგავა, კიკალიშვილი

გაფრთხილება: ალადაშვილი (53), მანწკავა (72), კანდელაკი(90).
არბიტრი: გ. ვადაჭკორია.

მატჩი უხვგოლიანი გამოდგა, მეტოქეებმა ღია ფეხბურთი აჩვენეს და მაყურებელს არ მოუწყენია. შეხვედრის დასაწყისში მარტვილელებმა ისე აქტიურად დაიწყეს, ვერავინ წარმოიდგენდა, საბოლოოდ ასეთი ანგარიშით თუ წააგებდნენ.

"დილას" საკუთარი საჯარიმოდან ბურთის გამოტანა უჭირდა. მშვენიერი საგოლე მომენტი ჰქონდა ვალერი იობაშვილს, რომელმაც ახლო მანძილიდან სცადა კარის აღება. მცველი ეფექტური მოძრაობით ჩამოიცილა და მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ სუსტად დაარტყა და შანსი ხელიდან გაუშვა.

ამას გიგა ამბროლაძის მომენტი მოჰყვა, რომელმაც მოედნის ცენტრში ბურთი მათე ვაწაძეს აართვა, მაგრამ გორელთა მეკარე მარინ სკენდერს ვერ აჯობა.

ტაიმის შუაგულში თემურ შალამბერიძისა და გია ცეცაძის გაწვრთნილები გამოფხიზლდნენ, შეტევები გაამწვავეს და ნამდვილი, სანახაობრივი ფეხბურთი აჩვენეს - მშვენივრად გამოიყურებოდნენ საყრდენები, შოთა კაშია და გიგა ბეჭვაია. აღსანიშნავია მათი არა მხოლოდ მონდომება, არამედ აზრიანი თამაშიც. კაშია იყო ყველგან: იბრძოდა, შეტევებს იწყებდა და ამწვავებდა და თანაგუნდელებიც აიყოლია.

მათე ვაწაძემ კი "მერანის" კარს იმდენი უტრიალა, სანამ არ გაიტანა: 35-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან გიორგი კახელიშვილის მშვენიერი გადაცემის შემდეგ კარის წინ მარტო დარჩენილმა თავით ზუსტად დაარტყა.

შესვენების შემდეგ "დილას" უპირატესობა შთამბეჭდავი გახდა. გორელები მომენტს მომენტზე ქმნიდნენ. თამაში ახალი განახლებული იყო, როდესაც მცველის მიერ საკუთარ საჯარიმოში დაუდევრად მოგერიებული ბურთი ბეჭვაიამ კარში გააგზავნა.

კარგად ჩაერთო თამაშში რომან ახალკაცი, რომელმაც ბურთთან პირველივე შეხებით კახელიშვილი მეკარესთან პირისპირ დატოვა, მაგრამ "დილას" ფორვარდმა ჩინებული გადაცემა ვერ გამოიყენა.

სამაგიეროდ, ვაწაძემ ისარგებლა ახალკაცის გადაცემით: ამ უკანასკნელმა ბოლომდე იბრძოლა. მცველებს ბურთი გადასული რომ ეგონათ და გაჩერდნენ, ხაზზე გააჩერა და ვაწაძე მოძებნა, რომელმაც ახლო მანძილიდან ზუსტად გაისროლა - 3:0.

"მერანმა" შედეგიანი შეტევა მხოლოდ ამის შემდეგ განახორციელა: გიორგი მანწკავას დარტყმის შემდეგ ბურთი გორელ მცველს მოხვდა, მიმართულება შეიცვალა და "დილას" კარში აღმოჩნდა.

გორელებმა სხვაობა მალე აღადგინეს: ირაკლი ლექვთაძის გადაცემის შემდეგ ვაწაძემ ჰეთ-თრიქი შეასრულა.

საბოლოო წერტილი მარტვილელმა მამუკა ტორონჯაძემ დასვა, რომელმაც კუთხურიდან მანწკავას მოწოდებული ბურთი კარში ზუსტად გააგზავნა.

შეიძლება ითქვას, რომ "დილამ" შთამბეჭდავი ფეხბურთი აჩვენა და თუ სამომავლოდაც ასე გააგრძელა, საფეხბურთო რუკაზე საკმაოდ სიმპათიური გუნდი გაჩნდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული