ამჟამად გურულები მესამე ადგილზე იმყოფებიან 11 ქულით, საიდანაც 10 სტუმრად (!) აიღეს. დარჩენილი 8 შეხვედრიდან კლუბი ხუთს საკუთარ არენაზე გამართავს, რაც მის საუმაღლესლიგო შანსებს კიდევ უფრო ზრდის.
რაც ყველაზე საინტერესოა, "გურია" ისეთ შეუპოვარ გუნდად ყალიბდება, რომელსაც თითქმის წაგებული შეხვედრების შემობრუნება და განცდილი მარცხის იოლად დავიწყება ძალუძს. ამის მაგალითი ჩატარებულ 6 ტურში რამდენჯერმე გვიჩვენეს.
ამჟამად გიგლა იმნაძეს და "გურიას" მიზნად უმაღლეს ლიგაში დაბრუნება აქვთ დასახული.
- ბატონო გიგლა, რამდენად კმაყოფილი ხართ გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშითა და შედეგით?
- უკმაყოფილების საფუძველი არ მაქვს - შედეგითაც და ბიჭების გარჯითაც კმაყოფილი ვარ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სამუშაო არ გვაქვს. სრულყოფილებამდე ბევრი გვაკლია.
მართალია, 14-დღიანი შეკრების დროს ამინდმა ხელი შეგვიშალა და ხეირიანად არც გვივარჯიშია, მაგრამ ფეხბურთელების ერთად ყოფნამ გუნდი შეკრა. ჩვენს ბიჭებს ერთი სულისკვეთება აქვთ და მადლობელი ვარ მათი.
14 ახალი ფეხბურთელი გვყავს და მათი შეთამაშება იოლი არ არის, მაგრამ ჩვენ ის 2 კვირა სწორედ იმისთვის გამოვიყენეთ, რომ შეკრული, ბრძოლისუნარიანი გუნდი მიგვეღო.
- ასეთი შეუპოვარი "გურია" ნაკლებად გვახსოვს. გუნდი, ფაქტობრივად, არ ტყდება ურთულეს სიტუაციაშიც კი. საკმარისია, "სპარტაკთან" ნაჩვენები (0:2-დან 2:2) მაგალითი გავიხსენოთ, ან ბოლნისში შემობრუნებული მატჩი, თუნდაც წარმატება ბათუმში წინა ტურში "ჩიხურასთან" საშინაო მარცხის შემდეგ... რა არის ასეთი წარმატების საიდუმლო?
- მხოლოდ და მხოლოდ ბიჭების ერთსულოვნება და ფსიქოლოგიური მომზადება, რომ თამაში ყველასთან შეიძლება, მათ შორის იმ დროსაც კი, როცა ორი ბურთით აგებ.
"სპარტაკთან" შესვენებაზე გასახდელში ბიჭებისთვის ახალი არაფერი დამივალებია. მივხვდი, რომ ჩემი გუნდი არ დათმობდა და თამაშს გადავარჩენდით.
ასევე, არ გავტყდით ბოლნისში, როცა ვაგებდით. შემდეგ ვიგებდით და გაგვითანაბრეს, თუმცა შევძელით, მეტოქისთვის გამარჯვება გამოგვეტაცა.
- ეს წარმატება "გაგრასთან" საშინაო ფრეს მოაყოლეთ, შემდეგ კი "ჩიხურასთან" დამარცხდით. რა მოხდა?
- დიახ, მანამდე დასანანი ფრე ვითამაშეთ. "გაგრას" 2:0 ვუგებდით, მაგრამ მეტოქემ გაგვითანაბრა. აი, რაც შეეხება "ჩიხურასთან" მატჩს, სამწუხაროდ, მოხდა ის, რისიც ძალიან მეშინოდა - ზედიზედ სამ შეხვედრას დიდი ძალა შევალიეთ, შემჭიდროებულ გრაფიკში მოგვიხდა მეოთხე შეხვედრის ჩატარება. ჩავარდნილმა მოსამზადებელმა გრაფიკმაც თავისი ქნა. სამწუხაროდ, დასანანი მარცხი ვიწვნიეთ.
- თუმცა თქვენმა კლუბმა მორიგი სიურპრიზი ბათუმში შემოგვთავაზა, როცა "დინამო" უშანსოდ დატოვეთ...
- დიახ, ჩვენ მოვახერხეთ, იოლად დაგვევიწყებინა მარცხი და მთლიანად ბათუმში შეხვედრისთვის გადავერთეთ. ზედიზედ მეორე მარცხი ჩვენს გეგმებს მნიშვნელოვნად დააყენებდა საფრთხის ქვეშ.
ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მინიმალური შეცდომები დაგვეშვა. ფრეც დაგვაკმაყოფილებდა, თუმცა ჩვენ მოგებაზე ვითამაშეთ. გუნდმა ყველაფერი ჩადო და შედეგიც მივიღეთ - იოლი არაა, გასვლაზე თამაში 3:0 წაიყვანო. ამას ოზურგეთში უპრინციპულეს შეხვედრაში სამი ქულაც დავუმატეთ. მართალია, "მერცხალს" მოწინავე ოთხეულში მოხვედრის შანსები თითქმის დაკარგული აქვს, მაგრამ გურულ დერბიში იოლი სათამაშო არასდროსაა.
- ბატონო გიგლა, ბევრი ამბობს, რომ ასეთი გაუტეხელი გუნდი "გურიას" საწყის ჩემპიონატებშიც არ ჰყავდა. კლუბს მაშინაც თქვენ წვრთნიდით. ეთანხმებით?
- არა, ის "გურია" ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ეს არაერთხელ დავამტკიცეთ. იმ გუნდს შემოსატრიალებელი თამაშები არ ჰქონდა. თუმცა გეთანხმებით, რომ ახლა ბრძოლისუნარიანი გუნდი გვყავს, რომელიც ურთულეს სიტუაციაშიც კი ახერხებს ვითარების გამოსწორებას.
- ვინ მიგაჩნიათ უმაღლესი ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში ფავორიტებად?
- ვთვლი, რომ გარკვეული უპირატესობა აქვს უმაღლესლიგელ ოთხეულს.
- თუმცა "გურიას" ქულებიც საკმაოდ აქვს და დარჩენილი კალენდარიც გარკვეულ უპირატესობას გაძლევთ...
- ყველა შემთხვევაში, ჩვენი მიზანი მოწინავე ოთხეულში მოხვედრაა, თუმცა ეს ადვილი არ იქნება - იოლი მეტოქე პლეი აუტში არ არსებობს!
- დაბოლოს, რა სხვაობას ხედავთ საწყის ჩემპიონატებსა და ამ სეზონს შორის?
- მაშინ "გურია" ბრენდი იყო, ძლიერი შემადგენლობა გვყავდა. შემდეგ ქართულ ფეხბურთში გარკვეული ჩავარდნა იყო. ბოლო დროს შეინიშნება გარკვეული წინსვლა, თუნდაც ის, რომ ჩამოყალიბდა რამდენიმე კარგი გუნდი; სტადიონების მდგომარეობა და ზოგადად, გუნდებში პირობები უმჯობესდება, თუმცა ამ კუთხით ჯერაც ბევრია გასაკეთებელი. ადრე ყველა გუნდს უჭირდა უცხოეთში შეკრებაზე წასვლა. ახლა ამას თითქმის ყველა უმაღლესლიგელი ახერხებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"