სამტრედიაში უმაღლეს ლიგაზე ფიქრობენ: ჩვენ 400 ათასით სხვების მილიონს ვაჯობებთ!

AutoSharing Option
ცნობილი გახდა, რომ სამტრედიელებს ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონის განახლებაში კომპანია "ვისოლი" დაეხმარება. მოედნის საფარს მიხედავს, ამას გარდა, 1500 ინდივიდუალური სკამიც დამოტაჟდება.

საერთოდ, ფიფა და უეფა ერთ მეპატრონეს ორი გუნდის აყვანას უკრძალავს, მაგრამ ამ იმერულ ქალაქში გავრცელდა ხმები, რომ შესაძლოა, "ვისოლმა" სამტრედიულ გუნდსაც უპატრონოს.

"სამტრედიას" პრეზიდენტმა, სამტრედიის გამგებლის პირველმა მოადგილემ ავთანდილ თადუმაძემ "ლელოსთან" საუბარში ეს ხმები უარყო:

"ვისოლის" გეგმებში ნამდვილად არ შედის ჩვენი გუნდის აყვანა. ამის უფლება არც აქვს, რადგან ქუთაისის "ტორპედოს" აფინანსებს.

ლაპარაკია, მხოლოდ და მხოლოდ მოედნის საფრის განახლება-მოვლაზე, საკრეჭი
მანქანის შეძენაზე, სრწყავი სისტემის დამონტაჟებაზე, რაც ისედაც ძალიან დიდ დახმარება იქნება.

თავის მხრივ, იმერეთის გუბერნატორი ლაშა მაქაცარიაც გვერდში გვიდგას და, შესაძლოა, სტადიონზე სხვა სამუშაოებიც დაიწყოს.

სხვათა შორის, თავიდან ხელოვნური მოედნის დაგებაზეც ვფიქრობდით, მაგრამ უარი ვთქვით, ბუნებრივ საფარს ხალიჩა ვერ შეგვიცვლის".

ამჟამად "სამტრედიას" ადგილობრივი გამგეობა აფინანსებს. თადუმაძე ამბობს, რომ მომავალი სეზონიდან მიზნად უმაღლეს ლიგაში დაბრუნებას დაისახავენ:

"გუნდი ბიუჯეტიდან ფინანსდება, თანხა კი წლის დასაწყისში ირკვევა. წლეულს "სამტრედიას" 144 ათასი ლარი გამოვუყავით. მიმიმდინარე ჩემპიონატში მაქსიმალურად მაღალი შედეგის ჩვენება გვსურს.

სხვათა შორის, ზამთრის შესვენებაზე დიდი ცვლილებები მოხდა, შემიძლია გითხრათ, რომ გუნდი "გავწმინდეთ" და სიტუაცია გაჯანსაღდა. ამან შედეგი გამოიღო, პირველი ლიგის "ბ" ჯგუფის მატჩები კარგად დავიწყეთ, 6-დან 4 მატჩი მოვიგეთ, 2-იც ფრედ დავასრულეთ, როდესაც შემოდგომაზე ძალიან ცუდი შედეგები გვქონდა.


მაგრამ წლეულს უმაღლესში ვერ გადავალთ. გამომდინარე აქედან, სეზონის ბოლომდე ბიუჯეტის ეკონომია გადავწყვიტეთ. ახალი სეზონისთვის კი გუნდის გაძლიერებაზე ვფიქრობთ. ამიტომ, 80-85 ათასი ლარი მაინც უნდა დავზოგოთ, ერთი ამდენს გუბერნატორი შეგვპირდა და დიდი იმედია, რომ დაფინანსებას მომავალი წლიდანაც გაგვიზრდიან.

აგვისტოდან დეკემბრამდე კი უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად მებრძოლ გუნდს 150 ათასი ლარი ეყოფა. ძირითადი მოთამაშეების ბირთვი უკვე გვყავს, მაგრამ გუნდის გასაძლიერებლად ოთხი მოთამაშის დამატება მაინც გვინდა.

ჩვენი უბედურება ისაა, რომ სპორნსორი არ მოდის. არადა, 400 ათასი ლარით სამტრედიაში ისეთი გუნდის ჩამოყალიბება შეიძლება, სხვაგან მილიონით რომ ვერ გააკეთებენ. ამას ტრაბახით არ ვამბობ, უმაღლეს ლიგაში ასპარეზობისას მცირი ბიუჯეტით ბევრად მდიდარ კლუბებს ვუგებდით.

სამტრედია საფეხბურთო ქალაქია და გულშემატკივარი ჩვენთვის მართლაც მე-12 მოთამაშეა. ასე რომ, მომავალი სეზონიდან ჩვენი უპირველესი მიზანი უმაღლეს ლიგაში დაბრუნება იქნება".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული