გურია-სპარტაკი 2:1 - ლანჩხუთელებმა უმაღლესი, პრაქტიკულად, გაინაღდეს

AutoSharing Option
21.04.2012. ლანჩხუთი. ევგრაფი შევარდნაძე. 3000 მაყურებელი
გურია-სპარტაკი 2:1
1:0 თოდუა (30 პენ.), 1:1 შარაშენიძე (42), 2:1 ჩარგეიშვილი (71)

გურია სპარტაკი
4-4-1-1 4-4-2
ბუბუტეიშვილი ნადირაძე
ჩუენსუ ჭაფოძე
ბაქრაძე ტეტუნაშვილი
რ. ონიანი ლომაია
ჯანგიძე ორბელაძე
მოსიაშვილი შარაშენიძე
მაისაშვილი ჩივაძე
ჩარგეიშვილი ნ. მაისურაძე
ტ. კუკულაძე ჩაფიძე
კვერენჩხილაძე ლ. მელქაძე
გ. თოდუა გაბაშვილი
მწვრთნელი მწვრთნელი
გ. იმნაძე ვ. ხაჩიძე

გურია
79. თოდუა - ალავერდაშვილი
86. ჩარგეიშვილი - სამსეიშვილი
90. კვერენჩხილაძე - ლაღაძე
სათადარიგოები: გოგუაძე, რ. კუკულაძე, შეწირული, ზ. კვარაცხელია

ვიტ ჯორჯია
66. ორბელაძე - მერეჩკო
75. ჩივაძე - ზ. ლობჟანიძე
81. გაბაშვილი - თუხარელი
სათადარიგოები: ძაგანია, თ.
შონია, მაჭავარიანი, ბურძენაძე

გაფრთხილება: მოსიაშვილი (23), ჭაფოძე (29), ორბელაძე (52), მაისაშვილი (53)

არბიტრი: მ. ბეუქლიშვილი (ყვარელი)

სულ უფრო მეტი ქომაგი მოდის საკუთარი გუნდის საქომაგოდ "ევგრაფი შევარდნაძეზე" და "გურიაც" იმედებს ამართლებს.

არადა, პლეი აუტის დაწყებამდე ყველაზე ოპტიმისტი გურული ქომაგიც ვერ წარმოიდგენდა, რომ 8 ტურის შემდეგ მათი გუნდი პირველ ლიგაში თანაზონელ "ჩიხურასთან" ერთად ჩაუდგებოდა სატურნირო ცხრილს სათავეში.

ზედიზედ 4 მოგებული შეხვედრით, რაც სწორედ საჩხერელებთან საშინაო მარცხს მოჰყვა, ლანჩხუთელებმა, ფაქტობრივად, გაინაღდეს უმაღლესი ლიგის საგზური. ხოლო სტუმრებმა წაგებული მატჩების სერიის "გამოცხობით" უკიდურესად გაიუარესეს მდგომარეობა.

მატჩი მასპინძლების უპირატესობით კი დაიწყო, თუმცა "გურიას" საწყის ნახევარ საათში მთელი ძალებით აღარ შეუტევია, როგორც ამას წინა ტურებში აკეთებდა. გურულებს უამინდობის გამო, ფაქტობრივად, მზადების პროცესი ჩაუვარდათ და ბოლომდე გაძლება უჭირთ. ეს წინა მატჩებმაც დაადასტურა.

გიგლა იმნაძის ჩანაფიქრმა გაამართლა - "სპარტაკმა" უფრო მეტად ანერვიულა ლანჩხუთელები, ვიდრე თუნდაც წინა ტურში "ვიტ ჯორჯიამ" და ძალები რომ არ შემოენახათ, გურულებს ძალიან გაუჭირდებოდათ.

თუმცა "გურიამ" ხიფათები დასაწყისიდანვე შექმნა: ჯერ ტარიელ კუკულაძის ფლანგიდან ჩაწოდებულს გია თოდუამ თავი შეაგება და ცოტათი ააცილა, ხოლო მალევე უკვე ფორვარდი მოგვევლინა ასისტენტის როლში - თოდუამ მარჯვენა ფლანგზე კარგი გარღვევა განახორციელა, საჯარიმოშიც კარგად მოძებნა თავისიანი, მაგრამ თამაზ ჩარგეიშვილმა მისი გამოყენება ვერ მოახერხა.

ამის შემდეგ გურულთა მთავარმეგოლე კაპიტანმა, გიგა კვერენჩხილაძემ სცადა გატანა, მაგრამ პლეი აუტის ბომბარდირმა "სპარტაკის" მეკარეს ვერაფერი დააკლო.

30-ე წუთზე გოლიც გავიდა: სტუმართა მცველმა გია თოდუა საჯარიმოში აკრძალული ხერხით შეაჩერა და მალხაზ ბეუქლიშვილმაც სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო - პენალტთან ერთად ლევან ჭაფოძე ყვითელი ბარათით დასაჯა. 11-მეტრიანი თოდუამ ზუსტად შეასრულა - 1:0.

ამის შემდეგ "გურიამ" რატომღაც უპირატესობა დათმო. ამით კარგად იხეირეს სტუმრებმა - მათ ტაიმის მიწურულს 2 კარგი მომენტი შექმნეს, რომელთაგან ერთი გამოიყენეს კიდეც. ბოლო შეხვედრებში თითქმის უშეცდომოდ მოთამაშე გურულთა დაცვამ ხუთიოდ წუთში 2 შეცდომა დაუშვა - პირველად მასპინძლები გადარჩნენ, როცა ლაშა ჩაფიძემ "სპარტაკის" რიგებში გამორჩეულ ლევან მელქაძეს გაუთამაშა, თუმცა ჩაფიძემ ახლოდან ვერ გაიტანა.

მალევე სტუმრებმა გააყაიმეს: გიორგი ჩივაძის ფლანგური პასით კარგად გაიჭრა მელქაძე და საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩენილ მასავით აქტიურ თემურ შარაშენიძეს გატანა არ გასჭირვებია, 1:1.

სხვათა შორის, სტუმართა რიგებში 2 ისეთი ფეხბურთელი ირიცხებოდა, რომელთა კარიერაც, ფაქტობრივად, "გურიაში" დაიწყო - შარაშენიძე და სერგი ორბელაძე. ეს უკანასკნელი 10 წლის წინ ირიცხებოდა ლანჩხუთურ კლუბში და მაშინ "გურიის" უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაში თავისი წვლილი შეიტანა.

მეორე ნახევარი უკვე მასპინძელთა შეტევებით დაიწყო. "სპარტაკს" თანდათან სულ უფრო უჭირდა თავის დაცვა, თუმცა ის შანსს მწვავე კონტრშეტევაშიც ეძებდა. გურულები, ფაქტობრივად, მთელი ძალებით შეტევაზე გადაერთვნენ. საჯარიმოსთან ახლოს აუტების ჩასაწოდებლად შეტევაში ხშირად ერთვებოდა დაცვის ერთ-ერთი ლიდერი როინ ონიანი - "გურიის" ახალწვეული დავით ბაქრაძესა და ფლანგელ მცველებთან ერთად იოლად უმკლავდებოდა სტუმართა არცთუ იშვიათ კონტრშეტევებს, ხოლო მის მიერ ჩაწოდებული აუტების უმეტესობა სტუმართა საჯარიმოში დიდ ხიფათს ქმნიდა.

უკვე დასაწყისშივე შეეძლოთ მასპინძლებს დაწინაურება. დავით მაისაშვილს ორი შანსი მიეცა - პირველ შემთხვევაში გურულთა აქტიურმა ნახევარმცველმა ფლანგური ჩაწოდების შემდეგ კინაღამ მეკარეს დაასწრო, ხოლო შემდეგ ლაშა ჯანგიძის ჩაწოდებული კარისკენ თავით გაგზავნა, მაგრამ "სპარტაკი" ძელმა იხსნა.

71-ე წუთზე "გურიამ" გამარჯვების გოლი გაიტანა: მარჯვენა ფრთიდან, დაახლოებით 35 მეტრიდან, საჯარიმო თამაზ ჩარგეიშვილმა გადაგზავნა კარისკენ, გიორგი ნადირაძე წინ გამოვიდა, ბურთი კი მის უკან ჩაეშვა.

ამის შემდეგ ხიფათს ისევ მხოლოდ "გურია" ქმნიდა. ბოლო ათ წუთში თორნიკე მოსიაშვილის დარტყმული ხარიხის გავლით კარს ასცდა, ხოლო მატჩის ყველაზე გამორჩეულ მოთამაშე გიგა კვერენჩხილაძეს 2-ჯერ შეეძლო გატანა - პირველად დასარტყმელ პოზიციაზე მყოფმა ცოტათი არაზუსტად დაარტყა, ხოლო მეორედ მეკარესთან პირისპირ შეყრილმა ნადირაძეს ვერ აჯობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული