თავად განსაჯეთ - შეუპოვარი ბრძოლა მიმდინარეობს პლეი ოფშიც და პლეი აუტშიც, ჩემპიონობისთვისაც, ევროსაგზურებისთვისაც და უმაღლეს ლიგაში დასარჩენადაც.
შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ყველა მატჩი პატიოსან ბრძოლაში ტარდება, მაგრამ ჩვენს უმაღლეს ლიგას ამ მანკიერების გარდა, დიდი ინტრიგაც გამოარჩევს და იმედია, სეზონის დარჩენილ მონაკვეთში საუბარი დადებითზე უფრო მოგვიწევს, ვიდრე უარყოფითზე.
როგორც მოსალოდნელი იყო, გასული ტურიც საინტერესო მოვლენებით დახუნძლული აღმოჩნდა და რაც მთავარია, ინტრიგა ინტრიგად დარჩა.
ორ ყველაზე საინტერესო ამბავს ნათელი
ერთქულიანი დისტანცია
"ზესტაფონმა" ნავსი გატეხა და ჩემპიონატში ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს "კოლხეთი" იოლად სულაც არ დაუმარცხებია, მაგრამ სამი ქულა მაინც დამსახურებულად მოიპოვა.
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ შეხვედრაში "ზესტაფონს" ხანგრძლივი იძულებითი პაუზის შემდეგ გიორგი ხიდეშელი დაუბრუნდა.
საქართველოს მოქმედ ჩემპიონებს დაცვის ცენტრში გარკვეული პრობლემები აქვთ და შესაძლოა, ხიდეშელის გამოჯანმრთელებით უკანა ხაზში საქმეები უკეთ წაუვიდეთ.
"ზესტაფონის" მაისურით პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა ლუკა გუგუჩიამ. შეგახსენებთ, ფეროელებმა ზუგდიდის "ბაიას" ახალგაზრდა ნახევარმცველი ზამთარში შეიძინეს, მაგრამ გუგუჩიას ჯანმრთელობის პრობლემები აღმოაჩნდა და საკმაო ხანი გაუცდა.
"მეტალურგმა" ზუგდიდში გაიმარჯვა და სანამ "ზესტაფონი"-"კოლხეთი" დაიწყებოდა, რამდენიმე საათით გალიდერდა კიდეც. კობა ჟორჟიკაშვილის გუნდმა ლიდერთან ერთქულიანი ჩამორჩენა შეინარჩუნა და მის აღმოფხვრას უახლოეს ტურში შეეცდება - "მეტალურგი" "დილას" მასპინძლობს, "ზესტაფონს" კი ქუთაისში ელის გასვლა.
"ზესტაფონმა" "მეტალურგის" თასის ნახევარფინალში ძლევით მეტოქეზე ერთგვარი ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ ეს ფაქტორი ჩემპიონატში გადამწყვეტი მაინც ვერ იქნება - მარგველებს წაბორძიკების უფლება უკვე აღარ აქვთ.
სანამ ჩემპიონობის საკითხს ნათელი მოეფინება, "ზესტაფონისა" და "მეტალურგის" შანსებზე კიდევ ბევრჯერ ვისაუბრებთ. ამჯერად კი მხოლოდ მათი დარჩენილი მატჩების გრაფიკს გაგაცნობთ და თავად იმსჯელეთ, ვის რა გამოცდა ელის ჩემპიონატის ბოლო ექვს ტურში.
IX ტური, 28 აპრილი
ტორპედო-ზესტაფონი
მეტალურგი-დილა
X ტური, 2 მაისი
ზესტაფონი-დინამო
მერანი-მეტალურგი
XI ტური, 6 მაისი
მეტალურგი-ზესტაფონი
XII ტური, 12 მაისი
ზესტაფონი-ბაია
ტორპედო-მეტალურგი
XIII ტური, 16 მაისი
დილა-ზესტაფონი
მეტალურგი-დინამო
XIV ტური, 20 მაისი
ზესტაფონი-მერანი
კოლხეთი-მეტალურგი
სამეული მესამესთვის
სულ ცოტა ხნის წინ მესამე ადგილისთვის ბრძოლაში "დილაც" ჩაერია. გორელებს თავისუფლად შეუძლიათ, მხოლოდ სათასო წარმატების იმედად არ დარჩნენ და ბრინჯაოს მედლებისთვისაც იბრძოლონ. "დინამოსთვის" რომ მოეგოთ, შიდაქართლელები მას ახლავე გადაუსწრებდნენ.
ასე რომ, "ტორპედო" და "დინამო", რომლებიც მესამე პოზიციისთვის იბრძვიან, კიდევ უფრო დიდ წნეხში აღმოჩნდნენ - დღეს უკვე ძალიან დიდი ალბათობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ-ერთი მათგანი ევროტურნირებს მიღმა აღმოჩნდება.
არადა, როგორ ვთქვათ, რომ ან ერთი და ან მეორე დამაჯერებლად მიიწევს მიზნისკენ - ქუთაისელებიც და თბილისელებიც მეტისმეტად არასტაბილურად ასპარეზობენ და პერმანენტულად ვერ სარგებლობენ ერთმანეთის წაფორხილებით.
მარტვილის "მერანს" შინ დაბრუნება აშკარად მოუხდა - "ზესტაფონთან" 4:4-ის შემდეგ "ტორპედო" 3:0 გაანადგურა და მარტვილში ჩატარებული შთამბეჭდავი შეხვედრების რაოდენობა კიდევ უფრო გაზარდა. არ ვიცით, რამდენი ხანი დასჭირდება "ტორპედოს" ძლიერ გუნდად ჩამოყალიბების პროცესს, დღეისთვის კი ფაქტია, რომ ამ სეზონისთვის ეს ვერ ესწრება.
"დინამომ" ფრეთა სერია რვამდე გაზარდა, მაგრამ გორში "დილასთან" ვერმოგება, მით უფრო მაშინ, როცა თითქმის მთელი ტაიმი კაცნაკლული თამაშობ, კატასტროფა ნამდვილად არ არის. რამაზ მუმლაძემ "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სადებიუტო მატჩი ჩაატარა და ჯერ ძალიან ადრეა იმის თქმა, რომ გუნდს თავისი ხელი დაატყო, მაგრამ ისიც უდავოა, რომ რიგ ეპიზოდებში დედაქალაქელები ურიგოდ არ გამოიყურებოდნენ.
"დინამოს" მორიგი მატჩი მარტვილში აქვს გასამართი, სადაც ნავსის გატეხვა ძალიან გაუჭირდება, მაგრამ საამისოდ გარკვეული შანსი მაინც ექნება.
პირველლიგელთა საფუძვლიანი ამბიცია
პირველი ლიგის კლუბები კიდევ ერთხელ უნდა შევაქოთ. უმაღლესლიგელებთან საპლეიაუტო დაპირისპირებებში "მერცხალის" გარდა, ყველამ დაგვიმტკიცა, რომ მათი ელიტაში გადასვლის ამბიციები საფუძვლიანია.
"გურია" და "ჩიხურა" გათამაშებას დამაჯერებლად ლიდერობენ, "ბათუმი" კი, მართალია, დღეისთვის საუკეთესო ოთხეულს მიღმაა, მაგრამ იქამდე ერთადერთი ქულა აშორებს და, ბუნებრივია, საუმაღლესლიგო პერსპექტივა აჭარლებსაც აქვთ.
რაც შეეხება პლეი აუტის უმაღლესლიგელ მონაწილეებს, მათგან მხოლოდ "ვიტ ჯორჯიას" გამორჩევა შეიძლება, რომელსაც უძლიერესთა შორის დარჩენა არ უნდა გაუჭირდეს.
"სიონს" ამ მიზნის მისაღწევად დიდი ბრძოლა დასჭირდება, "სპარტაკისა" და "გაგრას" შანსები კი საკმაოდ შემცირდა და თუ ფეხბურთის ფედერაციამ დებულება კიდევ არ დაარღვია და უმაღლესი ლიგის მონაწილეთა რიცხვი არ გაზარდა, ეს ორი გუნდი იმის რეალური საშიშროების წინაშე დგას, რომ მომავალი სეზონი პირველ ლიგაში დაიწყოს.
სიმბოლური ნაკრები
სატურნირო მდგომარეობა VIII ტურის შემდეგ
პლეი ოფი. IX ტური
28 აპრილი, შაბათი
ბაია-კოლხეთი
მეტალურგი-დილა
მერანი-დინამო
ტორპედო-ზესტაფონი
პლეი აუტი. IX ტური
29 აპრილი, კვირა
ჩიხურა-მერცხალი
სიონი-ბათუმი
გაგრა-გურია
სპარტაკი-ვიტ ჯორჯია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"