ბაია 2
სიონი 2
15.09. ზუგდიდი. გ. თუთბერიძე. 1 500 მაყურებელი
0:1 გოცირიძე (11), 0:2 ისიანი (62), 1:2 მეგრელაძე (64-პენ), 1:2 მეგრელაძე (90)
ბაია სიონი
4-4-1-1 4-4-1-1
სომხიშვილი ბობღიაშვილი
რ. ონიანი კობაური
კვესეიშვილი თარგამაძე
ჭიჭვეიშვილი რაქვიაშვილი
კვეკვესკირი ორბელაძე
აკობია ვაშაკიძე
დოლიძე დიდავა
გოგობერიშვილი ნოზაძე
წურწუმია უგრეხელიძე
გუგუჩია რ. გოცირიძე
მეგრელაძე გ. თოდუა
ბაია
61. დოლიძე - სიხარულია
86. კვეკვესქირი - ხიდეშელი
88. გუგუჩია - კუკავა
სათადარიგოები: ზუხბაია, კანდელაკი, ხუბუა, ეხვაია
სიონი
60. გოცირიძე - ისიანი
76. თოდუა - ქორიძე
სათადარიგოები:
გაფრთხილება: ონიანი (25), კობაური (63), გუგუჩია (67), მეგრელაძე (74), დიდავა (75), კუკავა (83)
არბიტრი: გ. დოგრაშვილი
პირველი ტურის გამოტოვებულ შეხვედრაში "ბაიამ" "სიონს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში ქულა მატჩის მიწურულსღა დასტყუა. მთელი 90 წუთი დაძაბული იყო და სანახაობრივადაც თამაშს არა უშავდა, ვიტყვით მატჩის ბოლოს განვითარებულ მოვლენებზეც, ოღონდ ქვემოთ, ახლა კი თამაში...
სტუმრებმა დასაწყისშივე რამდენჯერმე შეამოწმეს სომხიშვილის სიფხიზლე, მაგალითად ორბელაძის დარტყმაც შეიძლება მოვიყვანოთ, როცა კუთხურის შემდეგ დარტყმულს "ბაიას" მეკარე ადგილზე დახვდა.
ასეთმა დასაწყისმა მასპინძლები ოდნავ დააბნია. შეტევის ორგანიზება ზუგდიდელთა მხრიდან პირველად წურწუმიამ ითავა, რომელმაც გუგუჩია მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ დასწრებაზე ბობღიაშვილმა აჯობა.
მე-11 წუთზე კი მასპინძლები რევაზ გოცირიძემ დაამწუხრა - მან საჯარიმო ჩაწოდების შემდეგ თავურით ზუსტად დაარტყა. ბურთი სველ მინდორზე გასრიალდა და სომხიშვილი უძლური აღმოჩნდა - 0:1.
ზუგდიდელი გამოფხიზლდნენ და ზედიზედ რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს. ონიანის, კვეკვესკირის, დოლიძისა და გოგობერიშვილის მცდელობები ბობღიაშვილმა აღკვეთა. ეს ყველაფერი 15-წუთიან ინტერვალში მოხდა. შემდეგ მეგრელაძემაც სცადა ბედი, მაგრამ მისი თავურიც ბოლნისელთა მეკარის ნადავლი გახდა.
მერე სტუმრებმაც გამოიდეს თავი და უგრეხელიძე სომხიშვილთან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ უზუსტოდ გაისარჯა. შემდეგ მეგრელაძეს ჰქონდა მომენტი. მისი დარტყმული იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, ბობღიაშვილმა ბურთი ვერ დაიმორჩილა, თუმცა მცველებმა სიტუაცია დროულად გაანეიტრალეს.
პირველი ტაიმის ბოლოს მასპინძლებს კიდევ ერთი მწვავე მომენტი ჰქონდათ - გუგუჩიამ ზუსტად გადააწოდა დოლიძეს, რომელიც მეკარესთან პირისპირაც აღმოჩნდა, მაგრამ ზუგდიდელმა ბურთის დამორჩილება ვერ შეძლო და ტაიმიც მორჩა.
მეორე ნახევარი მასპინძელთა სწრაფი იერიშებით განახლდა და "ბაიას" ფეხბურთელებმა ზედიზედ ოთხი საჯარიმო დარტყმის უფლება მოიპოვეს, თუმცა ყველა უშედეგო გამოდგა. სტუმრებმა კი თავიანთი შანსი მშვენივრად გამოიყენეს - შეცვლაზე შესული ისიანი კარგად გაიხსნა და სომხიშვილთან ერთი ერთზე გასულს კარის აღება არც გასჭირვებია. ამას "ბაიას" ფეხბურთელებისა და ქომაგების ერთდროული პროტესტი მოჰყვა - მათი აზრით გოლი თამაშგარე მდგომარეობიდან გავიდა, თუმცა არბიტრმა ხელი ცენტრისკენ გაიშვირა - 0:2.
"ბაიას" მალევე მიეცა თამაშის გადარჩენის შანსი - ბოლნისელებმა საჯარიმოში ონიანი წააქციეს და მთავარმა მსაჯმა 11-მეტრიანი დანიშნა. გიორგი დოგრაშვილის ამ გადაწყვეტილებამ ისედაც დაძაბული კიდევ უფრო დაძაბა, პროტესტი ამჯერად სტუმრებმა გამოხატეს, თუმცა არბიტრს გადაწყვეტილება არც ამ შემთხვევაში შეუცვლია - პენალტი, რომელიც მეგრელაძემ ზუსტად შეასრულა - 1:2.
ზუგდიდელებს საკმაო დრო ჰქონდათ თამაშის გადასარჩენად, ისევე, როგორც ბოლნისელებს - სხვაობის გასაზრდელად. ტემპმაც იმატა. "ბაიას" მწვრთნელმა შეტევის ხაზი სიხარულიათი გააძლიერეს. სტუმართა დაცვაც მყარად იდგა მანამ, სანამ მატჩის ბოლო წუთი არ დადგა - "ბაიას" მხსნელად კვლავ მეგრელაძე მოევლინა. ფორვარდი თანაგუნდელის გადაცემას საჭირო ადგილზე დახვდა და ბობღიაშვილს თავურით აუღებელი დაურტყა - 2:2.
...და ბოლოს ის, რაც ზემოთ ვახსენეთ. მატჩის დასრულებისთანავე სტუმარმა ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა არბიტრზე გაიწიეს, თუმცა სიტუაცია მალევე ჩაწყნარდა. "სიონის" მწვრთნელმა გიორგი ყიფიანმა მთავარ მსაჯ დოგრაშვილს მიკერძოებაში დასდო ბრალი. ვნახოთ, რა ითქვა ნამატჩევს...
მატჩის შემდეგ
გიორგი ყიფიანი (სიონი): "ეს არ ეხება კონკრეტულად ერთ თამაშს, არბიტრის ასეთი საქციელი, პირდაპირ ვიტყვი, ღუპავს ქართულ ფეხბურთს. ვისაც ფეხბურთის რამე გაეგება, ადვილად მიხვდებოდა, რომ მთელი 90 წუთის განმავლობაში მსაჯი არაობიექტურად იქცეოდა. ბუნებრივია, "ბაიას" დღევანდელ გარჯას ვერ დავუკარგავ და ვიტყვი, რომ შესანიშნავია გუნდია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ დღეს ამ გუნდს აშკარად ვაჯობეთ. პირველ ტაიმში არბიტრმა აშკარა პენალტი არ დაგვიდო, მასპინძელთა სასარგებლოდ დანიშნული 11-მეტრიანი კი მოგონილი იყო. ყველაფერი მოჰყვა თამაშგარე მდგომარეობას, რომელიც მსაჯმა არ დააფიქსირა და შედეგად მეორე გოლი მივიღეთ".
ელგუჯა ქომეთიანი (ბაია): "პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ "სიონი" კარგი და ორგანიზებული გუნდია. სიმართლე რომ ვთქვა, მეტოქის მხრიდან ასეთი წინააღმდეგობით გაკვირვებული დავრჩით. ჩვენი ბიჭები კი, ეტყობა, "ზესტაფონთან" მოგების შემდეგ ეიფორიიდან ვერ გამოვიდნენ და კინაღამ დავისაჯეთ კიდეც... რაც შეეხება მსაჯობას, შენიშვნა ჩვენც გვქონდა - ვეჭვობთ, ბოლნისელებმა მეორე გოლი თამაშგარე მდგომარეობიდან გაგვიტანეს... ვფიქრობ, საერთო ჯამში წაგებას არ ვიმსახურებდით. აქედან გამომდინარე, ფრე ლოგიკური შედეგია".
ლაშა გოგილავა
ზუგდიდიდან
ლელო