მერაბ კოჭლაშვილი: ფაქტია, ფეხბურთის ფედერაციის ექსპერიმენტმა ვერ გაამართლა

AutoSharing Option
"ვიტ ჯორჯიამ" მიმდინარე სეზონში არსებობის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე უარესი შედეგი აჩვენა - ახლო წარსულში ჩემპიონობისა თუ საპრიზო ადგილებისთვის მებრძოლი გუნდი უმაღლესი ლიგის რვა საუკეთესოს მიღმა დარჩა.

პლეი აუტში "ვიტ ჯორჯია" უკვე მერაბ კოჭლაშვილის ხელმძღვანელობით თამაშობს და საკმაოდ ნორმალურ შედეგსაც აჩვენებს - რვაგუნდიან გათამაშებაში დღეისთვის მესამე ადგილზეა და უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნების კარგი შანსი აქვს.

მერაბ კოჭლაშვილს განვლილი მატჩების, გუნდის სამომავლო პერსპექტივებისა და სხვა საჭირბოროტო საკითხების შესახებ ვესაუბრეთ.

- რამდენად მოახერხეთ ამ მოკლე პერიოდში გუნდის ისე ათამაშება, როგორც თავად გსურდათ?
-
მწვრთნელმა არასდროს უნდა თქვას, რომ საკუთარი გუნდის თამაშით კმაყოფილია და დიდი კმაყოფილების საფუძველი არც მე მაქვს, მაგრამ მაინც ვხედავ, რომ ეტაპობრივად წინ მივიწევთ და "ვიტ ჯორჯიაში" ჩანს ის პოტენციალი, რისი საშუალებითაც მომავალ სეზონში უფრო მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ.

"ვიტ ჯორჯიას" აუტსაიდერთა შორის ყოფნა არ ეკადრება და ყველანაირად ვეცდებით, შემდეგ სეზონში ბევრად უფრო ანგარიშგასაწევი ძალა ვიყოთ.

- მომავალი სეზონის მიზნები უკვე ჩამოყალიბებული გაქვთ?
- ფაქტია, რომ უმაღლესი ლიგიდან გავარდნის საფრთხე აღარ უნდა დაგვემუქროს. შევეცდებით, მაქსიმალურად მაღალი ადგილისთვის ვიბრძოლოთ.

- ევროთასებზე გასვლის ამბიცია თუ გექნებათ?
- ვფიქრობ, "ვიტ ჯორჯიას" საამისო პოტენციალიც აქვს.

- განვლილ მატჩებს როგორ შეაფასებთ?
- ბოლო სამ შეხვედრაში ექვსი ქულა მოვიპოვეთ, რითაც სატურნირო მდგომარეობა საგრძნობლად გავიუმჯობესეთ. სხვათა შორის, პლეი აუტი სულაც არ არის სუსტი ტურნირი და წარმატება ნებისმიერ მეტოქესთან, მათ შორის, ოზურგეთის "მერცხალთანაც" რთულია. პირველლიგელი მეტოქეებიდან კი საჩხერის "ჩიხურას" გამოვარჩევდი, რომელიც თამაშის ხარისხითაც და ინფრასტრუქტურითაც აბსოლუტურად აკმაყოფილებს უმაღლესი ლიგის მოთხოვნებს.

ქულათა საკმაო მარაგი გვაქვს, მაგრამ გარანტირებული ჯერ არაფერია. საკმაოდ დიდი ბრძოლები გველის, თუნდაც უახლოეს ტურში, როცა რთულ მდგომარეობაში მყოფ "სპარტაკს" უნდა ვესტუმროთ.

- "ვიტ ჯორჯიას" თამაშის ხარისხის გაუმჯობესება, უპირველესად, რას უნდა მივაწეროთ?
- თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარი შეცდომები კარგად გააანალიზა და განცდილი წარუმატებლობებისგან სწორი დასკვნები გამოიტანა. უპირველესად, ეს ფეხბურთელებზე ითქმის, რომლებიც ბოლო დროს უფრო მონდომებულები არიან.

უკმაყოფილების საბაბი ნამდვილად არავის მიმართ მაქვს, გამორჩეული მოთამაშეების დაკონკრეტებას კი მოვერიდები. გულშემატკივარი და მედია ისედაც ყველაფერს ხედავს.

- სულაც არ არის გამორიცხული, პლეი აუტის შედეგებს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდეს და უმაღლესი ლიგის გუნდების რაოდენობა გაზარდონ. როგორია თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით?
- ფაქტია, რომ ფეხბურთის ფედერაციის ამ ექსპერიმენტმა ვერ გაამართლა. ამჟამინდელ სისტემას ნამდვილად ვერ მოვიწონებ.

ვფიქრობ, იდეალური იქნება, თუ უმაღლეს ლიგაში 16 გუნდი ორ წრედ, 30 ტურად ითამაშებს. ამით კალენდარიც უფრო მოწესრიგდება, კვირაში მხოლოდ ერთი ტური გაიმართება და მწვრთნელებს საშუალება მიეცემათ, გუნდები ნაკლებად ნერვულ გარემოში მოამზადონ.

თუმცა მედალს მეორე მხარეც აქვს - უმაღლესი ლიგის მონაწილეთა გაზრდა გაუმართლებელი იქნება, თუ სასწრაფოდ არ მიეხედა მოედნების საკითხს. ლანჩხუთში, ბათუმსა და ოზურგეთში, რბილად რომ ვთქვათ, დაბალი ხარისხის მინდვრებია. იქ ფეხბურთის თამაში არ შეიძლება.

მთელი საქართველოს მასშტაბით მოედნების მოწესრიგების პროცესი დაწყებულია და, იმედია, მალე ეს საქმე კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს შეიძენს.

- "ვიტ ჯორჯიას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დაახლოებით ერთი წლის წინ დატოვეთ. რას საქმიანობდით ამ პერიოდის განმავლობაში?
- ვწვრთნიდი "ვიტ ჯორჯიას" ჭაბუკთა გუნდს, 1994-95 წლებში დაბადებულებს. რა თქმა უნდა, უმაღლეს დონეზე მუშაობა სულ სხვაა, მაგრამ ფეხბურთით ვცხოვრობდი და "ვიტ ჯორჯიას" შემადგენელი ნაწილი ვიყავი.

- როგორ ფიქრობთ, რა მსგავსება და განსხვავებაა ამჟამინდელ და ერთი წლისწინანდელ "ვიტ ჯორჯიას" შორის?
- წინა სეზონი ორად უნდა გავყოთ - ზამთრის შესვენებისას გუნდი დატოვეს ლიდერებმა, ჯაბა ლიპარტიამ, ირაკლი კლიმიაშვილმა, დავით ლომაიამ. მოგვიანებით ცნობილი მიზეზების გამო გიგა ბეჭვაიაც დაგვაკლდა და მათ შემცვლელებს უმაღლეს ლიგასთან ადაპტაციისთვის გარკვეული დრო დასჭირდათ.

მას შემდეგ ერთი წელი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში ამ ბიჭებმა საკმაო გამოცდილება დააგროვეს. მათ საკუთარი სიტყვა შემდეგ სეზონში აუცილებლად უნდა თქვან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
შვეიცარიაში ეგ სისტემა იყო 87-03 წლებში. 16 წელი რით ვერ ხვდებოდნენ მაგ სისტემის უვარგისობას.
waska
16:29 26-04-2012
0

სიახლეები პოპულარული