გიგა კვერენჩხილაძე: ლანჩხუთის "გურია" ჩემთვის კლუბზე მეტია

AutoSharing Option
ფოტოზე: გიგა კვერენჩხილაძე (მარცხნივ) ოზურგეთში გატანილ გოლს ზეიმობს

ჯერ კიდევ პლეი აუტის დაწყებამდე ნაკლებად წარმოგვედგინა, თუ პირველლიგელები გაცილებით იოლად გადაწყვეტდნენ ელიტლიგაში მოხვედრის საკითხს, ვიდრე უმაღლესლიგელები პოზიციის შენარჩუნებას.

ლანჩხუთის "გურიამ" "ჩიხურასთან" ერთად, ფაქტობრივად, უკვე დაიბევა გაისად უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება. არადა, წელს თითქმის ახალი გუნდი შეკრიბეს ლანჩხუთელებმა - ძირითად შემადგენლობაში პირველი ეტაპზე ნათამაშები მხოლოდ 2 ადგილობრივი ფეხბურთელიღა დარჩა.

გურულთა წარმატებაში უდიდესი წვლილი კლუბის კაპიტანსა და მთავარ მეგოლეს, პლეი აუტის საუკეთესო ბომბარდირს გიგა კვერენჩხილაძეს მიუძღვის. იგი გუნდის ნამდვილი ლიდერია და ერთ-ერთ საუკეთესო
სეზონს ატარებს კარიერაში. შესაბამისად, სულაც არ არის გასაკვირი, რომ მისით რამდენიმე წამყვანი ქართული კლუბია დაინტერესებული, თუმცა თავად ჯერ მხოლოდ "გურიის" წარმატებაზე ფიქრობს.

"გურიის" კაპიტანს ინტერვიუ ჩამოვართვით.

- გიგა, უპირველესად, გაეცანი ჩვენს მკითხველებს...
- ლანჩხუთში დავიბადე. ფეხბურთის თამაში დიმა იმნაიშვილთან დავიწყე. ვთამაშობდი თბილისის "სპარტაკში", "გურიაში", "მეშაქრეში", ფოთის "კოლხეთში", "სამტრედიაში", ისევ ფოთში და მეორე წელია, მშობლიურ ლანჩხუთში დავბრუნდი.

- ყველასათვის მოულოდნელად "გურიამ", რომლის ძირითად შემადგენლობაში 9 ახალწვეული ირიცხება და საწვრთნელი ციკლი ჩაუვარდა, პლეი აუტი თავიდანვე წარმატებულად დაიწყო და დღემდე ასე გრძელდება. როგორ ახერხებთ ამას?
- უპირველესად, მონდომების ხარჯზე. ამასთან, კარგი ფეხბურთელების შეკრება მოვახერხეთ, ერთ გუნდად ვართ შეკრულნი, რამაც გაგვიიოლა წარმატებისთვის ბრძოლა. თამაშიც წაგვივიდა და მიხარია, რომ ფეხბურთს მონატრებული ლანჩხუთელი ქომაგი ისევ სტადიონზე დავაბრუნეთ - ჩვენს საშინაო მატჩებს ხომ 2-3 ათასი მაყურებელი ესწრება. თან ლანჩხუთი პატარა ქალაქია. ასეულობით გულშემატკივარი შორეულ გასვლებზეც კი დაგვყვება.

- რომელი თამაში იყო ყველაზე რთული და საუკეთესო?
- რთული იყო "ჩიხურასთან", რომელიც წავაგეთ. საუკეთესო თამაშად ბოლნისში მოგებას მივიჩნევ, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ფსიქოლოგიური კუთხითაც - გასვლაზე დავამარცხეთ უმაღლესლიგელი, რამაც ჩვენს ძალებში რწმენა გაგვიძლიერა.

- როგორ ფიქრობ, ვის აქვს შანსი, ოთხეულისთვის იბრძოლოს?
- ჩვენ, "ჩიხურა", "ვიტ ჯორჯია" და "სიონი", ვფიქრობ, სხვებზე უკეთეს შანსს ვფლობთ. დანარჩენებიდან, ალბათ, ბათუმის "დინამოს" შეუძლია იბრძოლოს.

- ბევრი ფიქრობს, რომ კარიერაში გამორჩეულ სეზონს ატარებ...
- ალბათ, ერთ-ერთ საუკეთესოს, თუმცა ვისურვებდი, "გურიასთან" ერთად უფრო კარგი და წარმატებული წლები მქონოდეს.

- გამოკვეთილ თავდამსხმელად თამაშიც წარმატებით გამოგდის და თავდამსხმელის უკანაც. შენთვის რომელი პოზიციაა უფრო მისაღები?
- თავდამსხმელის უკან, თუმცა გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე, არათუ გამოკვეთილ თავდამსხმელად, ფლანგის ნახევარმცველადაც მითამაშია.

- ერთხელ უკვე იყავი პირველი ლიგის ბომბარდირი, უკვე 7 გოლის გატანა მოახერხე. ალბათ, პლეი აუტის ბომბარდირობისთვის იბრძოლებ...
- ვიბრძოლებ, თუმცა მთავარია, ჩემმა გუნდმა მოიგოს. ბომბარდირობა მეორეხარისხოვანია. რა თქმა უნდა, ვეცდები, რაც შეიძლება მეტი გოლი გავიტანო.

- გიგა, გეცოდინება, რომ რამდენიმე წამყვანი ქართული კლუბის დაინტერესება გამოიწვიე და მათი წარმომადგენლები შენს თამაშებს აკვირდებიან. რას ფიქრობ, "გურიაში" დარჩები თუ კლუბს შეიცვლი?
- ახლა ამის შესახებ ვერაფერს გიპასუხებთ. მით უფრო, რომ მეც მხოლოდ თქვენსავით მაქვს ინფორმაცია და კონკრეტული წინადადება არ მიმიღია. სეზონის დასრულებას დაველოდოთ. ჯერ მხოლოდ "გურიაზე" ვფიქრობ. ისე, ერთის თქმა ახლავე შემიძლია - თუ კარგი პირობები იქნება, მირჩევნია აქ დავრჩე. "გურია" ჩემთვის კლუბზე მეტია!

- უცხოეთში წასვლაზე არასდროს გიფიქრია?
- მიფიქრია, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ამ მხრივ სერიოზული ვარიანტი არც მქონია და მხოლოდ ხელფასის გამო თამაში არ მინდა - ფეხბურთით უპირველესად უდიდეს სიამოვნებას ვიღებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გიგა მეამაყება როცა აცხადებ გურია ჩემთვის გუნდზე მეტიაო და საერთოდ დროა გურიამ ეროვნულ ჩემპიონატში თავისი კუთვნილი ადგილი დაიკავოს
shota
01:09 29-04-2012
0
გიგას გმერთმა წარმატება მისცეს ნიჭიერ კაცს და მართლა ბარეორ ქართულ ” ბრენდ” გუნდებში მაგარ თავდამსხმელებლათ რომ მიაჩნიათ თავი და ხალხს დაავიწყდა გოლი როდის გაიტანა იმთზე მაგარი შემსრულებელია მაგაში ეჭვი არავის არ შეეპაროს მაგრამ გურიაში წინა სეზონზე იაგო დეისაძე თამაშობდა პოკერ იაგოც შეეარქვეს რაღაც წიკების გამო გაუშვეს გუნდიდან სხვა ნიჭიერ ბიჭებთან ერთად კაცი რომელიც გოლი როცა უნდოდა მაშინ გაქონდა. და იქნებ მისი ბედითაც დაინტერესდეს მავანი მგონი თითზე ჩამოსათვლელად გვკავს თავდასხმაში მოთამაშე ნიჭიერები. ------- გულშემატკივარი ვარ ახლობელი არ გეგონოთ
GURIA
10:57 27-04-2012
0

სიახლეები პოპულარული