სამტრედია 0
15.09. ფოთი. ფაზისი. 1 500 მაყურებელი
1:0 ცხვიტარია (70. გველესიანის პასით)
კოლხეთი სამტრედია
4-4-1-1 4-4-2
გ. შენგელია ძაგანია
ჭითანავა გოგია
მახვილაძე თ.შალიკაშვილი
ინწკირველი ბაკურაძე
გველესიანი კუპრეიშვილი
თედიაშვილი ქებაძე
სიჭინავა ტყემალაძე
სილაგავა ჩომახიძე
გვალია პავლიაშვილი
რ. ჯიქია კვერენჩხილაძე
ციცხვაია კაკალაძე
კოლხეთი
67. თედიაშვილი - ცხვიტარია
75. სიჭინავა - გულუა
85. ციცხვაია - წიქარიშვილი
სათადარიგოები: სტურუა, გოგონაია, ბუკია, ექონია
სამტრედია
61. პავლიაშვილი - კირკიტაძე
65. კვერენჩხილაძე - ბაკარნაძე
82. ტყემალაძე - ფურთუხია
სათადარიგოები: ჯინჭარაძე, ჩხიკვაძე, შალიკაშვილი, დვალიშვილი
გაფრთხილება: გველესიანი (3), ტყემალაძე
გაძევება: ბაკარნაძე (85)
არბიტრი: ხ. გაგნიძე
გუშინ, 9-წლიანი შესვენების შემდეგ "ფაზისზე" ელიტლიგაში ტრადიციული მეტოქეები პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. სამტრედიელებს ფოთში ქომაგთა მრავალრიცხოვანი არმიაც ჩამოჰყვა, რომელიც მთელი შეხვედრის მანძილზე აქტიურად ქომაგობდა საკუთარ გუნდს.
მოლოდინისამებრ, შეხვედრა მძიმე გამოდგა. ეს გასაგებიც გახლდათ, ორივე გუნდისთვის სამ ქულას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ვერ ვიტყვით, რომ ქომაგებმა მაღალი დონის ფეხბურთი იხილეს, თუნდაც ჩვენი პირველობის კვალობაზე, თუმცა ორივე გუნდი მაქსიმალურად დაიხარჯა და მთელი შეხვედრის მანძილზე ინტრიგა არ დაკარგულა.
მატჩი სტუმრების მცირეოდენი უპირატესობით დაიწყო. აშკარად გამოჩნდა, რომ კოლხებს წინა შეხვედრების უთუოდ გამორჩეული ჯოჯუა (გაფრთხილებების გამო გამოტოვა შეხვედრა) აკლდათ. თითქოს ამას მასპინძელთა თამაშისთვის დაღი უნდა დაესვა, მაგრამ ბესიკ სეროზიას შეგირდებმა ვითარების გამოსწორებაც მალევე მოახერხეს და უპირატესობასაც დაეუფლნენ.
საწყის 20 წუთში მხოლოდ სამიოდ ეპიზოდი მოვინიშნეთ: ჯერ გიგა კვერენჩხილაძის აქტიურობას შეიძლებოდა "კოლხეთისთვის" პრობლემა შეექმნა, შემდეგ ციცხვაიამ დროულ დარტყმას მცველის მოტყუება ამჯობინა და ხიფათი ჩაეშალა, ბოლოს კი სიჭინავამ ჯარიმიდან კარს ოდნავ ააცილა.
23-ე წუთზე უკვე სილაგავამ დაუგორა სიჭინავას ჯარიმიდან, კოლხმა ერთი შეხებით გაისწორა ბურთი და ჩინებულადაც გაისროლა, თუმცა ხარიხას ცოტათი გადააცილა. რამდენიმე წუთში ციცხვაიას თავით გატანა შეეძლო, მაგრამ სიზუსტე დააკლდა. აქვე საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ბესიკ შეროზიამ ზემოთ ნახსენები ჯოჯუას ადგილი სწორედ ციცხვაიათი შეავსო, რომელიც თავდასხმის წინა ხაზზე გაამწესა, ხოლო რეზო ჯიქია ოდნავ უკან გადასწია.
ამის შემდეგაც ტაიმის ბოლომდე ხიფათს მხოლოდ მასპინძლები ქმნიდნენ - იგივე ციცხვაიამ წინაზე უკეთესი მომენტი ვერ შეირგო, როცა თითქმის დაუცველ კარში თავით ისევ არაზუსტად დაარტყა, ხოლო ტაიმის მიწურულს ჯიქიამ შორიდან და სახიფათოდ კი დაარტყა, მაგრამ სტუმართა მეკარე მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა.
მეორე ნახევარში პირველი ხიფათი სამტრედიელებმა შექმნეს, როცა გიგა კვერენჩხილაძემ ვარდნაში ჩინებულად დაარტყა, მაგრამ ბურთი კარს ცოტათი ასცდა. სულ მალე კოლხ სიჭინავას მიეცა შანსი, თუმცა მცველთა ბრძოლაში მას ფეხები გამოეშალა და დაეცა, იქვე ახლოს მდგარმა არბიტრმა მცველის ქმედებაში დარღვევა ვერ დაინახა.
თანდათან სტუმრებმა, რომლებიც მანამდე შეტევაზე უარს არ ამბობდნენ, დაცვის გაძლიერება სცადეს. ერთობ წარუმატებელი გამოდგა მთელი შეხვედრის მანძილზე აქტიური პავლიაშვილისა და კვერენჩხილაძის გამოცვლა. მასპინძლები, რადგან დაცვაში დიდი პრობლემები აღარ ექმნებოდათ, უფრო აქტიურად გადავიდნენ შეტევაში.
სტუმართა მწვრთნელის არჩევანისგან განსხვავებით აშკარად გაამართლა კოლხთა დამრიგებლის შეცვლამ: პაატა ცხვიტარიამ მოედანზე შესვლიდან სამიოდ წუთში თავით დალაშქრა სამტრედიელთა კარი - მან წინწაწეული გველესიანის პასი შეირგო, ვისაც მანამდე ჯიქიამ კუთხურიდან გაუთამაშა.
ამის შემდეგაც ფოთელები დომინირებდნენ და უფრო მეტი ხიფათიც შექმნეს, ვიდრე მანამდე. ყველას არ ჩამოვთვლით, რამდენიმეს გამოვარჩევთ: ჯიქიას შორიდან და ძლიერად დარტყმული ხარიხამ მოიგერია; შეხვედრის მანძილზე გამორჩეულმა და აქტიურმა გვალიამ მიზანს ცოტათი ააცილა, გულუას დარტყმული კი მეკარემ მოიგერია.
მატჩის გადარჩენა სტუმრებს მაინც შეეძლოთ, როცა 2-ჯერ სახიფათო საჯარიმო ვერ გამოიყენეს, ხოლო 75-ე წუთზე კაკალაძე კოლხთა საჯარიმოში დაეცა, "სამტრედია" პენალტს ითხოვდა, თითქოს ჰგავდა კიდეც, თუმცა ხვიჩა გაგნიძემ ვერ გარისკა მაინც ორჭუფულ სიტუაციაში მასპინძლების 11-მეტრიანით დასჯა.
სამაგიეროდ, არბიტრი შეუვალი იყო, როცა მოედნის ცენტრალურ ზონაში, სრულიად სამართლიანად სტუმრები დააჯარიმა, რაც შეცვლაზე შესულმა ბაკარნაძემ გინებით გააპროტესტა - სტუმრები მატჩის ბოლოსკენ კაცნაკლულები დარჩნენ.
მატჩის შემდეგ
გელა სანაია (სამტრედია): "უპირველესად, ვულოცავ "კოლხეთს" გამარჯვებას. ვფიქრობ, გვაჯობეს და დამსახურებულად მოგვიგეს. ჩვენ თავიდანვე ვეცადეთ თამაშის დალაგება, მაგრამ არ გამოგვივიდა. მსაჯობა? გარკვეული პრეტენზიები, რა თქმა უნდა, გვაქვს, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ შედეგზე გადამწყვეტი გავლენა მოახდინა".
ბესიკ შეროზია (კოლხეთი): "თამაშით კმაყოფილი ვარ, "სამტრედია" ნამდვილად არ არის ხელწამოსაკრავი გუნდი, რაც მწვრთნელის დამსახურებაა. გამოვიცანით შეცვლა, თანაც გაამართლა გველესიანის წინა წაწევამ. შემდეგაც გვქონდა მომენტები, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ გამოვიყენეთ".
მამუკა ქანთარია
ფოთიდან