დათა რიგვავა: "ზესტაფონის" დამარცხების ძალა ნამდვილად შეგვწევს

AutoSharing Option
დათა რიგვავა "ტორპედოს" ზამთრის სატრანსფერო პაუზისას ზუგდიდის "ბაიადან" შეუერთდა და ქუთაისელთა ძირითად შემადგენლობაში ადგილი მყარად დაიმკვიდრა.

სეზონის მეორე ნახევარში 20 წლის მცველმა მხოლოდ ორი მატჩი გამოტოვა, ისიც დისკვალიფიკაციის გამო.

ცნობისთვის, რიგვავა ზუგდიდური ფეხბურთის აღზრდილია. მის ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში ყველაზე დიდი წვლილი ელგუჯა ქომეთიანს მიუძღვის, რომელიც რიგვავას ბავშვობიდანვე წვრთნიდა.

"ბაიას" გარდა, დათა კვიპროსული "ანორთოსისის" წევრიც ყოფილა, სადაც ორი წელიწადი გაატარა და მართალია, მთავარ გუნდში არ უთამაშია, მაგრამ მაინც დიდი გამოცდილება მიიღო.

რიგვავას "ზესტაფონთან" 28 აპრილს გასამართ მატჩზე ვესაუბრეთ და სხვა საინტერესო თემებსაც
შევეხეთ.

- "ტორპედომ" "იმერულ დერბიმდე" მარტვილში ითამაშა, სადაც სამბურთიანი სხვაობით დამარცხდა...
- ძნელია, ასეთ წაგებას ახსნა მოუძებნო. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ "ზესტაფონთან" მსგავსი რამ არ განმეორდება. "ტორპედო" "იმერულ დერბიში" მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

- როგორ შეაფასებ ევროპის ლიგაზე გასვლის შანსებს?
- მჯერა, რომ ამას შევძლებთ. ჩემი აზრით, "ტორპედო" ამ სეზონში მესამე ადგილს იმსახურებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს საქმით უნდა დავამტკიცოთ. "ზესტაფონთან" ძალიან რთული მატჩი გველის, თუმცა მისი დამარცხების ძალა ნამდვილად შეგვწევს.

- "ტორპედოს" არასტაბილური თამაში რას უნდა მივაწეროთ?
- ზამთრიდან მოყოლებული, ფაქტობრივად, ახალი გუნდი ყალიბდება და სტაბილურობის მისაღწევად გარკვეული დროა საჭირო. დარწმუნებული ვარ, მომავალ სეზონში "ტორპედო" თავის რეალურ ძალას აჩვენებს და ამჟამინდელზე გაცილებით მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს. თუმცა ჩვენ დღესაც საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი გვყავს.

- რის ხარჯზე შეიძლება აჯობოს "ტორპედომ" "ზესტაფონს"?
- ამ სეზონში "ტორპედომ" "ზესტაფონის" წინააღმდეგ რამდენიმე წარმატებული მატჩი ჩაატარა და ფაქტობრივად, არც ერთ ურთიერთშეხვედრაში დაჩაგრულა. აქედან გამომდინარე, გვაქვს იმედი, რომ გამარჯვებას შევძლებთ.

"ზესტაფონი" ძლიერი გუნდია და ჩემპიონატს დამსახურებულად ლიდერობს, მაგრამ "ტორპედოს" აქვს იმის რესურსი, რომ ამ კონკრეტულ მატჩში მოწინააღმდეგე დაამარცხოს.

- როგორც ფეხბურთელს, რა შეგძინა "ტორპედოში" გადასვლამ?
- უფრო ძლიერ გუნდში ვთამაშობ, ეს კი ფეხბურთელის განვითარებისთვის აუცილებელია. ბედნიერი ვარ, რომ მწვრთნელებმა დიდი ნდობა გამომიცხადეს, თანაგუნდელებმა და გულშემატკივრებმა თბილად მიმიღეს. დანარჩენი კი ჩემზეა დამოკიდებული. ყველანაირად ვეცდები, რომ ჩემზე დამყარებული იმედები გავამართლო.

- საკუთარი მომავალი როგორ წარმოგიდგენია?
- "ტორპედოსთან" ხანგრძლივი კონტრაქტი მაქვს გაფორმებული და სხვაგან წასვლის სურვილი ნამდვილად არ მაქვს. საქართველოს ჩემპიონატი არცთუ დაბალი დონისაა და ფეხბურთელი აქაც გაიზრდება.

- საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში მოხვედრის იმედი თუ გაქვს?
- ამაზე ხელი ბოლომდე არ ჩამიქნევია. ყველაფერი მწვრთნელების გადასაწყვეტია და თუ შანსს მომცემენ, მის გამოსაყენებლად ბოლომდე ვიბრძოლებ.

მითამაშია საქართველოს 17-წლამდელთა და 19-წლამდელთა ნაკრებებში და ბედნიერი ვიქნები, თუ ახალგაზრდულშიც გამომიძახებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
დათა ნამდვილად არის იმის ღირსი, რომ ახალგაზრდულ ნაკრებში მიიწვიონ. მონდომებული და შრომისმოყვარე ფეხბურთელია და წარმატებებსაც მიაღწევს...
მაიკო
11:31 30-04-2012
0

სიახლეები პოპულარული