იმერული დერბი: ქვილითაიას სასწაულები დაუშვილის თავმა დაჩრდილა

AutoSharing Option
ზესტაფონი 2
ტორპედო 1


15.09. ზესტაფონი. დ. აბაშიძე. 1 000 მაყურებელი

0:1 ჩიკვილაძე (8. ნ. კვასხვაძის პასით), 1:1 დაუშვილი (70. ალადაშვილის პასით), 2:1 დაუშვილი (70. ალადაშვილის პასით)


ზესტაფონი                        ტორპედო
4-4-2                                    4-5-1
რ. კვასხვაძე                          ქვილითაია
ბენაშვილი                            გურული
გ. ონიანი                             ფარულავა
კობახიძე                              ს. თოდუა
ელიავა                                 ფოფხაძე
დაუშვილი                            ჩიკვილაძე
ძარია                                   გ. დათუნაიშვილი
გრიგალაშვილი                     გიგაური
გორგიაშვილი                       ნ. კვასხვაძე
წინამძღვრიშვილი                 კ. ჩხეტიანი
დვალი                                 ვ. კვარაცხელია

ზესტაფონი
51. გორგიაშვილი - ალადაშვილი
53. გრიგალაშვილი - აფციაური
53. წინამძღვრიშვილი - გელაშვილი
სათადარიგოები: მამალაძე, ცხადაია, ბაბუნაშვილი, ფიფია

ტორპედო
10.
კვარაცხელია - ხაჭიპერაძე
63. ნ. კვასხვაძე - თარხნიშვილი
82. გიგაური - ლომაშვილი
სათადარიგოები: მიგინეიშვილი, მაჭავარიანი, ქემუხტაშვილი, როსტიაშვილი

გაფრთხილება: ჩიკვილაძე (5), დათუნაიშვილი (12), ხაჭიპერაძე (20), თოდუა (75), ლომაშვილი (88), კობახიძე (89)
არბიტრი: მ. ბეუქლიშვილი

იმერული დერბის მნიშვნელობაზე ბევრი საუბარი ალბათ გადაჭარბებული იქნება. ნებისმიერი დერბი პრინციპულ ხასიათს ატარებს და გამონაკლისი არც "ზესტაფონი" -"ტორპედოს" წყვილი გახლავთ. მით უფრო, როცა ამ მატჩისთვის მოტივაცია ორივე გუნდს საკმაოზე მეტი ჰქონდა. ჩემპიონობისთვის მებრძოლმა ფეროელებმა წინა ტურში ზუგდიდში წაიფორხილეს და ქულების განიავების უფლება აღარ ჰქონდათ, თანაც საკუთარი გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტაცია მართებდათ.

ტორპედოელებს კი, რომელთაც ჩემპიონატის სტარტი ჩაუვარდათ, ბოლო ადგილისთვის თავის დაღწევაზე უნდა ეზრუნათ. ეს კი მეტოქის გათვალისწინებით ძალზედ რთული ამოცანა გახლდათ. რიონისპირელებს ზესტაფონში "ვისოლის" თავკაცებთან და რამდენიმე "ჩინოვნიკთან" ერთად, ერთგული ფანებიც მრავლად ჩამოჰყვნენ, რომელთა სასახელოდაც უნდა ითქვას, რომ მთელი მატჩის განმავლობაში არ გაჩერებულან და ადგილობრივ ქომაგებზე მეტადაც კი აქტიურობდნენ. ქუთაისელმა გულშემატკივრებმა გუნდიც აიყოლიეს და ყველასათვის მოულოდნელად საწყისი წუთები "ტორპედოს" უპირატესობით წარიმართა...

თუმცა, სანამ მატჩის პერიპეტიებზე ვისაუბრებდეთ, მწვრთნელთა რამდენიმე გადაწყვეტილებაზე უნდა ვთქვათ. წინა მატჩებთან შედარებით ორივე გუნდში რამდენიმე ცვლილება იყო. ზესტაფონელებმა წამყვანი მცველი გიორგი ხიდეშელი მოისაკლისეს, მის ნაცვლად გია გეგუჩაძემ დაცვის ცენტრში მამუკა კობახიძე გაამწესა. ფეროელთა თავკაცმა, ბევრისდა მოულოდნელად, სათადარიგოთა სკამზე დატოვა გუნდის სამი საკვანძო ფიგურა - გელაშვილი, აფციაური და ალადაშვილი. თუმცა, როცა "ზესტაფონს" გაუჭირდა, სამივე მათგანს მოედანზე უხმო და მათაც, რომ იტყვიან, წაგებული მატჩი "შემოატრიალეს".

"სამტრედიასთან" თამაშისგან განსხვავებით მცირეოდენი ცვლილებები იყო "ტორპედოს" შემადგენლობაში. რამაზ მუმლაძემ ძირითად ძალებს მოედნის ცენტრში მოუყარა თავი და წინა მატჩისგან განსხვავებით მხოლოდ ერთი ფორვარდი - ვახტანგ კვარაცხელია გამოიყვანა, ზაურ ხაჭიპერაძემ კი თავიდან სათადაროგოთა სკამზე იჯდა...

თუმცა მალე კვარაცხელია დაშავდა და მე-10 წუთიდან ცენტრფორვარდად სწორედ ხაჭიპერაძე მოგვევლინა. აქვე დიღმელაშვილის ტრავმაც უნდა ვახსენოთ, რომლის არყოფნა ქუთათურებისთვის დიდი დანაკლისი იყო.

ზესტაფონში გამგზავრებამდე ქუთაისელ ფეხბურთელებს კლუბის პრეზიდენტი ლევან ფხაკაძე შეხვდა. მათ შორის გულახდილი საუბარი გაიმართა. ტორპედოელები პრეზიდენტს თავდადებულ თამაშს დაპირდნენ და მართლაც, სტუმრები პირველივე წუთებიდან მოტივირებული გამოიყურებოდნენ. ძნელი გასახსენებელია ისეთი მატჩები, როცა ზესტაფონში საწყის წუთებში სტუმარი გუნდი ფლობდა უპირატესობას. "ტორპედომ" კი ეს მოახერხა და უკვე მეორე წუთზე შეეძლო ანგარიშის გახსნა - კვასხვაძის კუთხურის შემდეგ ზესტაფონელ მცველებს ბურთი აეჭრათ, რომელიც მარჯვენა ძელთან ახლოს მყოფ კვარაცხელიას მიუვიდა. ტორპეოელთა ფორვარდს სივრცე შეზღუდული ჰქონდა და მისი დარტყმის შემდეგ ბურთი ახლო ძელმა აისხლიტა.

რიონისპირელთა აქტიურობამ შედეგი მალევე გამოიღო. მე-8 წუთზე კვასხვაძემ მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდა კუთხური, თენგიზ ჩიკვილაძემ მცველებს დაასწრო და ლამაზი თავური დარტყმით გახსნა ანგარიში - 0:1. მიუხედავად იმისა, რომ ზესტაფონის არენის ნაქები მოედანი გუშინ საშინლად გამოიყურებოდა, გუნდებმა ერთმანეთს მაღალი ტემპი და ხისტი ორთაბრძოლა შესთავაზეს. მეორე კომპონენტში განსაკუთრებით სტუმრები გამოირჩეოდნენ და არბიტრმა მალხაზ ბეუქლიშვილმა რამდენიმე ტორპედოელი დებიუტშივე დააშოშმინა ყვითელი ბარათებით. თუმცა ხისტი თამაშით თუ ვინმე დაზარალდა ეს უპირველესად სწორედ "ტორპედო" იყო. აქტიურმა კვარაცხელიამ მე-10 წუთზე ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა...

საწყისი დაბნეულობის შემდეგ მასპინძლებიც გამოცოცხლდნენ და ქვილითაიას კარს სახიფათოდ შეუტიეს. ჯერ წინამძღვრიშვილის პასის შემდეგ დვალი ურტყამდა სახიფათოდ, თუმცა ქუთაისელთა კიპერი ადგილზე დაუხვდა ბურთს, შემდეგ კი მანვე გრიგალაშვილის საჯარიმო დარტყმა მოიგერია. 21-ე წუთზე წინამძღვრიშვილი აგვირგვინებდა ზესტაფონელთა მწვავე შეტევას, მაგრამ ბურთი ხარიხას გადააცილა. მუმლაძის შეგირდები გატანილი გოლის შემდეგ დაცვაში გამაგრდნენ და კონტრშეტევებზე ცდილობდნენ მასპინძლების გამოჭერას, ორჯერ მიეცათ კიდეც შანსი, თუმცა კვასხვაძეს მცველებმა დაასწრეს, ხაჭიპერაძეს კი მეკარემ არ მისცა დარტყმის საშუალება.
მეორე ტაიმი პირველისგან რადიკალურად განსხვავებული გამოდგა. თუ შესვენებამდე ტორპედოელი მცველები ფეროელთა შეტევებს იოლად უმკლავდებოდნენ, მეორე ნახევარში მათ ძალიან უჭირდათ მასპინძლების შეჩერება. გეგუჩაძის შეგირდებმა სტუმრები საკუთარ კარს მიაჯაჭვეს, ალადაშვილი, გელაშვილი, აფციაურის მოედანზე გამოსვლის შემდეგ კი ზესტაფონელებმა რიონისპირელებს ხანგრძლივი შტურმი მოუწყვეს. 64-ე წუთზე ბენაშვილის ჩაწოდების შემდეგ დვალი ახლო მანძილიდან კარში თავით გზავნიდა ბურთს, გოლი გარდაუვალი ჩანდა, თუმცა ქვილითაიამ საწაული მოახდინა და ბურთი აკრობატულ ნახტომში მოიგერია.

ზესტაფონელთა მწვავე იერიშებმა შედეგი 70-ე წუთზე გამოიღო. ალადაშვილის კუთხურის შემდეგ დაუშვილმა გურულს დაასწრო და თავური დარტყმით აღადგინა წონასწორობა - 1:1. ცოტა ხანში სტუმართა კართან კიდევ ერთი კუთხური დაინიშნა, რასაც მცველების დაბნეულობა და აფციაურის უძლიერესი დარტყმა მოჰყვა - ქუთაისელები კვლავ ქვილითაიას თავგანწირულმა ნახტომმა იხსნა...

85-ე წუთზე დვალს აუცილებლად უნდა გაეტანა. დაუშვილმა იგი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, თავდამსხმელს დასარტყმელი სივრცეც საკმაო ჰქონდა, მაგრამ მეკარის მოტყუება განიზრახა და ქვილითაიამ ბურთი აართვა. თანაგუნდელის შეცდომა უკანასკნელ წუთზე მატჩის გმირმა დაუშვილმა გამოასწორა, ალადაშვილის მიერ მარცხენა ფრთიდან ჩაწოდებულ ჯარიმას იგი ტორპედოელთა ახლო ძელთან თავით გამოეხმაურა და "ზესტაფონს" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.
 
"ტორპედო" კი დიდი მონდომებისა და თავდადებული თამაშის მიუხედავად კვლავ ბოლო ადგილზე დარჩა. თუმცა "სამტრედიასთან" მატჩისგან განსხვავებით ქუთაისური გუნდის თამაშში პროგრესი იგრძნობა და ალბათ, მალე პირველი გამარჯვებებიც მოვა. იქამდე კი ქუთაისელ გულშემატკივრებს, რომლებიც თამაშის დამთავრებიდან ერთი სააათის შემდეგ საღორიის საწვრთნელ ბაზაზთან იყვნენ შეკრებილნი, ცოტაოდენი მოთმინება მართებთ.


მატჩის შემდეგ

რამაზ მუმლაძე (ტორპედო): "ძალიან საინტერესო და დაძაბული თამაში იყო. "ზესტაფონი" ძლიერი გუნდია და მასთან თამაში ნებისმიერ მეტოქეს უჭირს. პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, გოლიც გავიტანეთ, მაგრამ მეორე ნახევარში პოზიციები დავთმეთ და მეტოქემ დამსახურებულად გაიმარჯვა".
გია გეგუჩაძე (ზესტაფონი): "სამი ქულა მძიმე ბრძოლაში მოვიპოვეთ. "ტორპედო" კარგი გუნდია და დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია. მადლობელი ვარ ჩემი ფეხბურთელების, რომლებმაც თავი არ დაზოგეს, ბოლომდე იბძოლეს და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს. "ტორპედოს" კარგი პერსპექტივები აქვს. ორ-სამ თვეში გუნდის ჩამოყალიბება ძალიან რთულია, ყველაფერს დრო სჭირდება, ქუთაისურ გუნდ კარგი სპეციალისტი უდგას სათავეში და სულ მალე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ბრძოლისუნარიანი გუნდი იქნება".

დავით კოხრეიძე
ზესტაფონიდან

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული