უჩვეულო სურათი - "ზესტაფონი" მდევრის როლში

AutoSharing Option
ზამთარში, როცა ეროვნულ ჩემპიონატში პაუზა იყო გამოცხადებული, ჩემპიონობის უპირველეს და ლამის ერთადერთ პრეტენდენტად "ზესტაფონი" მიგვაჩნდა.

საამისოდ რეალური და წონადი არგუმენტებიც გვქონდა - საქართველოს მოქმედი ჩემპიონები უმაღლეს ლიგას სოლიდური უპირატესობით ლიდერობდნენ და მართალია, პლეი ოფის დაწყებისას მათ მონაგარს ქულათა საკმაო რაოდენობა ჩამოაკლდა, რუსთავის "მეტალურგს" მაინც დამაჯერებლად უსწრებდნენ.

დაიწყო პლეი ოფი და დაიწყო "ზესტაფონისთვის" უსიამოვნო პერიოდიც. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ცხრა ტურში მხოლოდ სამი გამარჯვება მოიპოვა, ოთხჯერ ფრედ ითამაშა და ორჯერ დამარცხდა. ამის პარალელურად, "მეტალურგი" წინ ლამის უდანაკარგოდ მიიწევდა.

კობა ჟორჟიკაშვილის გუნდი პლეი
აუტის მიმდინარეობისას ზესტაფონში კი დამარცხდა, მაგრამ დანარჩენი რვა მატჩიდან შვიდი მოიგო და ერთში ფრეს მიაღწია. შედეგად, "ზესტაფონთან" ჩამორჩენა სულ უფრო და უფრო მცირდებოდა და გასულ ტურში ზესტაფონელთათვის უსიამოვნო ამბავი მოხდა - პირველად ამ სეზონში სატურნირო ცხრილს სათავეში "მეტალურგი" მოექცა.

შეინარჩუნებენ თუ არა რუსთაველები ლიდერობას და რას იღონებენ ზესტაფონელები პირველობის დასაბრუნებლად, ამას უახლოეს პერიოდში ვნახავთ. არის თუ არა "მეტალურგის" ბოლოდროინდელი წარმატებები კანონზომიერი, ამაზე მსჯელობაც სეზონის ბოლოსთვის გადავდოთ.

ახლა კი ისღა დაგვრჩენია, თვალი გავუსწოროთ იმ მოცემულობას, რაც დღეისთვისაა დაფიქსირებული - ლიდერი უკვე "მეტალურგია", "ზესტაფონი" კი ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ პირველად აღმოჩნდა მდევრის როლში და დაკარგული პოზიციის დასაბრუნებლად დიდი ბრძოლების გადატანა და, რაც მთავარია, ამ ბრძოლების მოგება სჭირდება.

სანამ უშუალოდ გასული ტურის პერიპეტიებს შევეხებით, უკომენტაროდ შემოგთავაზებთ "მეტალურგისა" და "ზესტაფონის" დარჩენილი მატჩების განრიგს:

X ტური, 2 მაისი
ზესტაფონი-დინამო
მერანი-მეტალურგი

XI ტური, 6 მაისი
მეტალურგი-ზესტაფონი

XII ტური, 12 მაისი
ზესტაფონი-ბაია
ტორპედო-მეტალურგი

XIII ტური, 16 მაისი
დილა-ზესტაფონი
მეტალურგი-დინამო

XIV ტური, 20 მაისი
ზესტაფონი-მერანი
კოლხეთი-მეტალურგი

ლიდერი ქუთაისმა შეცვალა
"ტორპედო" რაც უნდა არასტაბილურად ასპარეზობდეს, პრინციპულ მეტოქეებთან საკმაოდ ხშირად ახერხებს თავისი საუკეთესო თვისებების გამოვლენას და ასე იყო ამჯერადაც.

"იმერულ დერბიში" თანაბარი თამაში ვიხილეთ. ორივე გუნდს გამარჯვება სჭირდებოდა და მატჩიც ორმხრივი შეტევებით წარიმართა. სამი ქულა კი მას დარჩა, ვინც საკუთარი შანსები მოწინააღმდეგეზე უკეთ გამოიყენა. ტურის მატჩმა კი მოლოდინი ნამდვილად გაამართლა.

"ზესტაფონმა" ძალიან მტკივნეული მარცხი იწვნია, "ტორპედომ" კი საკუთარ აქტივს უმნიშვნელოვანესი სამი ქულა შეჰმატა და ამ გამარჯვებით მესამე პოზიცია შეინარჩუნა. ეს ადგილი კი, შეგახსენებთ, ბრინჯაოს მედლებზე გაცილებით ძვირფასს, ევროპის ლიგის საგზურს იძლევა.

მთელი ჩემპიონატის განმავლობაში "ტორპედოცა" და "დინამოც" არასტაბილურად ასპარეზობენ, მაგრამ გასულ ტურში იშვიათი რამ მოხდა - ორივემ ერთდროულად გაიმარჯვა და, შესაბამისად, მესამე-მეოთხე ადგილებზე გადანაცვლება არ მომხდარა.

"დილა" კი, სულ ცოტა ხნის წინ მესამე ადგილზე გასვლის რეალური შანსი რომ ჰქონდა, მედლებისთვის ბრძოლას ნელ-ნელა სცილდება. საქმეს უკვე ისეთი პირი უჩანს, რომ გორელთათვის ევროსარბიელისკენ მიმავალი ერთადერთი გზა საქართველოს თასის ფინალია. თუ "ზესტაფონი" ჩემპიონი ვერ გახდა, "დილას" მიზნამდე მხოლოდ თასის მოგება მიიყვანს.

რაც შეეხება "მეტალურგთან" სტუმრად ჩატარებულ შეხვედრას, "დილამ" შესუსტებული შემადგენლობით ითამაშა, რუსთაველთა გამარჯვება კი ლოგიკური იყო.

ნავსი ძალიან გვიან გატყდა
რომ არა ლიდერის შეცვლა, ტურის უმთავრეს მოვლენად "დინამოს" გამარჯვებას დავასახელებდით. საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა ხომ მარტვილში მოგებით ფრეთა რვამატჩიანი სერია შეწყვიტა, ანუ პლეი ოფში პირველი გამარჯვება იზეიმა.

თანაც, დედაქალაქელებს საკუთარი უპირატესობა ეჭვქვეშ არ დაუყენებიათ - ორბურთიანი სხვაობით მოიგეს, რაც "დინამომდე" მიმდინარე სეზონში მარტვილში მხოლოდ "ზესტაფონმა" შეძლო.

"ტორპედოს" გამარჯვების გამო "დინამოს" ევროზონაში შესვლის საშუალება არ მიეცა, თუმცა თბილისელებს საამისო შანსი კიდევ მიეცემათ, მათ შორის, ქუთაისელებთან საშინაო ურთიერთშეხვედრაში.

რამაზ მუმლაძის ხელმძღვანელობით კი "დინამომ" ორ მატჩში ოთხი ქულა მოიპოვა, რაც გუნდის ბოლოდროინდელი შედეგებიდან გამომდინარე, საკმაოდ ნორმალურ მაჩვენებლად უნდა მივიჩნიოთ.

მუმლაძეს დროებითი მწვრთნელის სტატუსი აქვს და დიდი ალბათობით, ახალ სეზონში "დინამოს" სხვა სპეციალისტს ჩააბარებენ, მაგრამ დედაქალაქელთა ამჟამინდელ თავკაცს მოტივაცია არ უნდა აკლდეს - თუ "დინამო" მესამე ადგილზე გაიყვანა, საკუთარ კვალიფიკაციას კიდევ ერთხელ დაამტკიცებს.

სასიხარულოა, რომ ჩვენს ჩემპიონატს ამხელა ინტრიგა შემორჩა. ისღა დაგვრჩენია, ვისურვოთ, რომ ჩემპიონიც, მესამე პრიზიორიცა და უმაღლეს ლიგაში დამრჩენებიც სამართლიან ბრძოლაში გამოვლინდებიან.

გამოკვეთილი ოთხეული
"ჩიხურა", "გურია", "ვიტ ჯორჯია", "სიონი" - ეს ის ოთხი გუნდია, რომელიც პლეი აუტის დანარჩენ ოთხ მონაწილეზე გაცილებით შედეგიანად თამაშობს და, შესაბამისად, პირველ ოთხ პოზიციასაც სრულიად დამსახურებულად ინაწილებს.

საჩხერელებს თავი თითქმის ქუდში აქვთ და თუ სასწაული არ მოხდა, უმაღლესი ლიგის საგზურს ჩემპიონატის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე მიიღებენ. წესით, ელიტაში დაბრუნებას ლანჩხუთშიც მალე იზეიმებენ, "ვიტ ჯორჯიასა" და "სიონს" კი მიზნამდე უფრო მეტი აშორებთ.

ბოლნისელებმა ბათუმელთა ძლევით ოთხეულისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს. ვეტერინარებმა კი, მართალია, მესამე პოზიცია შეინარჩუნეს, მაგრამ "სპარტაკთან" რომ არ წაეგოთ, დღეს გაცილებით კომფორტულ მდგომარეობაში იქნებოდნენ.

ასეა თუ ისე, ამჟამინდელი სატურნირო ცხრილი გვეუბნება, რომ "ვიტ ჯორჯიასა" და "სიონის" პერსპექტივა გაცილებით უკეთესია, ვიდრე "ბათუმისა" და "სპარტაკისა". ოზურგეთის "მერცხალი" თავიდანვე ჩამოყალიბდა პლეი აუტის აუტსაიდერად, "გურიასთან" დაკარგულმა ქულებმა კი ამავე კატეგორიაში "გაგრაც" შეიყვანა.

ტურის სიმბოლური ნაკრები

Sportall.Ge

სატურნირო ცხრილი. პლეი ოფი

Sportall.Ge

მომდევნო ტური
2 მაისი, ოთხშაბათი
კოლხეთი-ტორპედო
ზესტაფონი-დინამო
მერანი-მეტალურგი
დილა-ბაია

სატურნირო ცხრილი. პლეი აუტი

Sportall.Ge

მომდევნო ტური
3 მაისი, ხუთშაბათი
მერცხალი-სპარტაკი
ვიტ ჯორჯია-გაგრა
გურია-სიონი
დინამო (ბთ)-ჩიხურა


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
არასამართლიანობამ დიდი კვალი დააჩინა უკვე ჩემპიონატს. ხიხონის თამაშს ესპანეთის ფედერაცია იძიებს, საეჭვო ანგარიში დაფიქსირდაო, მხოლოდ ამის გამო.ჩვენთან საეჭვო გარემოებები და ანგარიშები ახლა არაა. სძინავს ფედერაციას? თუ თვითონ მონაწილეობს ყველაფერში?
beqa
12:42 01-05-2012
0
ახალი არაა უნდა დამეწერა ახლა არაას ნაცვლად
beqa
12:52 01-05-2012
0

სიახლეები პოპულარული