ზესტაფონი VS დინამო - უშეღავათო ბრძოლის გარანტიით

AutoSharing Option
უმაღლესი ლიგის მორიგი ტური ორ დღედაა გაყოფილი და მედიასა და ქომაგებს მატჩებისთვის თვალის დევნება ნაკლებად გადატვირთულ რეჟიმში მოუწევთ.

პლეი აუტზე 3 მაისს ვისაუბროთ, ახლა კი 2 მაისს გასამართ მატჩებს გადავავლოთ თვალი, რომლებსაც, რა თქმა უნდა, ბევრი სიახლის მოტანა შეუძლიათ.

მანამდე კი გაცნობებთ, რომ მაისში უმაღლესი ლიგის მატჩები 17 საათზე დაიწყება. გამონაკლისია ის შეხვედრები, რომლებიც ხელოვნურ განათებაზე გაიმართება და უფრო გვიან საათებში დაინიშნება.

"ზესტაფონი"-"დინამო" - ეს დაპირისპირება ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ტურის ცენტრალური მატჩი. ბოლო წლებში ზესტაფონელთა და დედაქალაქელთა ურთიერთშეხვედრები განსაკუთრებულ
სტატუსს ატარებს და ხშირად გადამწყვეტიც კი ყოფილა.

"ზესტაფონისა" და "დინამოს" მატჩებს ინტრიგა არც მიმდინარე სეზონში აკლდა. მათ შორის ჩემპიონატში გამართული სამივე დაპირისპირება საინტერესო გამოდგა. ყველაზე დიდი რეზონანსი კი, რა თქმა უნდა, ზესტაფონში გამართულმა შეხვედრამ გამოიწვია, სადაც "ზესტაფონმა" "დინამო" 5:1 გაანადგურა და თბილისელთა ესპანელი თავკაცის, ალექს გარსიას სკამი კიდევ უფრო შეარყია.

ეროვნულ სტადიონზე ჩატარებული ორივე მატჩი კი ფრედ დასრულდა - 2:2 და 1:1.

ერთი სიტყვით, "დინამოს" ამ სეზონში ფეროელებისთვის არ მოუგია და ვნახოთ, ამას რამაზ მუმლაძის გუნდი თუ შეძლებს. ამოცანა კი მასპინძლებსაც და სტუმრებსაც საკმაოდ რთულად შესასრულებელი აქვთ.

ზედმეტია იმის შეხსენება, თუ რამხელა სატურნირო მოტივაცია ამოძრავებს ორივე გუნდს - "ზესტაფონმა" ლიდერობა წინა ტურში დაკარგა და თუ 2 მაისსაც ხელი მოეცარა, საჩემპიონო შანსებს კიდევ უფრო შეიმცირებს.

"დინამომ" წინა ტურში ნავსი გატეხა და მარტვილში გამარჯვებით რვამატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. თუმცა ეს მესამე საფეხურზე გადასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან ქუთაისის "ტორპედომ" "ზესტაფონის" დამარცხებით ევროპის ლიგის ზონაში ადგილი შეინარჩუნა. ასე რომ, ქულები "დინამოსაც" ზუსტად ისევე სჭირდება, როგორც "ზესტაფონს", რაც უშეღავათო ბრძოლის გარანტიას გვაძლევს.

გალიდერებული "მეტალურგი" მარტვილში ჩადის, სადაც წარმატების მიღწევა ყველასთვის რთულია. საინტერესოა, "დინამოსთან" შინ განცდილი მარცხის შემდეგ "მერანის" ზედიზედ მეორე მარცხის მომსწრენი გავხდებით თუ მალხაზ ჟვანიას გუნდის მორიგი "მსხვერპლი" "მეტალურგი" იქნება. მარტვილური მატჩი, ზესტაფონურის მსგავსად, ნებისმიერ შემთხვევაში იქნება ჩვენი ყურადღების ეპიცენტრში.

"ტორპედო" ზედიზედ მეორე საშინაო მატჩს ჩაატარებს და "კოლხეთთან" შეხვედრაში ფავორიტიც იქნება, თუმცა მიმდინარე სეზონში ფოთელთა დამარცხება იოლი არავისთვისაა და მარტივი ამოცანა არც გია გეგუჩაძის გუნდის წინაშე დგას.

"დილას" მესამე ადგილზე გასვლის შანსები კი ტურიდან ტურამდე მცირდება და აქედან გამომდინარე, ამ გუნდსა და "ბაიას" შორის გასამართ მატჩს გადამწყვეტი მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს.

საქართველოს ჩემპიონატი. მეორე ეტაპი. პლეი ოფი. X ტური
02.05. მარტვილი. ცენტრალური. 17:00
მერანი-მეტალურგი

02.05. გორი. თ. ბურჯანაძე. 17:00
დილა-ბაია

02.05. ზესტაფონი. დ. აბაშიძე. 18:00
ზესტაფონი-დინამო

02.05. ქუთაისი. ტორპედო. 19:00
ტორპედო-კოლხეთი

სატურნირო ცხრილი

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
რა აზრი აქ ამ მეტალურგს გავა და პახტაკორთან წააგებს)))
0
პირველი ადგილი - მეტალურგი
მეორე ადგილი- ზესტაფონი
მესამე ადგილი - ტორპედო
აი დინამო მეოთხე თუ მეხუთე ჯერ არ ვიცი
irina
15:40 02-05-2012
0

სიახლეები პოპულარული