კობა ჟორჟიკაშვილი: ლიდერობა სულ სხვა ტვირთია

AutoSharing Option
უმაღლესი ლიგის გასულ ტურში "მეტალურგმა" შინ "დილას" სძლია, "ზესტაფონი" კი ქუთაისში "ტორპედოსთან" დამარცხდა და სეზონში პირველად, ეროვნულ ჩემპიონატს სათავეში რუსთაველები მოექცნენ.

ბუნებრივია, ჩემპიონობისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ წინაა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ "მეტალურგის" შანსები უკვე არცთუ მოკრძალებულია.

გუნდის მთავარ მწვრთნელს, კობა ჟორჟიკაშვილს სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე ვესაუბრეთ.

- უპირველესად, "დილასთან" მოგებული მატჩი გავიხსენოთ...
- ვფიქრობ, იმ შეხვედრაში "მეტალურგმა" მეტოქეზე უკეთ ითამაშა და დამსახურებულად გაიმარჯვა. "დილას" შეტევაში ღირებული არაფერი შეუქმნია, ჩვენ კი თავიდანვე "პირველ ნომრად" თამაში ავირჩიეთ და ჩვენმა ჩანაფიქრმა გაამართლა. ორჯერ ბურთი
ძელს მოვარტყით, ერთხელ პენალტი გავაფუჭეთ, მაგრამ მიზანს მაინც მივაღწიეთ და გამარჯვების გოლის გატანა შევძელით.

მართალია, "დილამ" ხელოვნურ გაზონზე რამდენიმე ფეხბურთელი არ ათამაშა, მაგრამ არა მგონია, ეს ფაქტი ჩვენს წარმატებას აკნინებდეს.

- ბევრი ამბობს, რომ "ფოლადის" ხელოვნურ გაზონზე თამაში უჭირს...
- მაშინ მე ასე ვიტყვი - ჩვენ მეტოქეებზე გაცილებით არაკომფორტულ მდგომარეობაში ვართ, რადგან მათ სეზონში მხოლოდ ორჯერ უწევთ ხელოვნურ მოედანზე თამაში, ჩვენ კი "ფოლადზე" ვთამაშობთ და ვვარჯიშობთ და ყოველ მეორე ტურში ბუნებრივ საფარზე თამაშზე გვიწევს გადაწყობა, რაც გაცილებით დიდი დისკომფორტია.

- შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამჟამად "მეტალურგი" ფორმის პიკშია?
- დიახ, ასეა. რაც ზამთრის მოსამზადებელ შეკრებაზე დავგეგმეთ, წარმატებით ვახორციელებთ. საწვრთნელი პროცესი ისე დავგეგმეთ, რომ ოპტიმალურ ფორმაში სეზონის დასკვნითი ნაწილისთვის შევსულიყავით და სწორედ ასე მოხდა. "მეტალურგი" პლეი ოფში მინიმალური დანაკარგებით ასპარეზობს და ამტკიცებს, რომ მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლია.

- "დილამდე" იყო ზუგდიდში სტუმრობა და "ბაიას" დამარცხება...
- საქართველოს ჩემპიონატში ადვილი თამაშები, ფაქტობრივად, არ არსებობს, ზუგდიდში გასვლა კი ყველა გუნდისთვის რთულია. ჩვენამდე "ბაიამ" "დინამოსთან" შინ 2:2 ითამაშა და "მეტალურგთანაც" წარმატებას გეგმავდა, მაგრამ ჩვენი ფეხბურთელების მონდომებამ თავისი გაიტანა და ზუგდიდში საკმაოდ მძიმე გამარჯვება მოვიპოვეთ. სწრაფი გოლი გავიტანეთ, მაგრამ მეტოქემ დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია.

- "ზესტაფონს" გაუსწარით, მაგრამ მისთვის მიმდინარე სეზონში ერთი მატჩიც კი არ მოგიგიათ...
- რა თქმა უნდა, ეს ფაქტი ჩვენთვის ძალიან არასასიამოვნოა, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ "ზესტაფონს" დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო უკეთ ვეთამაშებით. ნავსის გატეხვა კი ამ სეზონშივე შეგვიძლია. "ზესტაფონს" რუსთავში მივიღებთ და ეს, ბუნებრივია, ჩვენს წისქვილზე დაასხამს წყალს. ამ კლუბთან კონკურენცია საკმაოდ რთულია. წლებია, "ზესტაფონი" გეგმაზომიერად ვითარდება, "მეტალურგმა" კი ამჟამინდელი სახე სულ რაღაც რვა თვეა, რაც მიიღო.

- ჩემპიონატის მორიგი მატჩი მარტვილში, "მერანთან" გელით...
- იქ გამარჯვება ყველასთვის ძალიან ძნელია, მაგრამ უკანდასახევი გზა მოჭრილი გვაქვს - "მერანისადმი" დიდი პატივისცემის მიუხედავად, ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა და დიდი იმედი მაქვს, რომ შინ სამი ქულით დავბრუნდებით.

- მთელი სეზონის განმავლობაში ამბობდით, რომ "მეტალურგის" მიზანი ევროპის ლიგის საგზურის მოპოვებაა. დღეისთვის თქვენს გუნდს ეს უკვე გარანტირებული აქვს. საჩემპიონო შანსებს როგორ შეაფასებთ?
- მოხარული ვარ, რომ ჩვენი შრომა დაფასდა და უმაღლეს ლიგას სათავეში მოვექეცით. ჩემპიონობის შანსი კი, რასაკვირველია, გვაქვს, მაგრამ იმისთვის, რომ ოქროს მედლები მოვიპოვოთ, კიდევ რამდენიმე გადამწყვეტი მატჩის მოგება გვჭირდება.

ყველაფერს დრო გვიჩვენებს. ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩემი ფეხბურთელების მჯერა და "მეტალურგს" მიზნის მიღწევა შეუძლია.

როცა მდევარი ხარ, სხვანაირი განწყობა გჭირდება. ლიდერობა კი სულ სხვა ტვირთია და მის შესანარჩუნებლად დიდი ბრძოლაა საჭირო. ტაქტიკურ-ფიზიკურ მომზადებასთან ერთად, წინა პლანზე ფსიქოლოგიური მზადყოფნაც გადმოდის და სამწვრთნელო შტაბი ყველანაირად შეეცდება, რომ ფეხბურთელები მოახლოებული შეხვედრების წინ სათანადოდ განაწყოს.

- შეიძლება ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევი იყოს, მაგრამ მაინც საინტერესოა, რა ცვლილებებს შეიძლება ველოდოთ "მეტალურგის" შემადგენლობაში ევროტურნირებისა და მომავალი ჩემპიონატის წინ?
- გუნდის ბირთვი უცვლელი დარჩება, მაგრამ შემადგენლობას გადახალისება ყოველთვის სჭირდება. კარგი ფეხბურთელების დამატება არცერთ რგოლში გვაწყენს.

- შეგიძლიათ თქვათ, რომ ახლა თქვენი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ყველაზე წარმატებული პერიოდია?
- საკლუბო დონეზე ბევრგან მიმუშავია, მაგრამ, ძირითადად, გუნდების პირველიდან უმაღლეს ლიგაში ამოყვანაზე ვიყავი დაკავებული. ჩემპიონობისთვის მებრძოლ კლუბში კი პირველად ვმუშაობ. სადაც დრო მომეცა, ვფიქრობ, ურიგოდ არ მიმუშავია და მოხარული ვარ, რომ "მეტალურგში" ჩემი მწვრთნელობის მართლაც განსაკუთრებულ პერიოდს ვატარებ.

კლუბში იდეალური გარემო და ჯანსაღი ატმოსფეროა. ხელმძღვანელობისა და "მეტალურგის" თითოეული წევრის ძალისხმევით, ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ წინსვლა და განვითარება განვაგრძოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გაუჭირდება ჟორჟიკაშვილს მერანისთვის მოგება-მარტვილური 2პენალტის ფონზე არანაკლები იქნება საჭიროების შემთხვევაში
mimino
15:17 02-05-2012
0
მარტვილი "იბრძოლებს" მაგრამ მაინც დამარცხდება, ისევე როგორც დილამ და ბაიმ "იბრძოლეს" მაგრამ დამარცხდნენ.
აი ბაიამ,მერანმა, კოლხეთმა და დილამ ზესტასთან და დინამოსთან მართლა იბრძოლეს.
იგრძენი განსხვავება?
ramo
19:11 02-05-2012
0

სიახლეები პოპულარული