ზვიად ჯელაძე: ეკლიანი გზა ავირჩიეთ, მაგრამ წარმატება აუცილებლად მოვა

AutoSharing Option
ეროვნული ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება და პრიზიორები და აუტსაიდერებიც გამოიკვეთა.

საქართველოს თასის მფლობელი "გაგრა" ერთ-ერთი მათგანია, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდა და პირველ ლიგაში დაქვეითების რეალური საფრთხე ემუქრება: პლეი აუტის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე "გაგრა" 7 ქულით მე-7 ადგილზეა და 8 ქულით ჩამორჩება მეოთხეადგილოსან ბოლნისის "სიონს". მეოთხე ადგილი კი მომდევნო სეზონში უმაღლესში თამაშის გარანტიას იძლევა.

წარუმატებლობას თავისი მიზეზები აქვს: სეზონის დაწყებამდე კლუბში საკადრო ცვლილებები მოხდა, "გაგრა" ლიდერთა ნაწილმა დატოვა და გუნდის გაახალგაზრდავება დაიწყო. ამას დაემატა საფუძვლიანი პრეტენზიები მსაჯების მიმართ, რაც მცირე ხნის
წინ ფედერაციამაც აღიარა.

3 მაისს "გაგრა" "ვიტ ჯორჯიას" შეხვდება და ამ შეხვედრის შემდეგ გაირკვევა, რამდენად რეალურია "გაგრას" მთავარი მწვრთნელის, ზვიად ჯელაძის იმედები, რომელიც თვლის, რომ ჯერ ყველაფერი დაკარგული არ არის:

- დამაინც, მეოთხეადგილოსან "სიონს" 8 ქულით ჩამორჩებით და, ფაქტობრივად, ყველა ლიგიდან გავარდნილად გთვლით. ამიტომ "ვიტ ჯორჯიასთან" შეხვედრა გადამწყვეტი იქნება...
- "ვიტ ჯორჯია" უხერხული მოწინააღმდეგეა და მძიმე თამაში გველის. ამ შეხვედრისთვის ბიჭები სერიოზულად ემზადებიან.

სატურნირო ცხრილს რომ ვუყურებ, კარგად ვაცნობიერებთ, რა არასახარბიელო მდგომარეობაში ვართ, მაგრამ ხუთი ტურია დარჩენილი და თეორიულად შესაძლებელია, ყველა მატჩი რომ მოვიგოთ და კონკურენტებს გავუსწროთ.

დანებება არც მე მჩვევია და არც "გაგრას". ამიტომ თეორიული შანსის გამოსაყენებლად ბოლომდე ვიბრძოლებთ. ბრძოლას კი აზრი ყოველთვის აქვს.

- რეალურად შესაძლებელი არის კი დარჩენილ ხუთ ტურში მდგომარეობის გამოსწორება?
- თასის ნახევარფინალურ შეხვედრაში "დილასთან" ყველა აუტსაიდერად გვთვლიდა, მაგრამ მეტოქეს არაფერი დავუთმეთ. ჩვენ მებრძოლი ბიჭები გვყავს, რომელთაც კარგად ესმით, რა გუნდში თამაშობენ და თუ ხელისშემშლელი ფაქტორები არ იქნება, დარჩენილი მატჩების მოგება შეუძლებელი არ უნდა იყოს.

- ერთ-ერთი მატჩის შემდეგ "გაგრას" ფეხბურთელმა თქვა, ფეხბურთელების კომენტარი რად გინდათ, მსაჯებს ელაპარაკეთ, ყველაზე მაგრად ისინი თამაშობენო. თუ მართლაც ასეთ მძიმე მდგომარეობაში გაგდებენ, წმინდა სპორტული რესურსით რისი იმედი გაქვთ?
- მსაჯობაზე იმდენი ითქვა, აღარ მსურს კომენტარის გაკეთება. წმინდა სპორტული რესურსის იმედი კი ნაღდად გვაქვს. გვყავს ნიჭიერი და ამბიციური ბიჭები, რომლებიც სათამაშო პრაქტიკით გაიზარდნენ და გაორმაგებული ენერგიით თამაშობენ.

დაარსების დღიდან "გაგრა" ქართულ ფეხბურთს ემსახურებოდა. რა თქმა უნდა, საწყენი იქნება, თუ გავვარდებით. თუმცა, მიუხედავად იმისა, მომავალ სეზონში სად ვითამაშებთ და გვაქვს თუ არა უმაღლესში დარჩენის შანსი, სამართლიანი თამაშის პრინციპებს დავიცავთ.

ეს არის პრინციპი, რომელსაც "გაგრა" ყოველთვის ერთგულობდა. "გაგრა" საქართველოსთვის რიგითი კლუბი არ არის და არ შეიძლება, ეს ღირსებას ღალატობდეს. მთავარი სწორედ გუნდის დანიშნულებაა - "გაგრამ" საქართველოს ნაკრებს ფეხბურთელი უნდა გაუზარდოს.

როგორც ჩანს, ეკლიანი გზა გვაქვს გასავლელი, რადგან იოლი ცხოვრება არ აგვირჩევია. ეს გზა ძნელია, მაგრამ დღეს თუ გვიჭირს, ხვალ აუცილებლად მოვა წარმატება, იმიტომ, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ, მომავლის გუნდი ვართ და ბავშვები ამ წინააღმდეგობების გადალახვით უფრო გაიზრდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რამდენ გუნდზე და მსაჯზე გაქვს მიცემული ფული
givi
05:09 04-05-2012
0

სიახლეები პოპულარული