დინამო-ტორპედო 0:1
0:1 გ. დათუნაიშვილი (30, კუხიანიძის პასით)
დინამო ტორპედო
4-2-3-1 4-2-3-1
ლორია მიგინეიშვილი
ოდიკაძე რიგვავა
ხიზანეიშვილი გამეზარდაშვილი
თომაშვილი კვახაძე
რეხვიაშვილი გ. გურული
ძარია გ. დათუნაიშვილი
ხმალაძე დიღმელაშვილი
კოშკაძე დოლიძე
ალვარო კუხიანიძე
რობერტინიო საბანაძე
ჩისკო გოცირიძე
მწვრთნელები:
რ. მუმლაძე გ. გეგუჩაძე
დინამო
46. ძარია -კვეკვესკირი
46. კოშკაძე - გოგუა
60. ჩისკო - მერებაშვილი
სათადარიგოები: სეფიაშვილი, ტვილდიანი, პარუნაშვილი, პაპავა
ტორპედო
60.კუხიანიძე - ფირცხალავა
71. დოლიძე - თარხნიშვილი
78. საბანაძე - იოსელიანი
სათადარიგოები: ქვილითაია, ფარულავა, ფანცულაია, ვ. ბოლქვაძე
გაფრთხილება: კუხიანიძე (34), გამეზარდაშვილი (35), გ. დათუნაიშვილი (55), კვახაძე (61), გოგუა (79),
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი
ქუთაისის "ტორპედომ" ძალიან მსუყე სამი ქულა აიღო და მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კარგი ფორაც შეიქმნა. "დინამო თბილისმა" კი 2012 წელს წაუგებელი სერია შეწყვიტა და ევროლიგაზე მოხვედრის შანსი შეიმცირა.
6 მაისს "ტორპედომ" "დინამოს" აჯობა, რაც მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე დინამოელთა დამრიგებელმაც აღნიშნა.
თამაში დაძაბული კი გამოდგა, მაგრამ დიდად შინაარსიანი და საინტერესო არ ყოფილა. "დინამოსგან" მეტი იყო მოსალოდნელი, თბილისელები ხომ ამ შეხვედრამდეც მდევრის როლში იყვნენ.
"ტორპედო" პირველ ტაიმში მეორე ნომრად როდი თამაშობდა. ბურთს კარგად აკონტროლებდა და მეტწილად შორეულ დარტყმებს ეშურებოდა. გიორგი დათუნაიშვილმა, გრიგოლ დოლიძემ და რევაზ გოცირიძემ ოცი მეტრის იქიდან სცადეს ბედი. დინამოელთა მეკარე გიორგი ლორიას ამით დიდი პრობლემები არ შექმნია.
ორჯერ დოლიძე კარგად გაიჭრა თავის საყვარელ მარჯვენა ფლანგზე, თუმცა მის გარღვევებს კარგი დაბოლოება არ ეწერა. ერთხელ გიორგი კუხიანიძემაც მოუსინჯა კბილი "დინამოს" - რიკოშეტის შემდეგ ლორიამ იყოჩაღა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.
"დინამოს" ამასობაში ხეირიანი არაფერი გამოსდიოდა შეტევაში, თუმცა ერთი-ორი ჩხვლეტა მაინც მოახერხა. ირაკლი ძარიამ ოცდაათიოდე მეტრიდან არაზუსტად გაისროლა. მერე კი დათა რიგვავამ და ომარ მიგინეიშვილმა ვერ გაუგეს ერთმანეთს. რობერტინიოს შეეძლო "ტორპედოს" დასჯა, თუმცა ოდენ კუთხურს გამორჩა.
კარგი შესაძლებლობა ჰქონდა ქუთაისელთა კაპიტან დავით გამეზარდაშვილს - ნაკუთხურალ ბურთს თავი შეაგება და ხარიხას გადაავლო.
ჩინებულად ირჯებოდა დათუნაიშვილი. შეუპოვრობა მისი სტილია. ზოგჯერ შეტევის ორგანიზებასაც არ თაკილობდა. სწორედ მან აიღო საკუთარ თავზე თამაში. ორი მეტოქე ჩამოიცილა, მარცხენა ფლანგზე გადააწოდა ბურთი კუხიანიძეს, რომელმაც კარის გასწვრივ ჩააწოდა და დათუნაიშვილმაც ვარდნაში, ერთი შეხებით გაახვია ბურთი ბადეში - თვალისმომჭრელი გოლი გამოვიდა.
შესვენების შემდეგ "დინამო" შეუტევს, რაღაცას შეცვლის, ასე უნიათოდ აღარ ითამაშებს - ამის მოლოდინი ძალაუნებურად გაჩნდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში "დინამო" მართლაც უკეთესად ათამაშდა. რამაზ მუმლაძე გოგიტა გოგუას და ნიკა კვეკვესკირის შემოყვანითაც შეეცადა ჩარხის სათავისოდ დატრიალებას. გოგუას ჩაწოდებულ კუთხურს ალვარომ დააძგერა თავი და ბურთი მიგინეიშვილმა ხელებში მოიგდო - ამაზე მწვავე ეპიზოდის შექმნა "დინამომ" ვეღარ მოახერხა.
მუმლაძე რისკზე წავიდა, ინერტულად მოთამაშე ჩისკო გიორგი მერებაშვილით შეცვალა. უკვე მე-60 წუთზე ყველა შეცვლა გახარჯული ჰქონდა.
მასპინძლებს ამანაც ვერ უშველა, 6 მაისი თითქოს არ იყო "დინამოს" დღე. თბილისელები უტევდნენ, თუმცა ულაზათოდ.
ისევ ალვარო დაემუქრა "ტორპედოს", ოციოდე მეტრიდან დააქუხა და მიგინეიშვილმა კუთხურზე გადააგდო ბურთი.
"ტორპედო" შეტევაში დიდი ძალებით აღარ გადადიოდა და ყრუ დაცვაშიც არ იჯდა. ზოგჯერ მოწინააღმდეგის საჯარიმოს სიახლოვეს მიმართავდა პრესინგს. მძიმე თამაში წავიდა, ბევრი იყო ხისტი ორთაბრძოლა და ყვითელი ბარათი.
მარჯვენა ფლანგზე აქტიურობდა რობერტინიო. ბრაზილიელი სხვებზე მონდომებული ჩანდა, თუმცა მარტო ცდილობდა "ტორპედოს" ჯებირების გარღვევას და შედეგს ვერ აღწევდა.
ერთხელ მერებაშვილმა ოსტატურად ჩამოიცილა მცველი... დინამოელები დიდად ვერც ინდივიდუალური თამაშით მოიწონებდნენ თავს.
"დინამომ" ხელახლა ასაწყობი გუნდის შთაბეჭდილება დატოვა.
ქუთაისელმა ფანებმა კი მატჩის დასრულების შემდეგ მუშტაიდის პარკთან გადაინაცვლეს და იქ ზეიმობდნენ გამარჯვებას. ლამაზი თამაში ვერ გამოვიდა, მაგრამ ამ გუნდების დაპირისპირებას ეშხი მაინც არ აკლდა.
დათუნაიშვილს არაერთხელ გაუმწარებია "დინამო", როცა ის ჯერ კიდევ "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელი იყო. მან თითქოს კარგად იცის, როგორ მოუძებნოს ღრიჭო ამ გუნდს. მხოლოდ გატანილ გოლში არ არის საქმე - 6 მაისს დათუნაიშვილი მართლაც საუკეთესო იყო მოედანზე...
მატჩის შემდეგ
გია გეგუჩაძე ("ტორპედო"): "ჩვენი გუნდის თამაშში პრაგმატიზმი დომინირებდა. ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა ავიღეთ. ფეხბურთელებმა დავალება შეასრულეს, თუმცა შეტევაში მაინც უფრო მეტი აქტიურობა გვმართებდა. თამაშის სადავეები ხელიდან არ გაგვიშვია. რაც შეეხება შორეული დარტყმების სიუხვეს, ნებისმიერი ხელსაყრელი სიტუაციიდან უნდა ვცადოთ გოლის გატანა, მაგრამ ერთი-ორჯერ შეტევის სხვანაირად გაგრძელებაც შეიძლებოდა".
რამაზ მუმლაძე ("დინამო"): "მოწინააღმდეგემ პირველ ტაიმში გვაჯობა, მეორეში თითქოს გამოვასწორეთ თამაში, მაგრამ საერთო ჯამში ასეთი ცუდი მატჩი "დინამოს", მგონი, არ უთამაშია. "ტორპედომ" დამსახურებულად გაიმარჯვა. ეტყობა, რაღაც დავაკელით, ბრძოლა დავთმეთ, საკუთარ კართან ჩვენვე ვქმნიდით სახიფათო მომენტებს.
- როგორ ფიქრობთ, ამ შემადგენლობით "დინამო" იმსახურებს ევროტურნირზე თამაშს?
- ამაზე ვერ გიპასუხებთ, ეს ჩემი სალაპარაკო არ არის.
- მერებაშვილი 90 წუთის სათამაშოდ მზად არ არის?
- ასეთი ფეხბურთელი ამისთვის მზად რომ იყოს, მას სათადარიგოთა სკამზე არავინ დასვამდა.
"შეწყვეტილი სერია" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
პირველი ადგილი - მეტალურგი
მეორე ადგილი - ზესტაფონი
მესამე ადიგლი - ტორპედო
აი დინამო მეოთხე თუ მეხუთე ჯერ არ ვიცი!
რომან ფიფია გამოფხიზლდი და აღაიარე რომ შეცდი !
იმედი მქონდა დინამოში ესპანეთის ანალოგიური ფეხბურთის შენებას ჩაეყრებოდა საფუძველი და დინამო თანამედროვე ქართული ფეხბურთის ფლაგმანი და ახალი საფეხბურთო ფილოსოფიის დამამკვიდრებელი გახდებოდა. ახლა კი დინამოს აკადემიაში ისევ თემურ უგრეხელიძე და სხვა მართლაცდა არაკომპეტენტური მწვრთელები განაგებენ მოზარდების ბედს.ანადგურებენ ლიდერებს, ინდივიდუალისტებს და გუნდური თამაშისაც არაფერი გაეგებათ.თუკი ვასილ მაისურაძემ შეკრიბა ამდენი ნიჭიერი ახალგაზრდა,წინა თაობების პერსპექტიული ფეხბურთელები რატომ არცერთმა კლუბმა არ მიიღო.1991-94 წლებში დაბადებულებები საკლუბო მაფიის პირობებში ფეხბურთის მიღმა დარჩნენ. რაღა დამრჩენია, თვალცრემლიანმა უნდა ვუყურო და აღვფრთოვანდე ესპანური და ინგლისური გრანდების თამაშით.