გია კვარაცხელია ერთი წლით თბილისის "დინამოშია"

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" გია კვარაცხელია ოფიციალურად დაიმატა. მოლაპარაკება, რომელიც ორი დღის წინ წარმატებით დასრულდა, კონტრაქტით განმტკიცებული არ იყო - კვარაცხელიას ძველი კლუბი, ბრესტის "დინამო" ქართველი ნახევარმცველის სატრანსფერო ფურცლის გამოგზავნას არ ჩქარობდა. 16 სექტემბერს "დინამომ" ბელარუსიდან გათავისუფლების საბუთი მიიღო და 30 წლის ნახევარმცველი კლუბის სრულუფლებიანი წევრი გახდა, საერთო ჯგუფთან კი ხუთი დღეა ვარჯიშობს.

რა ნომრით ითამაშებს კვარაცხელია, ეს დღეს გაირკვევა, კონტრაქტი კი მაისის ბოლომდე გააფორმა. ასე რომ, საქართველოს ნაკრების ყოფილ წევრს უკვე ამ ტურში "სამტრედიასთან" თბილისურ მატჩში (19 სექტემბერი) თამაშის უფლება აქვს.
კახა კაჭარავა გამოცდილ ნახევარმცველს ცენტრალურ მცველად დააყენებს:

"დინამოს" სახელი და ავტორიტეტი ჩემთვის მნიშვნელოვანია, - ამბობს ქართული გრანდის ახალწვეული, - დაბრუნება მიხარია. ჯერჯერობით, კონტრაქტი ერთი წლით გავაფორმეთ, მაგრამ მაისში ხელახლა დალაპარაკებას არ გამოვრიცხავ. მთავარია, გუნდს დროულად შევეწყო და ვითამაშო. "დინამო" ახალგაზრდული და პერსპექტიული გუნდია. ვინც დაგვხვდა, ის ბიჭებიც მომეწონა და ახალწვეულებიც - ლილუაშვილი, ციმაკურიძე, მუჯირზე არაფერს ვამბობ. დათო გამოცდილი და კარგი მოთამაშეა და საქართველოს ჩემპიონატში თავის სიტყვას იტყვის. გუნდის სახელი კი გვავალდებულებს, ჩემპიონობისთვის ვიბრძოლოთ... ბრესტის "დინამოდან" წამოსვლის შემდეგ, ორი კვირა კი გავიდა, მაგრამ არ გავჩერებულვარ და ვვარჯიშობდი. ვერ ვიტყვი, რომ სასურველ ფორმაში ვარ, უგუნდოდ მაინც ძნელია კონდიციების სრულად შენარჩუნება, მაგრამ მოუმზადებელი და ფორმიდან ამოვარდნილიც არ ვარ", - გვითხრა კვარაცხელიამ.

დღემდე გაურკვეველია გიორგი ციმაკურიძის საკითხი. 26 წლის ტანმაღალი მცველი 16 წლიდან უკრაინაში ვარჯიშობს და გამომდინარე აქედან, მას ქართველი გულშემატკივარი არ იცნობს. არადა, საინტერესო ფეხბურთელია: გიორგის გასულ სეზონში სლოვაკეთის ჩემპიონ "ჟილინას" ღირსებას იცავდა (ახლა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე რომ გავიდა), მაგრამ მთავარმა მწვრთნელმა მეორე წრეში დუბლშემადგენლობაში დააქვეითა და ეს გიორგის სუსტი თამაშით ახსნა, მოსამზადებელ პერიოდში თავი ვერ გამოიჩინაო. არცაა გასაკვირი, გიორგის ტრავმა აწუხებდა და თამაში კი არა, ვარჯიშიც უჭირდა.

როგორც ჩანს, ფორმის აღსადგენად შედარებით სუსტი გუნდში გადასვლას დათანხმდა და პირველი ქართველი აღმოჩნდა, რომელმაც ტაილანდის ჩემპიონატში ითამაშა - სეზონი კლუბ ტოტ-ში დაასრულა. საკმაოდ მოულოდნელი ტრანსფერი იყო მოთამაშისთვის, რომელმაც 17 წლის ასაკში დონეცკის "შახტარის" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. როგორც ჩანს, კარიერაში ჩავარდნა ჰქონდა და ახლა ფორმის აღდგენას ცდილობს. და თუკი ეს მოახერხა, ციმაკურიძე საკმაოდ კარგი ფეხბურთელია და "დინამოს" უდავოდ გამოადგება. შეგახსენებთ, რომ ციმაკურიძე გოჩა ტყებუჩავას დროს, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი გახლდათ.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული