უფულობით მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი "სამტრედია" თბილისს აუტსაიდერის რანგში ესტუმრა. საბოლოოდ, შეხვედრა "დინამოს" გამარჯვებით კი დასრულდა, მაგრამ სტუმრები სახლში თავაწეულები წავიდნენ - გელა სანაიას შეგირდებმა უდავო ფავორიტს სამი ქულა ბრძოლაში დაუთმეს. თბილისელებს მაქსიმალური მობილიზაცია დასჭირდათ, ქულები რომ არ დაეკარგათ.
"სამტრედიამ" თამაში ძალიან კარგად დაიწყო. მათ მწვრთნელზე
"დინამოს" შემადგენლობაში კი ერთდროულად სამმა ახალწვეულმა ითამაშა - გია კვარაცხელიამ და ირაკლი ლილუაშვილმა ძირითადში, დავით მუჯირმა კი - შეცვლაზე. ცხადია, გუნდთან შესათამაშებლად მათ დრო სჭირდებათ, მაგრამ ვიცე-ჩემპიონს უდავოდ გააძლიერებენ.
...მე-15 წუთზე ილია პავლიაშვილმა შეტევა საჯარიმოს ხაზთან გიგა კვერენჩხილაძეს გააგრძელებინა, რომელმაც კარიდან ოდნავ წინ გამოსული გიორგი ლორია შენიშნა და ბურთის თავზე გადაგდება სცადა - "დინამო" მეკარის დროულმა ნახტომმა იხსნა.
21-ე წუთზე გიორგი თექთურმანიძემ მწვავედ შეუტია და კარს მცირე მანძილით ააცილა. გავიდა ორიოდ წუთი და კვარაცხელია-ლორიას შეუთანხმებლობით კვერენჩხილაძეს უნდა ესარგებლა. სამტრედიელმა მცველს დაასწრო და დაარტყა კიდეც, მაგრამ ათიოდე მეტრიდან ბურთი კარს ააცილა.
ერთ წუთში პავლიაშვილმა თემურ ფურთუხიას კარგი გადაცემა ვერ გამოიყენა. 29-ე წუთზე "სამტრედიამ" მორიგი სწრაფი კომბინაცია წამოიწყო, პავლიაშვილმა ჩინებული გადაცემით მეკარესთან პირისპირ დატოვა კვერენჩხილაძე, რომელსაც მეკარე ლორიამ შეუშალა ხელი.
სამტრედიული "ელექტროშოკი" ეფექტური გამოდგა. მასპინძლები გამოფხიზლდნენ, კლასმაც თავისი გაიტანა და 32-ე წუთზე ანგარიშიც გაიხსნა - ალეკო კოშკაძის მიერ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს ლილუაშვილმა შეუცვალა მიმართულება და "დინამო" დააწინაურა - 1:0.
მასპინძლებმა სტუმართა დაბნეულობით ისარგებლეს და მალე გიორგი კახელიშვილს ახლო მანძილიდან ანგარიშის გაზრდა შეეძლო - სტუმართა მეკარე ლაშა ძაგანიამ ბურთი კუთხურზე მოიგერია.
"დინამომ" შეტევა გაგარძელა, დონალდ ჯუსი ორ მცველს გაცდა და საჯარიმოსთან კოშკაძე მოძებნა - "დინამოს" ნახევარმცველის დარტყმა ზუსტი და ძლიერი გამოდგა - 2:0. საერთოდ, კოშკაძე "დინამოში" გამორჩეული გახლდათ, ლამის ყველა შეტევას იწყებდა, ბევრს და მწვავედ უტევდა, მეორე ტაიმში ჰეთ-თრიკის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ... რეალიზაციაში მოიკოჭლებდა.
...39-ე წუთზე ლევან კაკუბავამ მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში მოძებნა ლილუაშვილი, რომელმაც ახლო მანძილიდან თავური დარტყმით სხვაობა გაზარდა - 2:0. მეორე ტაიმი კი "ღია კარის" დღე იყო. "სამტრედიამ" დაცვა მოაშიშვლა და მასპინძელმა მომენტი მომენტზე შექმნა. თამაშის განახლებისთანავე, ლილუაშვილის კუთხურითა და კაკუბავას ზუსტი თავურით ანგარიში 3:0 გახდა.
"სამტრედიამ" სხვაობა მალევე შეამცირა: მარჯვენა ფლანგზე კვერენჩხილაძემ კარგად ითამაშა - საჯარიმოში მოძებნა ვაკო ტყემალაძე, რომლის თავურიც ზუსტი გამოდგა - 3:1. მერე დაიწყო, რაც დაიწყო - ყველა მომენტის აღწერას ორი გვერდი არ ეყოფა და მოკლედ გეტყვით: "დინამოდან" გოლის გატანა შეეძლოთ ჯუსს (ძელი!), კოშკაძესა (სამჯერ მოარტყა ძელს!) და თექთურმანიძეს. სტუმართაგან კი სახიფათოდ კვერენჩხილაძე, ქებაძე, ტყემალაძე, კაკალაძე უტევდნენ.
68-ე წუთზე "სამტრედიის" ფეხბურთელები პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ: კაკალაძე საჯარიმოში შეიჭრა და მცველთან ორთაბრძოლაში წაიქცა. გვიჭირს იმის თქმა, რამდენად სამართლიანი იყო სტუმართა პროტესტი. მატჩის შემდეგ სამტრედიელთა მთავარმა მწვრთნელმა გელა სანაიამ სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება - ჩვენი მსაჯები გაჭირვებულ კლუბებს ხშირად უსამართლოდ ექცევიანო. თუმცა სამართლიანობა მოითხოვს, ვთქვათ, რომ "შავოსნები" არც "დინამოს" წყალობენ, რაც წინა ტურშიც გამოჩნდა.
...მატჩის ბოლო ეპიზოდები - სტუმართა ნახევარმცველმა შოთა ჩომახიძემ საჯარიმო დარტყმით სამჯერ სცადა ანგარიშის შემცირება და მხოლოდ ბოლო ცდა გამოუვიდა წარმატებული - ბურთი "ცხრიანში" ჩაახვია და მატჩი 3:2 დასრულდა. დინამოელებმა მთავარ მწვრთნელ კახა კაჭარავას დაბადების დღე (44 წლის გახდა) გამარჯვებით მიულოცეს.
მატჩის შემდეგ
გელა სანაია (სამტრედია): "ვიბრძოლეთ, მაგრამ არ გაგვიმართლა... სპონსორის საკითხი ჯერ კიდევ გაურკვეველია. ერთი თვის დავალიანების გასტუმრებას გვპირდებიან, მაგრამ ეს საკითხი მაინც ბუნდოვანია... კაკალაძის წაქცევისთვის მსაჯს პენალტის დანიშვნა შეეძლო. ამის მიუხედავად, "დინამოს" სამ ქულას ვულოცავ. სხვათა შორის, ტელევიზიები ჩემპიონატის მიმოხილვას რომ აღარ გადასცემენ, მსაჯებმა გაილაღეს. პრობლემები შეგვიქმნეს "სპარტაკთან", "კოლხეთთან"... დღევანდელზე უკვე გითხარით. გთხოვთ, მსაჯობას ყურადღება მიაქციოთ. ეს ან არაკომპეტენტურობის ბრალია, ან... სხვა რამის. როცა იციან, რომ მატჩების მიმოხილვა ტელევიზიით გადაიცემა, მსაჯები უფრო მობილიზებულები არიან".
კახა კაჭარავა (დინამო): "თავიდან სათამაშო დისციპლინაში მოვიკოჭლებდით და სამტრედიელებმა სამი კარგი მომენტი ვერ გამოიყენეს. ჩვენ კი მეორე ტაიმში ბევრი შანსი გავანიავეთ. ასეთი დაბალი რეალიზაცია დაუშვებელია. შევეცდებით, ვითარება მომავალ მატჩებში გამოვასწოროთ... ახალწვეულები გუნდს ნელ-ნელა ეგუებიან, ტრავმირებულებიც დაგვიბრუნდებიან და იმედია, მალე დიდ დახმარებას გაგვიწევენ. რაც შეეხება ტელეჩვენებას... უცხოური ჩემპიონატები ყველას გვაინტერესებს, მაგრამ პრიორიტეტი საქართველოს პირველობას უნდა მიენიჭოს".
19.10. თბილისი. ბ. პაიჭაძე. 600 მაყურებელი.
დინამო 3
სამტრედია 2
1:0 ლილუაშვილი (32. კოშკაძის პასით), 2:0 კოშკაძე (36. ჯუსის პასით), 3:0 კაკუბავა (52. ლილუაშვილის პასით), 3:1 ტყემალაძე (56. კვერენჩხილაძის პასით), 3:2 ჩომახიძე (90)
დინამო სამტრედია
4-5-1 4-4-2
ლორია ძაგანია
კაკუბავა კუპრეიშვილი
თომაშვილი დვალიშვილი
კვარაცხელია თ. შალიკაშვილი
ხმალაძე ბაკურაძე
ჯუისი ჩომახიძე
კოშკაძე ქებაძე
თექთურმანიძე ფურთუხია
ლილუაშვილი ტყემალაძე
კახელიშვილი პავლიაშვილი
სიხარულიძე კვერენჩხილაძე
დინამო
70. სიხარულიძე - მეტრეველი
76. ჯუისი - მუჯირი
84. თექთურმანიძე - ლექვთაძე
სათადარიგოები: ნადირაძე, ჩადუნელი, გავაშელიშვილი, მამუჩაშვილი
სამტრედია
62. კვერენჩხილაძე - კაკალაძე
76. ბაკურაძე - ჩხიკვაძე
87. ფურთუხია - ი. შალიკაშვილი
სათადარიგოები: ჯინჭარაძე, კირკიტაძე, ხუმარაშვილი, ეცადეიშვილი
გაფრთხილებები: ფურთუხია (57), თომაშვილი (73), კაკუბავა (82)
არბიტრი: ჯ. ხორავა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"