თუმცა შეხვედრამ იმედები არ გაამართლა: ვერც "სიონმა"" დაამტკიცა, რომ წინა ტურში მიღწეულის გაგრძელება ძალუძს
ალბათ, ამის გამოძახილი იყო, მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე, აღმოსავლეთ ტრიბუნაზე განლაგებული ფანების, ე.წ. "ჯუნგლების"" რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და ქუთათურთა თავკაცს ნამდვილი ობსტრუქცია ჯერ კიდევ ბოლო წუთებში მოუწყო - ქომაგები უხამს ფრაზებსა და გინებას სკანდირებდნენ საკუთარი კლუბის თავკაცის მისამართით.
მანამდე კი ქუთაისის მთავარ არენაზე შემდეგი მოხდა:
პირველი ხიფათი მასპინძლებმა უკვე მესამე წუთზე შექმნეს, ახლო მანძილიდან ფარულავა ურტყამდა, მაგრამ ბურთს მეკარე და დაცვა გადაეღობა, ხოლო თუ ვინ მოახერხა კარის გადარჩენა, მისი გარჩევა ვერ მოვახერხეთ;
ორიოდ წუთზე ირაკლი ცნობილაძე კარგად კი შეიჭრა ფლანგზე საჯარიმოს ხაზთან ახლოს, მაგრამ მის სახიფათოდ ჩაწოდებულს თანაგუნდელები არ გამოეხმაურნენ;
მე-14 წუთზე გია თოდუამ კარგად დაინახა წინ გამოსული ქვილითაია, მაგრამ ცოტათი ააცილა - აღსანიშნავია, რომ ქუთათურთა მეკარე კარს მაინც აკონტროლებდა;
ათიოდ წუთში სტუმრებს მეკარესთან პირისპირ გასვლა შეეძლოთ, მაგრამ ოფსაიდში მყოფმა გოცირიძემ ბურთისკენ გაიწია - ლაინსმენმა სამართლიანად აღნიშნა თამაშგარე, თუმცა ბოლნისელებმა მისი დაგვიანებით (ასეც უნდა მომხდარიყო) დაფიქსირების გამო გააპროტესტეს;
27-ე წუთზე დიღმელაშვილის გათამაშებულ ჯარიმას გოლი მოჰყვა, თუმცა სამართლიანად გაუქმდა - ქუთათურმა სასტვენის გარეშე ჩააწოდა;
ორიოდ წუთში საჯარიმოში გიორგი გურული დაეცა, მაგრამ დავით ხარიტონაშვილს პენალტი ვერ დასტყუა;
32-ე წუთზე ისევ დიღმელაშვილს ჩაწოდებულს მოჰყვა ხიფათი, მცველებმა ვერ შეძლო ბურთის ხეირიანად გამოტანა - ცნობილაძის დარტყმული "სიონის" მეკარემ მოიგერია;
ამის შემდეგ 3 წუთში ქვემო ქართლელებს ორი რეალური შანსი მიეცათ: ჯერ დაცვის შეუთანხმებლობამ გოცირიძე მეკარეს პირისპირ შეჰყარა, მაგრამ ფორვარდმა, ფაქტობრივად, მოუმზადებლად დაარტყა და მოულოდნელი საჩუქარი ქარს გაატანა, თუმცა ქვილითაის სწორ პოზიციაში ყოფნაც აღსანიშნავია; მალევე ვლადიმერ უგრეხელიძეს მიეცა კარგი შანსი, მაგრამ ქუთათურები ისევ ქვილითაიამ გადაარჩინა;
56-ე წუთზე, ქუთათურებს მიეცათ შანსი, მაგრამ როსტიაშვილის თავური ბობღიაშვილის იოლი ნადავლი გახდა. აქვე აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის რამაზ მუმლაძეს სამი შეცვლა უკვე გაკეთებული ჰქონდა;
ამ ეპიზოდიდან ხუთიოდ წუთში ჯერ ჩიკვილაძეს აუღო სტუმართა მეკარემ, ხოლო იქვე - მარჯვნიდან კარგად შეიჭრა გია თოდუა, რომელიც მანამდე მცველებს "გაეპარა", კარგადაც დაარტყა, მაგრამ საკმაოდ მახვილი კუთხიდან, რამაც ქვილითაიას შანსი გაუზარდა; ქუთათურები მეკარემ ამჯერადაც გადაარჩინა;
შემდეგ ორი ხიფათის მაგვარი შექმნეს მასპინძლებმა: პირველ ეპიზოდი ბობღიაშვილმა კარი გააკონტროლა და ბურთი ცოტათი გადასცდა, ხოლო მეორედ - დროულად და საიმედოდ დატოვა საჯარიმო და ვარდნაში აართვა ბურთი მეტოქის ფორვარდებს;
ბოლო საინტერესო ეპიზოდი 84-ე წუთისთვის ჩავინიშნეთ - ქუთათურებმა დიღმელაშვილზე თამაშისას პენალტი მოითხოვეს, თუმცა არბიტრმა შექმნილ ვითარებას გაუძლო და ქუთათურებს უსაფუძვლო მოთხოვნაზე უარი უთხრა. აქვე გეტყვით, რომ წინა სკანდალური სამსაჯო ტურის შემდეგ, სამსაჯოდ რთულ შეხვედრას ხარიტონაშვილმა და კომპანიამ კარგად გაართვეს თავი.
...რამაზ მუმლაძე დასავლეთ ტრიბუნამაც ობსტრუქციით გააცილა გასახდელში. პრესკონფერენციაც ქომაგების მიერ მწვრთნელის საწინააღმდეგო ფრაზების სკანდირების ფონზე მიმდინარეობდა. ქუთათურთა თავკაცს დანა პირს არ უხსნიდა - რა ვთქვა, სათქმელი რა გვაქვსო. იქვე შემდეგი დაამატა: "ნამდვილად არ ველოდით, თუ ზესტაფონის შემდეგ ასე ცუდად ვითამაშებდით. ვერ ვიტყვი, რომ ბიჭებმა ბოლომდე არ იბრძოლეს, მაგრამ ხედავთ - რა დღეში აღმოვჩნდით. ვახტანგ კვარაცხელიას არყოფნა ჩვენთვის დიდი
დანაკლისია, ზესტაფონში შეხვედრას დიდი ენერგია შეავლიეთ და შესაძლოა, აღდგენა ვერ მოვასწარით, თუმცა ეს არ გვამართლებს". როგორც კომენტარიდან მიხვდებით და არც სხვა მხრივაც შეგვიმჩნევია, რომ მუმლაძე გადადგომას აპირებს. ყოველ შემთხვევაში, პრესკონფერენციის დასრულებისას იგი კვლავ პოსტზე რჩებოდა.
ამასობაში სტადიონის მთავარ გასასვლელ ჭიშკართან რამდენიმე ასეულ ქომაგს მოეყარა თავი. ისინი, კვლავინდებურად, მუმლაძის გადადგომას მოითხოვდნენ და საკმაოდ შეურაცხმყოფელ ფრაზებსაც გაიგონებდით. მაშინ, როცა სტადიონი ორმა მსუბუქმა ავტომობილმა დატოვა, ქუთაისელმა ფანებმა შესძახეს - მუმლაძეაო, რასაც ის მოჰყვა, რომ ავტომობილებს ალყა შემოარტყეს. რადგან პოლიციელთა კორიდორმა საქმეს ვერ უშველა, სამართალდამცველთა სხვა ჯგუფმა ალყაში მოიქცია ავტომობილები და ასე გაიყვანა სამშვიდობოს. ვერ დავიჩემებთ, მაგრამ როგორც გვითხრეს, იმ დროისთვის მუმლაძე სტადიონზე იმყოფებოდა. სავარაუდოდ, გუშინვე, ნამატჩევს კლუბის თავკაცებთან შეხვედრა ექნებოდა. სხვათა შორის, ქუთაისურმა კლუბმა საპატიო სტუმარი, პაატა ბურჭულაძეც უკმაყოფილო დატოვა - "ტორპედოს" სახელოვანი მომღერლის ფეხმაც ვერ უშველა.
"ვერ ხვდება ეს მუმლაძე, რომ ვერ დააყენა გუნდი?"; "წავიდეს, თავი დაგვანებოს - ხომ თქვა, "ზესტაფონთან" თუ ვერ მოვიგებ, წავალო?"; "არ უნდა გაეშვათ შარშანდელი შემადგენლობის ხალხი... მოსახსნელია აბა რა, მისმა საკადრო პოლიტიკამ და მწვრთნელობამ კრახი განიცაადა" - ეს არის ქომაგების განცხადებებიდან კორექტული გამონათქვამები. თუმცა ისეთებიც იყვნენ, რომლებაც "ტოპედოს" თავკაცისადმი სიმპატიას გამოხატავდა, თუმცა ისინიც მის გადადგომას ითხოვდნენ - ცოდვაა ნამდვილად, მაგრამ არ გამოდის და გადადგომა საუკეთესო გამოსავალიაო. მატჩის დასრულებიდან თითქმის ერთი საათი გასულიყო, როცა სტადიონი დავტოვეთ და ქუთაისელი ქომაგების პროსტეტის ხმა ჯერ კიდევ ისმოდა სტადიონის მისადგომებიდან...
19.10. ქუთაისი. ცენტრალური. 2 500 მაყურებელი
ტორპედო 0
სიონი 0
ტორპედო სიონი
4-2-3-1 4-5-1
ქვილითაია ბობღიაშვილი
ფოფხაძე ქორიძე
ფარულავა თარგამაძე
ს. თოდუა რაქვიაშვილი
გურული ორბელაძე
ჩიკვილაძე ვაშაკიძე
დიღმელაშვილი დიდავა
გ. დათუნაიშვილი ლ. ნოზაძე
როსტიაშვილი ვ. უგრეხელიძე
გ. ჩხეტიანი გ. თოდუა
ცნობილაძე რ. გოცირიძე
ტორპედო
36. ჩხეტიანი - ნ. კვასხვაძე
51. დათუნაიშვილი - გიგაური
53. ცნობილაძე - ხაჭიპერაძე
სათადარიგოები: მიგინეიშვილი, მაჭავარიანი, თარხნიშვილი, კემუხტაშვილი
სიონი
62. გოცირიძე - ისიანი
69. გ. თოდუა - სანიკიძე
83. თარგამაძე - ოქროპირიძე
სათადარიგოები: მერლანი, ბობოხიძე, ქურასბედიანი, ლ. ჩხეტიანი
გაფრთხილება: ფარულავა (5), თარგამაძე (37), სანიკიძე (80)
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი
მამუკა ქანთარია
ქუთაისიდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"