თავდაცვის სამინისტრო ზუგდიდის "ბაიას" დააფინანსებს?

AutoSharing Option
თუკი ადრე სახელმწიფო სტრუქტურებს გუნდების დაფინანსება აუკრძალეს, ახლა პირიქით არის: ბოლო დროს სახელმწიფო ორგანიზაციები და სტრუქტურები ფეხბურთით დაინტერესდნენ, რეგიონების გუნდებს მიხედეს და მათი დაფინანსება ლამის სახელმწიფო პოლიტიკის დონეზეც აიყვანეს.

ბოლო მაგალითი გორის "დილაა", რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო პატრონობს და ისე მოფერიანდა, თასის ფინალში გავიდა და ეროვნული ჩემპიონატის ხუთეულში მოხვდა.

ახლა კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზუგდიდის "ბაიას" დაფინანსებას თავდაცვის სამინისტრო აპირებს.

ინფორმაციის თანახმად, მთავარ მწვრთნელად ელგუჯა ქომეთიანს ტოვებენ, მანამდე, ვიდრე გუნდს თავდაცვის სამინისტრო გადაიბარებს.

მაგრამ ჯერ საკითხი არ გადაწყვეტილა და ამიტომაც
არის, ეს ამბავი რომ არ აფიშირდება.

ინფორმაცია, რომ კალათბურთის და რაგბის კლუბების შემდეგ თავდაცვის სამინისტრო საფეხბურთო კლუბის ჩამოყალიბებას აპირებდა, ჯერ კიდევ შარშან დეკემბერში გაჩნდა.

"არმია" ორივე სახეობაში წარმატებული და კარგად დაფინანსებული პროექტი აღმოჩნდა. საფეხბურთო "არმიას" ჩამოყალიბება ამ პროცესის ლოგიკურ გაგრძელებად ჩანდა.

ზამთარში ლაპარაკი იყო "არმიასა" და "გაგრას" გაერთიანებაზე და "გაგრაში" ეს ინტერესი (და არა მოლაპარაკება) კულუარულად დაგვიდასტურეს.

სხვათა შორის, საკალათბურთო და სარაგბო კლუბებიც ასე შეიქმნა: მორაგბეები "უნივერსიტეტს" გაუერთიანდნენ, კალათბურთელები - რუსთავის "აზოტს".

"ბაიას" სამომავლო სიახლეებზე გუნდის მთავარ მწვრთნელს, ელგუჯა ქომეთიანს დავუკავშირდით:

"ჩვენ იმაზე მეტი არ ვიცით, რასაც ამბობენ. ეს ინფორმაციაც ინტერნეტიდან შევიტყვეთ. მეორე თვეა, გუნდს ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ინახავს და ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გამოსწორდა, ხელფასებსა და პრემიებს დროულად არიგებენ.

შეიძლება ცვლილებები მოხდეს, მაგრამ ეს ფეხბურთელებსა და ხელმძღვანელებს თუ შეეხებათ. მეპატრონეზე კი ვერაფერს მოგახსენებთ".

ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელს ალექსანდრე ქობალიას ვთხოვეთ.

- შეეფერება სიმართლეს ცნობა, თითქოს "ბაიას" თავდაცვის სამინისტრო დააფინანსებს?
- ამ კუთხით ჯერ არაფერი გადაწყვეტილა. გუნდი დღემდე ჩვენი მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, მაგრამ ცვლილებები აუცილებლად იქნება.

- რას გულისხმობთ?
- საკადრო და ფინანსურ ცვლილებას. ჩვენი სურვილი გაძლიერებაა.

- ანუ თავდაცვის სამინისტრო "ბაიასთან" არ ითანამშრომლებს?
- ჯერ ამაზე ლაპარაკი არ ყოფილა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული