- საკმაოდ მძიმე თამაში გამოდგა. გამარჯვებას ულაპარაკოდ ვიმსახურებდით, მაგრამ თავიდან შებოჭილები ვიყავით და საკუთარი უპირატესობის რეალიზება მოგვიანებით მოვახდინეთ. მხოლოდ "სპარტაკის" მიერ გატანილმა გოლის შემდეგ გამოვცოცხლდით და დიდი მონდომებით შევძელით სამი ქულის მოპოვება.
- ორივე გოლი ირაკლი კლიმიაშვილის პასით გაიტანეთ.
- ირაკლიმ ეს მატჩი უმაღლეს დონეზე ჩაატარა და არაერთი სახიფათო
- საკუთარ თამაშს როგორ შეაფასებთ?
- რა თქმა უნდა, ძალიან გახარებული ვარ, რომ ჩემმა გოლებმა "ვიტ ჯორჯიას" გამარჯვება მოიტანა, მაგრამ ჩემი წარმატება თანაგუნდელების დამსახურებაა. გამარჯვებაში მთელმა გუნდმა შეიტანა წვლილი. ჩემს ფორმას რაც შეეხება, სულაც არ მიმაჩნია, რომ ოპტიმალურ კონდიციებში ვარ. სეზონის მსვლელობისას კიდევ უფრო შედეგიანად ავთამაშდები.
- აქამდე ბევრი გოლი არ გაგქონდათ, ახლა კი ბომბარდირობისთვის იბრძვით.
- სიმართლე გითხრათ, აქამდე ბომბარდირობაზე არასოდეს მიფიქრია, რადგან ცენტრფორვარდი არ ვარ და გატანა ჩემი მთავარი ფუნქცია არაა. თუმცა ახლა, როცა ლიდერებს შორის ვარ, მეც გამიჩნდა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირობისთვის ბრძოლის სურვილი. ამ ტიტულს ყოველთვის ცენტრალური თავდამსხმელები ხომ არ იგებენ. ზოგჯერ საუკეთესო ბომბარდირები ნახევარმცველებიც კი ხდებიან.
- "ვიტ ჯორჯიადან" არაერთი წამყვანი ფეხბურთელი წავიდა და ძირითად შემადგენლობაში ჭაბუკები დამკვიდრნენ. როდის გახდება გუნდი ძველებურად ძლიერი?
- ვიტ ჯორჯიას შესანიშნავი თაობა ეზრდება და არცთუ დიდი ხნის შემდეგ "ვიტ ჯორჯია" კვლავ იქნება საქართველოს ჩემპიონობის რეალური პრეტენდენტი. ამ ბიჭებს გარკვეული დრო სჭირდებათ მთავარ გუნდთან ადაპტაციისთვის და ამის შემდეგ ძალიან ბევრს მიაღწევენ.
- გუნდის მიზანი ალბათ, ევროთასების საგზურის მოპოვებაა.
- უპირველეს ყოვლისა, შევეცდებით, ბოლომდე ვიბრძოლოთ საქართველოს ჩემპიონობისა და თასის მოსაპოვებლად, ჩვენი პროგრამა-მინიმუმი კი მართლაც ევროტურნირებზე თამაშის უფლების მოპოვებაა. ამის ძალა ნამდვილად შეგვწევს. გასული ტურის შედეგად, ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე გადავინაცვლეთ. დარწმუნებული ვარ, ამ პოზიციასაც შევინარჩუნეთ და ლიდერებსაც დიდ კონკურენციას გავუწევთ.
- განვლილი მატჩებიდან რომელი იყო "ვიტ ჯორჯიასთვის" საუკეთესო და ყველაზე ცუდი?
- ფოთში ცუდად ვითამაშეთ და დამსახურებულადაც დავმარცხდით. ეს დიდწილად, იმის ბრალი იყო, რომ მეტოქე სათანადოდ ვერ შევაფასეთ. ყველაზე კარგი თამაში კი ჯერჯერობით, "სამტრედიას" წინააღმდეგ ჩავატარეთ. თავიდან მეტოქე სოლიდურად დაწინაურდა, მაგრამ მატჩში გარდატეხის შეტანა შევძელით. ისე კი, ეს ჩემპიონატი წინაზე გაცილებით ძლიერია და ნებისმიერ მეტოქესთან ქულების მოპოვება ურთულესი საქმეა.
- თავად რამდენ ხანს აპირებთ "ვიტ ჯორჯიაში" თამაშს?
- აქ არაერთი წელიწადი გამიტარებია და ვფიქრობ, "ვიტ ჯორჯიას" წინაშე ჩემი ვალი მოვიხადე. გუნდში მინიმუმ ზამთრამდე კიდევ დავრჩები, მერე კი ვნახოთ, თუ საინტერესო წინადადება მივიღე, კარიერას სხგან გავაგრძელებ. კლუბის შეცვლა გასულ ზაფხულსაც შემეძლო, მაგრამ ხელსაყრელი ვარიანტი არ მქონია და "ვიტ ჯორჯიაში" დარჩენა ვამჯობინე.
- ექტორ კუპერის მწვრთნელობისას ეროვნულ ნაკრებში რამდენიმე მატჩი ჩაატარეთ. თუ გაქვთ იქ დაბრუნების იმედი?
- ნაკრებში თამაში ყველა ქართველი ფეხბურთელიც ოცნებაა და გამონაკლისი არც მე ვარ. ბევრს ვიშრომებ და ცდას არ დავაკლებ, რომ თემურ ქეცბაიამ ნაკრებში თავის გამოჩენის შანსი მომცეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"