- უპირველესად, უმაღლეს ლიგაში გადასვლას გილოცავთ...
- მე ის მახარებს, რომ პირველ ლიგაშიც პირველ ადგილზე გავედით და პლეი აუტშიც. ეს გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება იყო. საინტერესო და დაძაბული თამაშები გვქონდა და მიხარია, ამ სირთულეების გადალახვა რომ შევძელით.
- ცხადია, ჯერ ცვლილებები გვაინტერესებს - ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ მეკარე რევაზ თევდორაძე ბაქოს "ინტერში" გადავიდა...
- მოთამაშეთა 70 პროცენტს კონტრაქტი დაუსრულდა და სხვა კლუბში
თევდორაძემ გვითხრა, რომ გასინჯვაზე მიდიოდა. კარგი ადამიანი და სპორტსმენია, გუნდს უმაღლესში დაბრუნებაში დაეხმარა და რადგან ბაქოში უკეთესი პირობები შესთავაზეს, გზა უნდა დავულოცოთ.
- შემადგენლობას გააძლიერებთ?
- ჯერ თავად უნდა გადავწყვიტოთ, რა გუნდს ჩამოვაყალიბებთ, რა მიზნები გვექნება და კონტრაქტებსაც აქედან გამომდინარე გავაფორმებთ. ეს საკითხი მალე გადაწყდება. თუმცა მონახაზი გვაქვს, ვინ დავიმატოთ და ვინ გავუშვათ. მიზანი ბიუჯეტის შესაბამისი იქნება. გავძლიერდებით თუ ასპარეზობას დღევანდელი ბიუჯეტით გავაგრძელებთ, ფინანსურ საკითხებზეა დამოკიდებული და ხელმძღვანელობა გადაწყვეტს.
- იმედია, "ჩიხურას" ფინანსურად არ გაუჭირდება...
- ჩვენთან ფინანსური პრობლემა არც ყოფილა, მაგრამ "ჩიხურას" არც "სიონზე" მეტი ბიუჯეტი ჰქონდა და არც "სპარტაკზე". მთავარია, თანხა ეფექტურად და აზრიანად გამოიყენო.
- ახალ სეზონში საჩხერის ცენტრალურ სტადიონზე ითამაშებთ თუ ბაზაზე, სადაც ხელოვნურსაფარიანი მოედანია?
- ჩვენი სურვილია, სოფელ ივანწმინდაში ვითამაშოთ, რადგან იქ არის ძალიან კარგი ხარისხის ბალახისსაფარიანი მოედანი. იქ განახლდება გასახდელები, მსაჯთა და დამკვირვებელთა ოთახები; ტრიბუნები ისედაც არის, მაგრამ ახლა სტუმართა და პრეს-ლოჟის დამატება გვინდა და მიმაჩნია, რომ იქ თამაში სასიამოვნო იქნება.
დარწმუნებული ვარ, კომფორტისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით, სტადიონი უმაღლესი ლიგისთვის მისაღებია და მატჩების მასპინძლობის უფლებას მოგვცემენ.
- შეკრებას სად გაივლით?
- ჯერ შეკრება არ დაგვიგეგმია, რადგან ყრილობამდე ზუსტად არ ვიცოდით, უმაღლეს ლიგაში რამდენი გუნდი ითამაშებდა და აქედან გამომდინარე, მოსამზადებელი ეტაპი ვერ დავგეგმეთ.
ახლა უკვე ვიცით, 12-გუნდიანი ჩემპიონატი ჩატარდება და შეკრებას ამის მიხედვით დავგეგმავთ. თუმცა კვლავაც მიმაჩნია, რომ 16-გუნდიანი ჩემპიონატი უფრო მისაღები იქნებოდა.
სოსო ფრუიძე: ჩვენი მიზანი ბიუჯეტზეა დამოკიდებული (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"