ფედერაციამ ეროვნული ჩემპიონატი კლუბებს გადააბარა

AutoSharing Option
რამდენი გუნდი ითამაშებს საქართველოს ჩემპიონატში და რა სისტემით? ფეხბურთის ფედერაციის 21-ე ყრილობაზე დაადგინეს, რომ 2012-13 წლების სეზონში მონაწილეთა რაოდენობა არ გაიზრდება, მაგრამ ჩემპიონატის სისტემაზე დისკუსია გადადეს და 6 ივნისს ფედერაციაში გააგრძელეს.

საბოლოო გადაწყვეტილება ვერც ამ შეხვედრაზე მიიღეს, მაგრამ სასურველი სისტემის კონტურები გამოიკვეთა და კიდევ - კლუბების წარმომადგენლები პროფლიგის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ. 7 ივნისს კი თბილისის "დინამოს" დიღმის ბაზაზე საბოლოო გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

შეხვედრის შემდეგ კლუბების ხელმძღვანელებს კომენტარები ჩამოვართვით.

ლევან ფხაკაძე ("ტორპედოს" პრეზიდენტი):
"ყველანი შევთანხმდით, რომ პროფლიგის აღდგენა აუცილებელია და მომავალი ჩემპიონატი ლიგის
ხელმძღვანელობით უნდა ჩატარდეს.

7 ივნისს შევიკრიბებით და ვიმსჯელებთ მის დებულებაზე, სტრუქტურაზე, ფუნქციებზე და ვფიქრობ, რომ ეს ორგანიზაცია რამდენიმე დღეში აღდგება. მერე პროფლიგა გადაწყვეტს, ჩემპიონატი რა სისტემით ჩატარდეს და როდის უნდა დაიწყოს.

ჩემი მოსაზრებაა, რომ უნდა იყოს 12-გუნდიანი ჩემპიონატი, რომელიც შემდეგ ზედა და ქვედა ექვსეულებად გაიყოფა, ოღონდ ქულები შენარჩუნდება. ჯამში 32 თამაში გამოდის. კვირაში ერთი ტური იქნება, ნორმალურ დროს დაიწყება და დამთავრდება. მიმაჩნია, რომ უახლოეს კვირაში ბევრი რამ გაირკვევა".

რომან ფიფია ("დინამოს" მეპატრონე):

"მთავარია, რომ პროფლიგა აღდგება და მისი მენეჯერის არჩევა მოგვიწევს, რაც სულაც არ იქნება იოლი საქმე. მიმაჩნია, რომ ხვალ ყველაფერი უნდა გადაწყდეს - რეგლამენტი, ჩემპიონატის დაწყება და ა.შ. რაც მთავარია, უნდა იყოს მეტი მატჩი.

ჩემი აზრი სხვებისას დაემთხვა - აჯობებს 12-გუნდიანი ჩემპიონატი, რომელსაც 6-6 გუნდი გააგრძელებს. ისიც კარგია, რომ უკვე საქმე გადაწყვეტამდეა მიყვანილი".

ილია კოკაია ("ზესტაფონის" პრეზიდენტი):
- ადრეც ვთქვი და ვიმეორებ, რომ ეროვნულ ჩემპიონატში უნდა ითამაშონ ლიცენზიის მქონე გუნდებმა. რეალობის გათვალისწინებით, არალიცენზირებულებიც უნდა დაუშვან, მაგრამ ჩემი და "ტორპედოს" მოთხოვნაა, რომ მხოლოდ კარგ მოედნებზე ვითამაშოთ. ეს ჩვენი ჩემპიონატის დონესა და პრესტიჟს წაადგება. გუნდებმა კი არსებული პრობლემები დროულად უნდა მოაგვარონ.

თუ ეს გამოსწორდება და გუნდებს ნორმალურად დააფინანსებენ, 16 გუნდის მონაწილეობასაც სიამოვნებით დავთანხმდებით. ახლა ოპტიმალური ვარიანტი 12 გუნდია, სისტემას კი დეტალურად ხვალ განვიხილავთ.

- პროფლიგის აღდგენაზე რას ფიქრობთ?
- პროფლიგის შექმნა მისაღები იდეაა, მაგრამ ძველი გამოცდილება და შეცდომები უნდა გავითვალისწინოთ. ორგანიზაციამ საქმიანობა ფინანსური პრობლემების გამო შეაჩერა. ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, იგივე რომ არ მოხდეს და პროფლიგის დაფინანსების წყაროები უნდა მოვიძიოთ.

ზვიად სიჭინავა (საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი):
- მორჩა, ჩემპიონატს თავად კლუბები მიხედავენ. ჩატარდება პროფლიგის ყრილობა, აირჩევენ პრეზიდენტსა და აღმასკომის წევრებს. უპირველესად კი, ჩემპიონატის თარიღებზე უნდა შეთანხმდნენ. სხვათა შორის, კლუბების ასეთი აქტიურობა ძალიან მახარებს.

აქვე მინდა ყველა იმ ადამიანს მივმართო, ვისაც პროფლიგის აღდგენამ იმედი გაუღვიძა. ფეხბურთი იყო, არის და იქნება ფედერაციის. მათ სისტემა უნდა ჩამოაყალიბონ და ჩვენ უნდა შეგვითანხმონ, შემდეგ უეფაში რომ გავაგზავნოთ და მათი თანხმობა მივიღოთ.

პროფლიგის ჩამოყალიბება ფედერაციისთვისაც უკეთესი იქნება, რადგან ჩვენ ისედაც უამრავი საქმე გვაქვს. ვგულისხმობ სახელმწიფო და საერთოდ, ინფრასტრუქტურულ პროგრამებს. კარგია ისიც, რომ თავად კლუბები გაიგებენ, რა სირთულეებს უკავშირდება ლიცენზირება, მსაჯების ხელფასების დარიგება და ა.შ. საერთოდ, ამ პროცესს ძალიან იმედიანად ვუყურებ.

- მართალია, რომ თქვენი ინიციატივით ლიგას გია ფირცხალავა უხელმძღვანელებს?
- პრეზიდენტი თავად კლუბებმა უნდა აირჩიონ და მათ საქმიანობასა და არჩევანში არ ჩავერევი. პროფლიგა არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელმაც ხელშეკრულება ფედერაციასთან უნდა გააფორმოს და შეასრულოს ყველა ის მოთხოვნა, რომელიც ფიფა-უეფას გააჩნია.

- საორგანიზაციო ჯგუფს ვინ ხელმძღვანელობს?
- ამ საკითხს თავად კლუბები მიხედავენ.

- ფედერაცია ლიგას საპრიზო ფონდით დაეხმარება?
- ჯერ ლიგა ჩამოყალიბდეს და საპრიზო ფონდზე მერე ვილაპარაკოთ. ძალიან ბევრი ლაპარაკი იყო მარკეტინგზე, როგორ უნდა შეიფუთოს ეს პროექტი და ბიზნესს რა სახით მივაწოდოთ.

- სახეზე აშკარად გეტყობათ კმაყოფილება. ჩემპიონატის ჩატარება ასეთი ტანჯვა იყო?
- ყოველთვის კმაყოფილი ვარ, როდესაც საქმე კეთდება, ხალხი მსჯელობს და დრო ერთმანეთის გინებაში არა გაჰყავთ. დღეს მხოლოდ "დილა" და "ბაია" არ იყვნენ. ყველა დანარჩენმა სატკივარზე ღიად ილაპარაკა. აქამდე არავის უფიქრია, ფული საიდან მოეზიდათ, ახლა კი საერთო ძალისხმევა დასჭირდებათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ
სფფ: საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა არ გაიზრდება!

სფფ-ის აღმასკომის სხდომა: ილია კოკაიას ბრალდებები ეთიკის კომისიას გადააბარეს
მკითხველის კომენტარები / 2 /
ფეხბურთის პროფ.ლიგა-ხომ არსებობდა და მისი ფედერაცია სიჭინავამ გააუქმა-ახლა კვლავ აღადგინეს.რატომ გააუქმეს?--ამაზე პასუხი ვინმემ არ უნდა აგოს?
mimino
11:35 07-06-2012
0
სანამ ვინმეს პასუხისმგებლობას დააყენებ იმაში გაერკვიე რა მოხდა!
სიჭინავამ კი არ გააუქმა... გაკოტრდა და ჩემპიონატის ჩამთავრებას ვერ ახერხებდა მსაჯების და ტელევიზიის მილიონიანი ვალები ქონდა, ფედერაციამ კი კეთილი ნება გამოიჩინა და ის ჩემპიონატი დაასრულა,,,ამათი დასვრილი გაწმინდა////
tirana
19:05 07-06-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული