საქართველოს ჩემპიონატი: პროფლიგის პრეზიდენტს 18 ივნისს აირჩევენ

AutoSharing Option
მომდევნო სეზონში ეროვნულ ჩემპიონატს პროფლიგა ჩაატარებს, 12-გუნდი კი ორ ეტაპად ითამაშებს - ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს 7 ივნისს უმაღლესი ლიგის კლუბების თავკაცების შეხვედრაზე, რომელიც დიღმის საწვრთნელ ბაზაზე გაიმართა.

შეხვედრა დიდხანს გაგრძელდა და მედიისათვის დახურული იყო. სამსაათიანი ლოდინის შემდეგ გადაწყვეტილება თბილისის "დინამოს" მეპატრონემ რომან ფიფიამ გაგვაცნო:

- ლიგა დაარსებულია და რეგისტრაციას 18 ივნისს გაივლის. სამუშაო ჯგუფში შევლენ გუნდების წარმომადგენლები და საკითხებს ერთმანეთთან შევათანხმებთ. დღეს კი პროფლიგის დაარსების გარდა, ყველა საკითხი გავიარეთ - ჩემპიონატის ჩატარების თარიღიდან დაწყებული, მისი სისტემით დამთავრებული.

ჩემპიონატი 11 აგვისტოს
დაიწყება. პირველ ეტაპზე 22 თამაში იქნება, რომლის შემდეგაც გაირკვევა საუკეთესო და უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლი ექვსეულები.

ცხადია, მთელ დებულებას ვერ გადავაკეთებთ, მაგრამ არის გარკვეული საკითხები, რომლებსაც დამუშავება ესაჭიროება. 18 ივნისს ამაზეც ვილაპარაკებთ და პროფლიგის პრეზიდენტსაც ავირჩევთ.

- ლიგის პრეზიდენტობის კანდიდატებიც დაასახელეთ?
- მინიმუმ, ორი კანდიდატი იქნება. როგორც ჩვენ ვიცით, თავის კანდიდატურას ვლადიმერ გუცაევი წამოაყენებს, ისე, როგორც გია ფირცხალავაც, რადგან კარგად იცის, რაც ხდებოდა და ხდება ჩვენს ფეხბურთში. შესაძლოა, სხვა პრეტენდენტებიც გამოჩნდნენ.

ჩვენი მიზანია, რომ გვქონდეს გამართული, გამჭვირვალე ქართული ფეხბურთი, რომელსაც წინსვლა დაეტყობა. ეს არის ლიგის აღდგენის მთავარი ამოცანა.

- მსაჯობის საკითხი როგორ იქნება?
- როგორც ახლა, არბიტრებს მომავალ სეზონშიც დავიქირავებთ. რაც შეეხება ანაზღაურებას, წლევანდელზე არანაკლები ექნებათ. თუმცა ჩვენ დავთვლით ბიუჯეტს და საუკეთესო მსაჯები ბონუსებიდან პრემიებსაც მიიღებენ. საუკეთესო ფეხბურთელების შემთხვევაშიც ასევე მოხდება.

ილია კოკაია ("ზესტაფონის" პრეზიდენტი):
"ეს იყო სასარგებლო და საქმიანი შეხვედრა. ყველა სახის გაუგებრობა და უსიამოვნება აღმოიფხვრება.

ადრეც მქონდა შემთხვევა, როდესაც ესა თუ ის მატჩი გარიგებული მეგონა. მაგრამ შემდეგ უსიამოვნებები მოგვარებულა.

რა თქმა უნდა, ფეხბურთში გაუგებრობებსა და უსიამოვნებებს ვერავინ მოსპობს, მაგრამ ჩვენ ყველა ქართული ფეხბურთის მომავალზე ვფიქრობთ და არა მგონია, რაიმე საკითხზე ვერ შევთანხმდეთ. და თუ ასე მოხდება, უნდა მოვიდეთ და ვთქვათ".

ბუბა ტყავაძე (რუსთავის "მეტალურგის" აღმასრულებელი დირექტორი):
"პროფლიგის აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩემპიონატის ჩატარებასთან კლუბებს პირდაპირი შეხება გვექნება.

ეს ჩვენი ხედვების განხორციელების საშუალებას მოგვცემს და უკვე წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან აღმასკომი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებდა, კლუბები კი ჩვენთვის საჭირბოროტო საკითხებისგან მოწყვეტილები ვიყავით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ
ფედერაციამ ეროვნული ჩემპიონატი კლუბებს გადააბარა


სფფ: საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა არ გაიზრდება!

სფფ-ის აღმასკომის სხდომა: ილია კოკაიას ბრალდებები ეთიკის კომისიას გადააბარეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული