ილია პავლიაშვილი: სათამაშოდ გუბერნატორის ხათრით გავედით

AutoSharing Option
ილია პავლიაშვილმა დიდი ფეხბურთში "ბორჯომიდან" შეაბიჯა. ჩემპიონატის აუტსაიდერ გუნდში გამოჩნდა ფორვარდი, რომელიც ლიდერებსაც არ აძლევდა მოსვენებას. გასულ ზაფხულს ის "გაგრამ" აიყვანა. ბევრმა მიიჩნია, რომ გაგრელებმა თავდასხმის პრობლემა მოაგვარეს, მაგრამ... პავლიაშვილმა სეზონი ჩააგდო და გადავიდა "სამტრედიაში", სადაც ბევრად უკეთ ათამაშდა - მაგალითად, ბოლო ტურში თბილისის "დინამოს" წინააღმდეგ...

- ილია, რომელ გუნდშიც გადახვედით, ყველა გავარდა - "ბორჯომი", "გაგრა"... გადარჩენის რა შანსი აქვს "სამტრედიას"? ისიც მათ ბედს ხომ არ გაიზიარებს?
- დარწმუნებული ვარ, არ გავვარდებით, რადგან გამოცდილი ფეხბურთელები გვყავს, მათ გვერდით კი ახალგაზრდები
თამამად ვთამაშობთ. რაც მთავარია, ჩვენ მართლა გუნდი ვართ, სამტრედიაში სტუმარის გუნდის მოგება თითქმის წარმოუდგენელია.

- როცა ხელფას-პრემიები არ არის, ვარჯიშსა და თამაშს გულს როგორ უდებთ?
- ძნელია, მაგრამ ამბობენ, ფული მალე იქნებაო, "ზესტაფონთან" მატჩამდე თანხას გავისტუმრებთო... რა გითხრათ... თბილისელი ვარ და ცხადია, სამტრედიაში წასასვლელად მგზავრობის თანხაა საჭირო და უფულოდ როგორ ვიყო? თუ არც ახლა იქნა ფული, ბიჭები გადაწყვეტენ, როგორ მოვიქცეთ. უმაღლეს ლიგაში ფინანსები ყველას უნდა ჰქონდეს და სირცხვილია, ასეთ კარგ გუნდს უკიდურესად რომ უჭირს. მთელი სამტრედია ფეხბურთზე ისეა შეყვარებული, მეორე ასეთი საფეხბურთო ქალაქი საქართველოში არ მეგულება. "გაგრას" ამდენი და თან ასეთი ემოციური ქომაგი ნამდვილად არ ჰყავდა. თბილისის შემდეგ სამტრედიაში თავი საფეხბურთო სამოთხეში მგონია. გულშემატკივარი 90 წუთი არ ჩერდება, თან სავსე ტრიბუნები უფრო მეტ სტიმულს გაძლევს, ორმაგი მონდომებით თამაშობ... ხომ ასე გვიჭირს? და იცით, როგორი მეგობრული გუნდი გვყავს? ამით გაჭირვებასაც გადავიტანთ. მწვრთნელი მენდობა და მინდა, ის პავლიაშვილი გავაცოცხლო, რომელიც "ბორჯომში" გაიცნეს, იქნებ, უფრო კარგადაც ავთამაშდე. მწვრთნელისგან ნდობა მნიშვნელოვანია. ერთი შეცდომის გამო რომ არ აგითვალწუნებს, მხნეობა გემატება და უფრო თამამად თამაშობ. მეც მაქსიმალურად ვცდილობ, დავიხარჯო და სანაიას დავალებები შევასრულო. ერთი ეგაა, რომ გაურკვევლობა და უფულოდ ვარჯიში ძნელია, ხასიათიც გიფუჭდება... მაგრამ ბიჭები ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ და ვარჯიში იქნება თუ თამაში, მონდომებას არ ვაკლებთ.

- მართალია, თითქოს, ფოთში თამაშზე წასვლას არ აპირებდით?
- დიახ, მართლია, არ ვაპირებდით ფოთში წასვლას, მაგრამ იმერეთში პრეზიდენტის რწმუნებული და სამტრედიის გამგებელი მოვიდნენ, პრობლემების დროულად მოგვარებას შეგვპირდნენ და დავუჯერეთ. სპონსორებზეც დაგველაპარაკნენ - მალე გამოჩნდებიანო, კი ამბობენ, მაგრამ არ აკონკრეტებენ, ვინ მოვა. "კოლხეთთან" მატჩამდე თამაშამდე ორი დღით ადრე, პროტესტის ნიშნად არც გვივარჯიშია - დანაპირები არ სრულდებოდა, სპონსორი არ მოდიოდა და გვსურდა, ხალხის ყურადღება მოგვექცია. ისე, მაგარი სირცხილია სამტრედია უფეხბურთოდ რომ დარჩეს. დარწუნებული ვარ - თუ არ დაგვაფინანსებენ, ამას ქალაქში სერიოზული პროტესტი მოჰყვება.

- თბილისელი კაცი სამტრედიაში უხელფასად თამაშობთ. გუნდში კვება მაინც თუ არის?
- ეს საკითხი ჩვენმა პრეზიდენტმა მოაგვარა.

- დაპირების შემდეგ ვითარება შეიცვალა?
- მგონი, იცვლება. გვითხრეს, თანხას ჩარიცხავენო.

- "დინამოსთან" მატჩის პირველ ტაიმში სამი საგოლე მომენტი როგორ ვერ გამოიყენეთ?
- კონკრეტულად ჩემს მომენტებს რაც შეეხება, ბალახზე ბურთი დასარტყმელად ვერ გავისწორე. ნაკრების მოთამაშეებისა და თემურ ქეცბაიას ნათქვამი კი ვიცოდით, მაგრამ მოედნის ასეთ მდგომარეობას მაინც არ ველოდით.

- დამკვიდრებული აზრია, რომ რეგიონის გუნდებში ზრდასრული მოთამაშის პროგრესი შეუძლებელია, რადგან საამისო პირობები თითქმის არსად არ არის...
- "სამტრედიაში" როგორ არ შეიძლება?! გვერდში გამოცდილი ბიჭები გვყავს - შოთა ჩომახიძე და სპარტაკ გოგია. ისინი მოედანზეც ბევრს გვასწავლიან და ცხოვრებაშიც, ახალგაზრდა კაცის გვერდში დგომა იციან. ჩომახიძე ისეთ პასებს აკეთებს, ისეთ ჭკვიანურ რჩევებს მაძლევს... ასეთი მოაზროვე ფეხბურთელი საქართველოში ბევრი არ მეგულება. საერთოდ, სამტრედიაში ძალიან ნიჭიერი ბავშვები არიან. გადახედეთ ჩვენ დუბლებს, 1991-92 წლებში დაბადებული ბავშვები პირველობას ლიდერობენ. მთავარია, რაიონის გუნდში რომ მოხვდები, ფეხბურთზე კონცენტრირებული იყო. მეც ასე ვარ, გასართობი ბევრი არაფერია და დილიდან საღამომდე იძულებული ვარ, ბურთით გავერთო.

- "გაგრაში" დიდი ამბავით მიგიყვანეს, სეზონი კი ჩააგდე. რატომ?
- არ ვიცი, რატომ, მაგრამ ფაქტია, რომ სეზონი ჩამივარდა. მწვრთნელზეც ბევრი რამაა დამოკიდებული. კაშჩეი ბოლომდე მენდობოდა, შემადგენლობაში მაყენებდა და ვგრძნობდი, გუნდთან შეგუების ეტაპი, ასე ვთქვათ, გახსნის მომენტი დგებოდა, მაგრამ... ზუსტად ამ დროს შეგვიცვალეს მწვრთნელი. კარანაძე არ მენდობოდა, დავრჩი სკამზე და ასეთ მდგომარეობაში პისკოვეცმა რომ მათამაშა, ბუნებრივია, ფორმიდან ამოვარდნილი ვიყავი. მოკლედ, უიღბლო ტრანსფერი იყო, "გაგრა" ჩემი გუნდი არ აღმოჩნდა.

P.შ. "დინამოსთან" მატჩის შემდეგ ველაპარაკეთ "სამტრედიის" პრეზიდენტ ზაზა ადეიშვილს, რომელიც იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში დააიმედეს, რომ მოიძებნა კომპანია, რომელიც გუნდს ერთი თვის დავალიანებას გაუსტუმრებს. რაც შეეხება სამომავლო პარტნიორს, ცნობილი გახდა, რომ სპონსორობაზე მოლაპარაკება კომპანია "ბილაინთან" მიმდინარეობს.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული