ვინ და როგორ აღადგენს პროფლიგას?

AutoSharing Option
უმაღლესი ლიგის კლუბების თავკაცების შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მომდევნო სეზონზე ეროვნულ ჩემპიონატს პროფესიული ფეხბურთის ლიგა ჩაატარებს.

თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ კი გაამხილა, რომ ლიგა 18 ივნისს დარეგისტრირდება და მის პრეზიდენტს აირჩევენ, პრეზიდენტობის კანდიდატი კი ორია - ვლადიმერ გუცაევი და გია ფირცხალავა.

* * *
წარსულში თბილისის "დინამოს" ვარსკვლავს ვლადიმერ გუცაევს დიდი გამოცდილება აქვს: ავარჯიშებდა საქართველოს ახალგაზრდულ და 19-წლამდელთა ნაკრებებს, "ანორთოსისს", საუდის არაბეთის "ალ-იტიჰადს", "ალანიას".

იყო ვლადიკავკაზის "ალანიას" სპორტული დირექტორი, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში - თბილისის ფეხბურთის სამართველოს უფროსი და "დინამოს"
გუნდის უფროსი, "ტორპედოს" გენერალური დირექტორი, "მცხეთისა" და მცხეთა-თიანეთის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტი.

ბატონმა ვოვამ ვრცლად საუბარი შემდგომისთვის გადადო, ამჯერად კი მოკლე პასუხით შემოიფარგლა:

"ამ თემაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ ჯერ არაფერი გარკვეულა. ახლა ბათუმში ვიმყოფები, ჩამოვალ და მერე დავილაპარაკოთ".

* * *
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს გია ფირცხალავას კი ფედერაციასა და პროფლიგაში მუშაობის გამოცდილება აქვს - 2010 წელს ლიგის პრეზიდენტად აირჩიეს, მაგრამ შემდეგ ორგანიზაცია გაჩერდა და ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს, მანამდე კი თბილისის "დინამოს" მმართველი დირექტორი გახლდათ:

- კანდიდატურის წამოყენებამდე ბევრი რამ არის მოსაფიქრებელი. ამ თემაზე არც მილაპარაკია, ეგაა, პროფლიგის სამუშაო ჯგუფს აღმასკომის გადაწყვეტილებით ვხელმძღვანელობ.

- ფაქტია, რომ პროფლიგის აღდგენას სერიოზული დაფიქრება სჭირდება.
- რა თქმა უნდა. ყველაფერი დამოკიდებულია კლუბებზე, რაზე შეთანხმდებიან, რამდენად ეფექტური სტრუქტურები იქნება და ა.შ.

- თქვენი აზრით, პროფლიგის გაუქმების შემდეგ ეკონომიკური ვითარება ისე შეიცვალა, სპონსორები უფრო იოლად რომ მიიზიდოთ?
- ცხადია, ვითარება საკმაოდ შეცვლილია. მე რომ პრეზიდენტად ამირჩიეს, მაშინ მთელი ქვეყანაში მწვავედ იგრძნობოდა რუსეთთან ომისა და ეკონომიკური კრიზისის შედეგები და ფეხბურთში ფულის ჩადებაზე ყველა უარს ამბობდა.

ახლა ქვეყანა გამოცოცხლდა და ბევრად უკეთესი ვითარებაა.

* * *
ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტი სულხან გოგიბერიძე გვიზიარებს მოსაზრებას, თუ როგორ აჯობებს პროფესიული ფეხბურთის ლიგის ამუშავება:

"თუ ეს ორგანიზაცია გამართულად იმუშავებს, ქართულ ფეხბურთს წაადგება. საამისოდ კლუბების ხელმძღვანელები შევხვდით და მიმაჩნია, რომ აზრთა გაზიარება სასარგებლო იყო.

ფეხბურთში მოღვაწე პიროვნებებმა უნდა ვიფიქროთ, როგორ დავაინტერესოთ ბიზნესი.

სამწუხაროდ, დღეს ფეხბურთი მოგებიანი არაა. ამას ყველა ხედავს და ამიტომაც არავინ ეტანება. საქართველოში მშენებლობა მომგებიანი რომ გახდა, ამ ბიზნესს ბევრი მიეტანა, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის პროფესიონალი მშენებელი ბევრი არ არის.

ასევე უნდა იყოს ფეხბურთშიც და პრობლემაც თავისთავად მოგვარდება. შეიძლება ისეთი ხალხი მოვიდეს, ფეხბურთს ტელევიზორშიც რომ არ უყურებს"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ
საქართველოს ჩემპიონატი: პროფლიგის პრეზიდენტს 18 ივნისს აირჩევენ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული