საერთოდაც, დაკვირვებული გულშემატკივარი შენიშნავდა, რომ კვარაცხელიას პრინციპული მატჩების მაღალ დონეზე ჩატარება ეხერხება.
33 წლის მცველს "ლელომ" წარმატებული თამაში დაუფასა, ჩემპიონატის საუკეთესო მცველად და სეზონის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა!
- დიდი მადლობა "ლელოს" აღიარებისთვის. ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი აღიარება იყო, რადგან "ლელო" ყველა თამაშს აშუქებს და რეალური წარმოდგენა გაქვთ, რა ხდება ჩემპიონატში.
თუმცა, რაღა დაგიმალოთ,
- პირადად საუკეთესო მცველად ვის დაასახელებდი?
- ბევრი კარგი მოთამაშეა და ვინმეს გამორჩევისგან თავს შევიკავებ. უბრალოდ, ვიტყვი, რომ მომწონს სალუქვაძე, კვახაძე, ხიზანეიშვილი, გამეზარდაშვილი, რეხვიაშვილი, მახვილაძე და მათ შორის გამორჩევა მართლა დიდი პატივია.
- "მეორე" სუნთქვა გაგეხსნა?
- მეორე სუნთქვისა, რა გითხრათ, მაგრამ სტაბილურად ვთამაშობდი.
- ჩემპიონობის ამბავი "ზესტაფონის" სასარგებლოდ რომ გადაწყდა, ამან გუნდი ფსიქოლოგიურად ხომ არ გატეხა?
- გაურკვევლობა მოხდა, იყო შეცდომა და გული როგორ არ დაგვწყდა. ფოთში ჩემპიონობა ზეიმით აღვნიშნეთ, მაგრამ ამაზე არ ჩავციკლულვართ. ევროპის ლიგისთვის მოვემზადებით და არა მგონია, გულგატეხილობა გადაგვყვეს.
"ზესტაფონს" კი ჩემპიონობას სულითა და გულით ვულოცავ. აბსოლუტურად გულწრფელად ვამბობ - ეს გუნდი საქართველოს ღირსეული ჩემპიონია. ფეხბურთელი ვარ და ბრძოლის შემდეგ ჩხუბი არ მიყვარს. რაც მოხდა, იმან ერთმანეთთან დამოკიდებულება არ უნდა შეგვიცვალოს, ხომ არ გადავემტერებით - ღირსება წაგებასასაც უნდა შევინარჩუნოთ.
ევროპის თასებზე ორივე საქართველოს წარმოვადგენთ და "ზესტაფონს" წარმატებას ვუსურვებ. იმედია, ქვეყანას ყველა ერთად ვასახელებთ.
- სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ "ზესტაფონი" უკეთ გამოიყურებოდა და ყველა პრინციპული მატჩი მოგიგოთ.
- დიახ, მოგვიგო. გულწრფელად ვამბობ: ღირსეული გუნდია და მიხარია, ჩემპიონთა ლიგაზე ასეთი გუნდი რომ წარგვადგენს.
- მართალია, რომ ოქროს მედლებთან ერთად, საჩემპიონო პრემიების უკან დაბრუნებაც მოგიხდათ?
- ეს საჩემპიონო პრემია არ იყო. პრემიას ბოლო სამი მატჩის მოგების შემთხვევაში გვაძლევდნენ და ასეც მოხდა, დაბრუნება კი არც უფიქრიათ.
- "მეტალურგთან" კონტრაქტი გიმთავრდება და აგრძელებ თუ სხვაგან ითამაშებ?
- ჯერ მეც გაურკვევლობაში ვარ. დაზუსტებით მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ხვალ ვარჯიშს ვიწყებთ და ევროპის ლიგაზე "მეტალურგში" ვითამაშებ.
- ევროტურნირებზე "მეტალურგი" საშინაო მატჩებს საკუთარ სტადიონზე ვერ ჩაატარებს, რაც დიდი მინუსი იქნება.
- რა თქმა უნდა, საკუთარ მოედანზე თამაში სჯობია, სადაც გულშემატკივარიც შენია. მაგრამ ბალახზე თამაში მოგვიწევს და ეს დიდი სიამოვნებაა. ალბათ, მეტოქეებს თბილისში მივიღებთ, რუსთავი კი ხელის გაწვდენაზეა და არა მგონია, გულშემატკივარს ჩამოსვლა დაეზაროს.
- დასრულებულ ჩემპიონატზე რას იტყვი?
- რამდენი ხანია ვთამაშობ და ასეთი დაძაბული ჩემპიონატი არ მახსენდება. ბევრი უარყოფითის მიუხედავადაც, დადებითი ემოციაც ბევრი დამიტოვა. მიმაჩნია, რომ მაღალი დონის თამაშები მრავლად იყო, რამდენიმე მოედანი გაკეთდა და წინა სეზონებთან შედარებით, მეტი ძლიერი გუნდი გამოჩნდა - "ზესტაფონი", "მეტალურგი", "ტორპედო", "დინამო", "დილა", კერკეტი გუნდები იყვნენ "მერანი" და "ბაიაც".
ქუთაისში მაგარი მოედანი დააგეს, ფოთში ჩავედი და უკეთესი დამხვდა - გამიკვირდა და მესიამოვნა. ეს ფეხბურთისთვისაა კარგი. ამ სეზონში წინსვლა სხვა კუთხითაც დავინახე: ცნობილი მოთამაშეებიც ჩამოვიდნენ და თუ ეს ტენდენციები სტაბილურად გაგრძელდება, ჩემპიონატის დონეც აიწევს.
სტაბილურობა კი ბევრს ნიშნავს: ევროთასებზე ჩვენი გუნდების შარშანდელი გამოსვლა გაიხსენეთ - წინა წლებთან შედარებაც არ იყო, ორი გუნდი პლეი ოფამდე გავიდა. ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, ლიდერებმა სტაბილური შემადგენლობა შეინარჩუნეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ
საქართველოს ჩემპიონატი - სეზონის შეჯამება, ნომინანტები და სიმბოლური
გიორგი ჭიაბრიშვილი: "ზესტაფონის" ზეიმს ხიბლი მოაკლდა!
ჩემპიონი "ზესტაფონია", მაგრამ ამ საქმეს ბოდიში არ უშველის