თუმცა მაინც საჭიროდ მივიჩნიეთ, მცირე ინტერვიუში საქართველოს ჩემპიონის მთავარი მწვრთნელის, გიორგი ჭიაბრიშვილის მოსაზრებები შემოგვეთავაზებინა.
მასთან უფრო ვრცელ ინტერვიუს თასის ფინალის შემდეგ შემოგთავაზებთ. ეს საუბარი კი, რა თქმა უნდა, სფფ-ის აღმასკომის გადაწყვეტილებით დავიწყეთ.
- როგორი ემოციებით შეხვდით აღმასკომის გადაწყვეტილებას?
- საქართველოს ჩემპიონობა "ზესტაფონს" ეკუთვნოდა და, ბუნებრივია, ბედნიერები ვართ, სამართალმა რომ იზეიმა. აღმასკომში კომპეტენტური პირები შედიან. მათ დებულება სწორად გაიაზრეს და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღეს.
თუმცა
არა უშავს, საჩემპიონო ზეიმს მაინც მოვაწყობთ, თუმცა ჯერ არ ვიცით, როდის.
- თასის ფინალისთვის როგორ მოემზადებით?
- თუ "ზესტაფონს" ფინალამდე დააჯილდოვებენ, ზესტაფონში ჩავალთ, სადაც საჩემპიონო ზეიმს მოვაწყობთ და თასის ფინალისთვის მზადებას ჩვენს ბაზაზე შევუდგებით. თუ არადა, მგზავრობაში დროს არ დავკარგავთ და ფინალისწინა შეკრებას თბილისში გავივლით. ზესტაფონში კი თუნდაც ფინალის შემდეგ მაინც ჩავალთ და იმედი გვაქვს, ერთბაშად ორი ტიტულის მოგებასაც ვიზეიმებთ.
- როგორი განწყობით შეხვდებით ფინალს?
- განწყობა საუკეთესო გვექნება. ჩემპიონები ვართ და შევეცდებით, დუბლიც შევასრულოთ. ფინალში ერთმანეთს ორი ძლიერი გუნდი დაუპირისპირდება და დარწმუნებული ვარ, მაყურებელი სამართლიან და ლამაზ ბრძოლას იხილავს.
ბედნიერი ვარ, რომ მეტოქის სათადარიგოთა სკამზე ჩემს ორ მეგობარსა და თანამოაზრეს, თემურ შალამბერიძესა და გია ცეცაძეს დავინახავ.
- "ზესტაფონისთვის" კარგია თუ ცუდი, ჩემპიონობა ასეთ ნერვულ ვითარებაში რომ მოიპოვა?
- იმის მიუხედავად, რომ უარყოფითი ემოციებიც განვიცადეთ, საერთო ჯამში ყოველივე ეს ჩვენთვის სასარგებლო გამოდგა.
ჩემპიონატი ტრადიციული ფორმატით რომ ჩატარებულიყო, ოქროს მედლებს სეზონის დასრულებამდე საკმაო ხნით ადრე გავინაღდებდით და სათამაშო რიტმიდან ამოვვარდებოდით, რაც ევროთასებზე ცუდ სამსახურს გაგვიწევდა. ახლა კი დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ევროსეზონს სრულ მზადყოფნაში შევხვდებით.
გიორგი ჭიაბრიშვილი: სამართალმა იზეიმა! (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"