18 ივნისს კი დამფუძნებელი ყრილობა გაიმართება: სამუშაო ჯგუფი ლიგას ოფიციალურად აღადგენს, შეიმუშავებს ორგანიზაციის ახალ დებულებას, გადაწყვეტს, ლიგა რა სტრუქტურით ჩამოყალიბდება, გუნდები რა პრინციპით გაწევრიანდებიან და ა.შ. ამის შემდეგ პროფლიგის პრეზიდენტსაც აირჩევენ.
შეთანხმდნენ იმაზეც, რომ ლიგის გამგეობა უმაღლესი ლიგის 12-ივე კლუბის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება.
შესაძლოა, უმაღლეს ლიგას მართლაც პრემიერლიგა დაერქვას, მაგრამ ეს დღეს აქტუალური საკითხი არაა. სიმართლე ითქვას, გაუგებარიც არის, სახელის გადაკეთების რა
ლიგის პრეზიდენტობის ორი კანდიდატურა დასახელდა - საქართველოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გია ფირცხალავა და წარსულში თბილისის "დინამოს" ვარსკვლავი ვლადიმერ გუცაევი. კლუბებს კი საკუთარი რჩეული არ წამოუყენებიათ.
რეალური კანდიდატები პროფლიგის აღდგენის მერე გამოჩნდებიან და მერე პრეზიდენტის არჩევნები დაინიშნება.
წელიწადნახევარია, საფეხბურთო პროცესებს ჩამოშორდნენ მისი ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრი რამიშვილი და გენერალური მდივანი პაატა ბურჯალიანი, რომლებმაც არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელეს და მრავალი სპონსორი მიიზიდეს.
რას ფიქრობს ლიგის ყოფილი გენერალური მდივანი აღდგენილ პროფლიგაზე და როგორ წარმოუდგენია მისი გამართული საქმიანობა? ამ კითხვით პაატა ბურჯალიანს მივმართეთ:
- 2003 წელს, დიმიტრი რამიშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა ლიგის ჩამოყალიბება რომ დავიწყეთ, სახელმწიფოსგან ასეთი მხარდაჭერა არ გვქონდა. დღევანდელი გადასახედიდან უფრო ვხვდებით, რომ უმძიმესი რეალობა იყო და ყველაფერი რამიშვილის ზურგზე გადადიოდა.
ამის მიუხედავად, მან თავისი კავშირებით, ნაცნობობითა და უნარით 7 წლის განმავლობაში უამრავი სპონსორის მოზიდვა მოახერხა და ლიგის იდეა გაამართლა. დღეს კი ლიგას ისეთი "კოზირები" უჭირავს, გაცილებით მეტი სპონსორისა და თანხის მოზიდვაა შესაძლებელი.
ჯერ იმიტომ, რომ ფეხბურთს მთავრობისგან შეუდარებლად მეტი მხარდაჭერა აქვს. მარტო ის რად ღირს, რომ ბიუჯეტიდან ჩემპიონატის, თასისა და სუპერთასის გამარჯვებულებისთვის მილიონლარიანი საპრიზო ფონდი შეიქმნა, მსაჯებს ხელფასები დაუნიშნეს. ჩვენ კი ამ თანხების მოსაზიდად უზარმაზარი შრომა გვჭირდებოდა.
- თქვენი აზრით, რა სახის პროექტებია საჭირო, აღდგენილმა ლიგამ რომ გაამართლოს?
- ჩვენ ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ, რომლის აღდგენაც შესაძლებელია. უპირველესად, სტადიონზე მაყურებლის დასაბრუნებლად ჩემპიონატის პოპულარიზაციაა საჭირო.
გაიხსენეთ, მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები, გატუზო, კაკა, მალდინი, ინძაგი უმაღლეს ლიგას რეკლამას რომ უკეთებდნენ... პიარ-აქციები აუცილებელია თასისა და სუპერთასის მატჩებამდე. ჩვენ დროს ფინალს 20-25 ათასზე ნაკლები მაყურებელი არ დასწრებია.
ინტერნეტ-თამაში "ჩვენი ფეხბურთი" რომ დავაარსეთ, კი არ ვერთობოდით, ეს ჩემპიონატის პოპულარიზაციისთვის იყო აუცილებელი და შედეგიც გამოიღო. საერთო ჯამში, მასში 100 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა, ანუ ამდენი ადამიანი ეროვნული ჩემპიონატით დაინტერესდა.
რესურსი ყოველთვის არის და ჩვენ ახალი სეგმენტების ათვისებაზე ვმუშაობდით.
- ახლა ლაპარაკია მორიგ სატელევიზიო პროექტზე...
- ეს უმნიშვნელოვანესი საქმეა. ხალხმა უნდა იცოდეს, მატჩები როდის იმართება. დღეს ეს ფუნქცია მხოლოდ ბეჭდვით მედიას აქვს, როდესაც ელექტრონული მედია უფრო ეფექტურია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ტურის მიმოხილვაზე უფრო მნიშვნელოვანი მისი ანონსები და მატჩისწინა პრესკონფერენციებია. სამწუხაროდ, ჩვენი შეზღუდული ფინანსები ამის განხორციელების საშუალებას არ გვაძლევდა.
ფეხბურთის პოპულარიზაცია წარმოუდგენელია სეზონის შემაჯამებელი ღონისძიების გარეშე - "დეა" ჩემპიონატის გვირგვინი იყო. გამორჩეული მოთამაშე ცნობადი სახე უნდა იყოს და საზეიმოდ უნდა დააჯილდოვო. მე ისეთ დეტალებზე ვლაპარაკობ, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და სულაც არ არის წვრილმანი.
მნიშვნელოვანია ძლიერი მარკეტინგული და პიარ-სამსახურების ჩამოყალიბება. დღეს ბევრი მოედანი კეთდება, სახელმწიფო კლუბებს მასშტაბურად აფინანსებს და ბევრი ცნობილი მოთამაშე ჩამოვიდა - რუსეთის, უნგრეთის, უკრაინისა და სერბეთის ჩემპიონატებიდან. ამ ფაქტების სწორად გამოყენება შეიძლება. საამისოდ კლუბებმა მოთამაშეთა სარეკლამო უფლებები უნდა დათმონ, ლიგამ ჩემპიონატი უფრო ეფექტურად რომ გააპიაროს.
თუმცა საქმე მხოლოდ პიარით არ გაკეთდება. ეს ყველაფერი წყალში ჩაიყრება, საქმეს ფეხბურთში ღრმად ჩახედული ადამიანი თუ არ მიხედავს.
- შემოსავლებს რაც შეეხება?
- ჩემი აზრით, კლუბები წამოწყებას გვერდში უნდა დაუდგნენ, წელიწადი-წელიწადნახევარი შემოსავლები არ მოითხოვონ და ლიგას თავდაპირველად არ უნდა უყურონ, როგორც "მეწველ ძროხას".
პროფლიგა წელში თუ ვერ გაიმართება, ფინანსურად კლუბებიც ვერ მოღონიერდებიან; და თუ ლიგა ფინანსურად მოღონიერდება, მერე კლუბები წინა წლების თანხებსაც ორმაგად ამოიღებენ.
დღეს პროფლიგა აღდგება (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
არის ვინმე ასეთი? - რა უნდა შეძლოს პროფესიული ლიგის პრეზიდენტმა
ვლადიმერ გუცაევი: ნაკრებს 100 მილიონიც რომ დავახარჯოთ, მაინც არაფერი შეიცვლება
მთავრობა პროფლიგას გვერდში საპრიზო ფონდით დაუდგება