ზვიად სიჭინავა: რატომ უნდა გადაიხადო ფული იმაში, რაშიც აქეთ უნდა გიხდიდნენ?

AutoSharing Option
ეროვნული ჩემპიონატი აღარ შუქდება. მედიაკომპანია "კოლხიდამ" გაწყვიტა პროფლიგასთან კონტრაქტი, თუ პირიქით - ქომაგებისთვის ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. ხალხი საქართველოს ჩემპიონატს ტელევიზიით ვეღარ ადევნებს თვალს, მერე აღშფოთებული რეკავს რედაქციაში და გვთხოვს იმის გარკვევას, თუ რა ხდება - როდიდან შეეძლებათ ეროვნული პირველობის მატჩების ნახვა ქართული ტელეარხებით.

ჩვენ კი გვთხოვენ ვითარების გარკვევას, მაგრამ... ამ მომენტისთვის სიტუაცია ნამდვილად გაურკვეველია - ჯერჯერობით არავინ უწყის, იხილავს თუ არა გულშემატკივარი საქართველოს საფეხბურთო პირველობის მატჩებსა და ტურის მიმოხილვებს...

თავის დროზე, მედიაკომპანია "კოლხიდას" დააარსებით, ლექსო თოფურიამ ქართული ფეხბურთის
კომერციალიზაციისთვის უდიდესი საქმე გააკეთა. მაგრამ ფინანსურმა კრიზისმა ხსენებული კომპანია უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო, თოფურია ტელესაქმეს ჩამოშორდა, მისნაირი ენთუზიასტი ბიზნესმენი კი საქართველოში აღარ ჩანს...

ამ რამდენიმე დღის წინ "სამტრედიის" მთავარმა მწვრთნელმა გელა სანაიამ საყურადღებო რამ თქვა - ტელევიზიები ჩემპიონატის თამაშებსა და მიმოხილვებს რომ აღარ გადასცემენ, მსაჯებმა გაილაღესო, როცა იციან, რომ მატჩებს ტელევიზიით აჩვენებენ, მსაჯები უფრო მობილიზებულები არიანო...

უკმაყოფილებას არც "დინამოს" მთავარი მწვრთნელი კახა კაჭარავა მალავს - უცხოური ჩემპიონატების ხილვა ყველას გვინდა და გვაინტერესებს, მაგრამ პრიორიტეტი საქართველოს პირველობას უნდა მიენიჭოსო...

* * *
ამას გარდა, სხვადასხვა ინტერნეტფორუმზე ამოვიკითხეთ მოსაზრებები, საიდანაც აშკარად ჩანს ის უკმაყოფილება, რაც ტელეეთერიდან საქართველოს პირველობის გაქრობამ გამოიწვია. აი, რას ფიქრობს ხალხი (სტილი დაცულია):

- ამიხსნის ვინმე, ჩემპიონატის მატჩებს რატომ აღარ აჩვენებენ?
- "1 არხი" "მოამბეს" ვერ ტოვებს და ამიტომ გვიან დანიშნულ თამაშებს არ აჩვენებს. "მზე" რას მიკეთებს, აჩვენონ, თან მაგათთვის რა მნიშვნელობა აქვს, თამაში გვიანაა თუ ადრე, სერიალების მეტი მაინც არაფერი გადის.
- ამ საკითხსაც თუ მოაგვარებს რომელიმე წამყვანი ტელევიზია, ქართველ გულშემატკივარს ძლიერ ასიამოვნებს.
- საქართველოს ჩემპიონატის თამაშები უნდა გახდეს ყურებადი და რეიტინგული, რათა თამაშის დროს მაღალფასიანი რეკლამები რომ გაკეთდეს, მაშინ ჩვენების უფლებისთვის ფულსაც გადაიხდიან... ამას დრო ჭირდება. და ფეხბურთის ხალხამდე მიტანასაც ცოდნა სჭირდება. ზოგმა არც იცის, საქართველოს ჩემპიონატი რომ ტარდება...
- მართალი ხარ, მაგრამ ვიღაცამ ხო უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი? ფეხბურთელები ბიზნესმენებს და ხელფასს ელოდებიან, ტელევიზია განათლებულ ოპერატორებს (რომლებსაც ეცოდინებათ, როგორ ამოძრაონ კამერა ისე, რომ არაფერი გამორჩეთ. დღეს კი ოპერატორებმა კამერასთან მუშაობა არ იციან, რეპორტაჟებიდან ასე ჩანს) და ხალხს - სტადიონზე, ხალხი კი ტელევიზიას ელოდება, როდის ჩამოვლენ "კოსმოსიდან" და ახლო ხედით გადაიღებენ თამაშს. ყველა ერთმანეთს ვუყურებთ და ამ ყურებაში უკვე 20 წელი გავიდა.
- პირველ რიგში, ბიზნესი და ტელევიზია უნდა დაინტერესდეს. ტელევიზიამაც ხუთი თამაშის მიმოხილვა 5 წუთში კი არ უნდა გააშუქოს, არამედ 20-25 წუთი მაინც უნდა დაუთმოს მთელი ტურის ვიდეო მიმოხილვას. ამის მერე ყველაფერი ნელ-ნელა აეწყობა, ხალხიც მოვა სტადიონზე, ტელევიზიაც მეტ ფულს მიიღებს და დონეც მოიმატებს.
- მართალი ხარ.. მე თუ მკითხავ, ერთბაშად იერიშით უნდა დაეწყოთ ამ ჩემპიონატის გაშუქება და ხალხი თავისთავად დაინტერესდებოდა. ისეთი თამაშები გაეშუქებინათ, რომელსაც ინტრიგა ახლავს. და კიდევ, ხშირად უნდა აჩვენონ ტრიბუნებზე ხალხი და მომდევნო ტურში მარტო ამის გამო მივა უამრავი თინეიჯერი, ჩემი მეგობარივით, შეიძლება მეც მოვხვდე კადრშიო... თავიდან ტელევიზიისთვის წამგებიანი იქნება, მაგრამ ტელევიზიით სხვა რომ არაფერი იქნება, აბა რას იზამს ხალხი, ადგება და უყურებს. ან კიდევ მიმოხილვა მაინც უნდაა გააკეთონ დიდი და შეალამაზონ... ვინმეს თუ ჰგონია, ევროპული ლიგები ისე ლამაზია, როგორც ტელევიზორიდან ჩანს, ძალიან ცდება. იქ რეჟისორები 25 კამერით იღებენ, რაც მატჩს გაცილებით ალამაზებს...
- თუ არ გააშუქე, ვერც გახდება ყურებადი. კარგი რა, სხვა ქვეყნები ნახეთ, ჩვენზე დაბლა არიან. მაგრამ აშუქებენ, ტფუ...
- გარანტიას გაძლევ, ეროვნულის ჩვენებით "იმედი" არ შეწუხდება. მაგათ მარიო ჩიმარო ურჩევნიათ, თან უფრო მომგებიანიცაა...
- საგინებელია ყველა ის ქართული არხი, რომლებმაც უმაღლესი ლიგის თამაშების ტელეტრანსლირებაზე უარი თქვეს.
- უგო ჩავესს ხომ უნდა შეუვსოთ ბიუჯეტი და გავუსაღოთ ვენესუელური (ვენესულელური) სერიალები. ქვეყანას, რომელმაც აფხაზეთი და ცხინვალი 200 მილიონ დოლარად აღიარა...
- ვენესულელური სერიალებისა და საინფორმაციოს ხრჩობის გამო ქართული ფეხბურთის ადგილი არაა.
- მომგებიანი არაა ქართული ფეხბურთიო. ბევრი ფული რომ იშოვებოდეს, მეც კი გავაკეთებდი პატარა პროექტს. მათი საუბრიდან გამომდინარე, ჩანს, რომ მხოლოდ ფულზე ფიქრობენ და აზრი არ ექნება, რომელ ჩემპიონატს გაუშვებენ - ინგლისისას თუ სომხეთისას.
- მხოლოდ საქართველოში ხდება, ჩემპიონატის დაწყებიდან 6 ტურის შემდეგ რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომელი არხი გააშუქებს საქართველოს ჩემპიონატს.
- რუსეთის პირველი არხი ნებისმიერ დროს თუ აჩვენებს რუსეთის პრემიერლიგას, პირველი არხი რითია მეტი? თუ ახლა მაგათმა არ გააცდინეს ერთი დღე "მოამბე", ინფორმაციულ ვაკუუმში ვიქნებით? რა არის საყურებელი, საინფორმაციო იწყება და - მოკლეს ეს, წყალში დაიხრჩო ის... მოქმედებს ნერვებზე... კალათბურთის გამო არ გადაწევენ "მოამბეს", 8-ზე რომ იყოს? ფეხბურთს ვითომ იბრიყვებენ... აბა, ის ჯობია, პირველი არხის გამო 6 საათზე სიცხეში რომ დაიწყო თამაშები? რად გვინდა მაშინ განათება...
- ნუთუ არ შეიძლება, კვირაში ერთხელ ან ორჯერ "პირველმა არხმა" და "იმედმა" 8-ზე საინფორმაციო არ გაუშვან? ბოლოს და ბოლოს, კვირაში ორჯერ პოლიტიკური ტვინის ბურღვისგან დავისვენებთ.
- ვერ მოიყვანეს ვერცერთი სპონსორი, არ ჩატარდა "დია 2010", ჩემპიონატი არ შუქდება და აბა, რას აკეთებენ?!

* * *
...ფორუმებზე თემა აქტიურად განიხილება. ეს იმის ნიშანია, რომ ხალხი ჩვენი ჩემპიონატის მიმართ არც ისე გულგრილია, როგორც ბევრი ფიქრობდა.

ამჟამად მოლაპარაკება მიმდინარეობს ფეხბურთის ფედერაციასა და დაინტერესებულ ტელეკომპანიებს შორის, მაგრამ საკითხი დღემდე მოუგვარებელია, არადა, ხვალ უკვე მეშვიდე ტური გაიმართება - ანუ მთლიანი ტურნირის თითქმის მეხუთედი მიილევა. იყო ლაპარაკი, რომ ეროვნულს "პირველი არხის" ნაცვლად, "მზე" გააშუქებდა, მაგრამ ეს "მაგრამ" აღარ დამთავრდა...

ეღირსება თუ არა ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს მისთვის მნიშვნელოვანი ტურნირის ხილვა? ამ კითხვით ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას მივმართეთ...

- ბატონო ზვიად, მწვრთნელები უკვე პრესკონფერენციაზე მოითხოვენ ეროვნული პირველობის მიმოხილვებისა და რეპორტაჟების ჩვენებას. როდის დაიწყება მისი გაშუქება და რომელი ტელეკომპანიის ეთერით მოხდება ეს?
- ჯერ საკითხი გადასაწყვეტია და გეტყვით, რაც არის მიზეზი. მთელ მსოფლიოში, თუნდაც ზიმბაბვესა და სომალიში, ეროვნული ჩემპიონატის გაშუქებისთვის სატელევიზიო კომპანიები ფულს იხდიან. დღეს კი ფედერაციის პრესსამსახური იბრძვის იმისთვის, რომ ჩვენს პროდუქციაში ტელევიზიებმა ნაკლები ფული გამოგვართვან, ოღონდ კი ჩემპიონატი აჩვენონ. სინამდვილეში ფედერაცია იქით უნდა ევაჭრებოდეს, ას ლარად კი არ მოგყიდით, ასოცი ლარი მომეცი და აჩვენეო...

ლაშა დვალიშვილი, ფედერაციის პრესატაშე: - ვაჭრობის საგანი არის სხვა: ერთგვარი ტენდერი ეწყობა, ადგილობრივი ჩემპიონატის ჩვენებისთვის ვინ მეტს გადაიხდის. საქართველოში კი ჩვენ დავდივართ და ვეძებთ მისაღებ პარტნიორს, პირველობის გაშუქებაში ნაკლები თანხა რომ გადავუხადოთ. მისაღებ ფასს შემოვთავაზებთ, ოღონდ გათვალისწინებული უნდა იყოს ის საეთერო დრო, რომელიც მოხმარდება არა მხოლოდ ეროვნული ჩემპიონატის გაშუქებას, არამედ მის პოპულარიზაციასა და განვითარებას. მარტო თამაში არაა ეროვნული ჩემპიონატი, უამრავი საინტერესო მიმართულებაა, რომლის გარეშეც პირველობა ვერ განვითარდება.

- ტელევიზიები და რა თანხას ითხოვენ?
ზვიად სიჭინავა: - 300-დან 400 ათას ლარამდე. როგორია, თანხა გადაიხადო იმაში, რაშიც შემოსავალს უნდა იღებდე?! სპონსორების არყოლის გარდა, ტურნირების გაშუქების პრობლემაც შეგვექმნა. ეს დაახლოებით შემდეგს ნიშნავს - მაგალითად, "ლელოს" შეატყობინეს, რომ დღეს პრესკონფერენციაა. მოდიხართ და აშუქებთ, რადგან ეს მკითხველს აინტერესებს. ჩვენ კი, იცით როგორ ვითარებაში აღმოვჩნდით? გაზეთმა ამ პრესკონფერენციის გაშუქებაში ფული რომ მოითხოვოს, ეს ნონსენსი არ იქნება?! ვერ გავიგე, მაშინ რა არის ტელევიზიის დანიშნულება? საქართველოში მიმდინარე ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა უნდა გააშუქოს, მათ შორის, ფეხბურთიც. მე ასე მესმის.

- ბოლოს და ბოლოს, ტელევიზია ჩემპიონატს გააშუქებს? რომელიმესთან წინასწარი მოლაპარაკება არ გაქვთ?
ლაშა დვალიშვილი: - მოლაპარაკება ყოველდღიურად გვაქვს, მაგრამ ეს პროცესი იმდენად გაიწელა, მეტის გადადაება აღარ შეიძლება. ჩვენი უდიდესი სურვილია, პირდაპირ ეთერში 2 და 3 ოქტომბრის შეხვედრები მაინც ვაჩვენოთ. 2-ში "ვიტ ჯორჯია"-"ზესტაფონია", 3 ოქტომბერს კი ქუთაისის "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოს" დაპირისპირება გველოდება. ეს შეხვედრები იმ ფორმატში უნდა გაშუქდეს, რომელიც "ლელოს" მკითხველს ადრე უკვე გავაცანით: მატჩამდე გადაცემა, სიუჟეტი, პირდაპირი ჩართვები შესვენების დროს და მატჩის შემდგომ... ერთი სიტყვით, ფედერაციის ინტერესშია, რაც შეიძლება დიდი დრო დაეთმოს საქართველოს პირველობის გაშუქებას, მისდამი მიძღნილ გადაცემებს, ვიქტორინებსა და ასე შემდეგ. და ვინც მეტ დროს დაგვითმობს, ჩვენების უფლებასაც იმას გადავცემთ.

- სავარაუდოდ, ეს არხი "მზე" უნდა იყოს. ასეა?
- "მზეს" მართლაც უფრო მეტი საეთერო დროის დათმობა შეუძლია, ვიდრე "პირველ არხს". საზოგადოებრივ მაუწყებელს თავისი საეთერო ბადე აქვს, დროში უფრო შეზღუდულია და ძალიან ძნელია ამ არხზე გავაკეთოთ ის, რაც ჩვენ გვსურს. ჩვენი სურვილი კი საქართველოს ჩემპიონატის პოპულარიზაციაა, ანუ მატჩი - სასტვენიდან სასტვენამდე კი არა, არამედ ვრცლად და შინაარსიანად...


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული