ბესიკ ჩიმაკაძე: გოლიც მინდა და გამარჯვებაც

AutoSharing Option
- გასული სეზონისგან განსხვავებით, ახლა უკვე "ვიტ ჯორჯიას" ძირითადი ფეხბურთელი ხართ...
- გუნდიდან ორი თავდამსხმელი წავიდა და ძირითადი შემადგენლობისკენ გზა გამეხსნა... თუმცა გუნდში სხვა ძლიერი ფორვარდებიც არიან და მოედანზე გასვლის უფლება უპირველეს ყოვლისა, დიდი შრომის ფასად მოვიპოვე. თუმცა მხოლოდ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელობით კმაყოფილი ვერ ვიქნები. თავდამსხმელის მთავარი მოვალეობა გოლია, ამ სეზონში კი ჯერ არ გამიტანია. ვიმედოვნებ, რომ ნავსს "ტორპედოსთან" მატჩში გავტეხავ. ბუნებრივია, მთავარი გუნდის გამარჯვებაა, მაგრამ თუ ამაში წვლილს ჩემი გოლითაც შევიტან, ორმაგად ბედნიერი ვიქნები.

- საგოლე ანგარიშის გახსნა გასულ
ტურში, "სპარტაკთან" შეხვედრაშიც შეგეძლოთ.
- სამწუხაროდ, რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი ვერ გავიტანე. კიდევ კარგი, ჩვენმა უპირატესობამ შედეგი მაინც გამოიღო და "სპარტაკთან" დამსახურებულად გავიმარჯვეთ. იმედი მაქვს, ჩემი უიღბლობაც მალე დასრულდება. მთავარია, რომ თავს ჯანმრთელად ვგრძნობ და ოპტიმალურ ფორმაშიც მალე შევალ. მოხარული ვარ, რომ "ვიტ ჯორჯიაში" გადასვლით ჩემი ხანგრძლივი უიღბლო პერიოდი დასრულდა.

- როგორი ტაქტიკით აპირებს "ვიტ ჯორჯია" "ტორპედოს" წინააღმდეგ თამაშს?
- ჩვენს ჩვეულ სტილში, შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ და აქცენტს სწრაფ გოლზე გავაკეთებთ. თუ ეს შევძელით, გამარჯვების დიდი შანსიც გვექნება. ისიც უდავოა, რომ მძიმე მატჩი გველის. "ტორპედოს" ჩემპიონატში ჯერ თამაში არ მოუგია და უდიდესი შემართებით ითამაშებს, მაგრამ ჩემი გუნდის წარმატებაში დარწმუნებული ვარ.

- შედეგებითაც და თამაშის ხარისხითაც, "ვიტ ჯორჯიას" პროგრესი აშკარაა...
- ნამდვილად ასეა, ბევრს ვშრომობთ და მზად ვართ, ნებისმიერ მეტოქესთან ბრძოლაში გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ. მჯერა, მალე კიდევ უფრო შედეგიანად და ხარისხიანად ავთამაშდებით. ევროთასების საგზურის მოპოვების ძალა რეალურად შეგვწევს.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული