გიორგი დათუნაიშვილი: უკანდასახევი გზა არ გვაქვს

AutoSharing Option
- "სიონთან" მატჩში ტრავმა მივიღე და სამწუხაროდ, "ვიტ ჯორჯიას" წინააღმდეგ ვერ ვითამაშებ. როგორც იცით, კვარაცხელია ტრავმირებულია, როსტიაშვილს კი "ვიტ ჯორჯიას" წინააღმდეგ თამაშის უფლება არ აქვს. იმედია, ბიჭები ჩვენს გარეშეც შეძლებენ გამარჯვებას. ისე კი, ძალიან მინდოდა ამ შეხვედრაში მონაწილეობა, "ვიტ ჯორჯიაში" ხომ არაერთი წელიწადი გავატარე.

- მოუგებელმა სერიამ "ტორპედოს" ფეხბურთელებს საკუთარი თავის რწმენა ხომ არ შეგისუსტათ?
- ბუნებრივია, ამდენმა წარუმატებლობამ ხასიათი გაგვიფუჭა, მაგრამ საკუთარ ძალებში ძველებურად დარწმუნებულნი ვართ. რაც აქამდე მოხდა, უბრალო უიღბლობა იყო, რომელიც წარმოუდგებელია, დაუსრულებლად გაგრძელდეს. ერთი გამარჯვება და
დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ჩვენთვის სასიკეთოდ შეიცვლება.

- წარუმატებელმა სტარტმა "ტორპედოს" ამოცანები ხომ არ შეცვალა?
- არა, ჩვენი მიზანი კვლავინდებურად ჩემპიონატის საუკეთესო ხუთ გუნდში მოხვედრაა და ამასთან, ევროთასების საგზურის მოპოვებაზეც ძველებურად ვფიქრობთ. დიდი პოტენციალის მქონე გუნდი გვყავს და შედეგი აუცილებლად გვექნება. მოხარული ვარ, რომ არჩევანი "ტორპედოს" სასარგებლოდ გავაკეთე. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ისტორიის მქონე გუნდია და ყველანაირი პირობა გვაქვს შექმნილი წარმატების მისაღწევად. აქ ნამდვილი საფეხბურთო გარემოა. კარგად მესმის ჩვენი გულშემატკივრების, მაგრამ ცოტაც მოვითმინოთ და ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებებს.

- "ვიტ ჯორჯია" ზაფხულში არაერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა...
- გასაკვირი არაა, რომ ჩვენმა წასვლამ თავიდან გუნდზე უარყოფითი გავლენა მოახდინა, მაგრამ "ვიტ ჯორჯიასთვის" თაობათა ცვლა ჩვეული ამბავია. ეჭვიც არ მეპარება, რომ ჩემი ყოფილი გუნდი მალე ძველებურად ანგარიშგასაწევი ძალა იქნება. "ვიტ ჯორჯია" ახლაც ძლიერია და რუსთავში მძიმე ბრძოლა გველის, მაგრამ უკანდასახევი გზა არ გვაქვს, აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული