სამტრედიელი გულშემატკივარი – შეგვინარჩუნეთ გუნდი, სხვა გასართობი და სიხარული არ გაგვაჩნია!

AutoSharing Option
დღეიდან შემოგთავაზებთ ახალ რუბრიკას "მეთორმეტე მოთამაშე". გულშემატივარი ფეხბურთის ისეთივე ღვიძლი ნაწილია, როგორც მწვრთნელი, მოთამაშე, მსაჯი, საფეხბურთო ჩინოვნიკი და ჟურნალისტი.

თითოეულ მათგანს ტრიბუნა მეტ-ნაკლებად გააჩნია, მაგრამ თითქმის არ ჩანს გულშემატკივარი, რომელიც ამ საფეხბურთო ჯაჭვში ყველაზე ალალი და უანგაროა.

1863 წლის 26 ოქტომბერს ლონდონის "მეისონ კლაბში" შეკრებილი საზოგადოება ფეხბურთის წესებს რომ ადგენდა, უპირველესად იმაზე ფიქრობდა, როგორ გამხდარიყო ფეხბურთი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული და საინტერესო სანახაობა. ასეც მოხდა: ეს არის "პური და სანახაობის" მანამდე არნახული შოუ, რომელიც საუკუნენახევარია, მსოფლიოს მოსვენებას არ აძლევს, აერთიანებს პრეზიდენტებსა
და უბრალო მოკვდავთ, ომის შემდეგ, ხალხის სიხარულისა და მღელვარების უპირველესი საშუალებაა.
და ეს შოუ ვერ იქნებოდა, რომ არა გულშემატკივარი, რომელსაც – როგორც უკვე ვთქვით - საკუთარი ტრიბუნა თითქმის არ გააჩნია. ჩვენ "მეთორმეტე მოთამაშეს" ამ ტრიბუნას ვთავაზობთ. ეს იმიტომ, რომ ბოლო დროს ყველამ დავკარგეთ კავშირი იმ ხალხთან, რომლისთვისაც ვწერთ ჟურნალისტები, თამაშობენ ფეხბურთელები, ყალიბდებიან გუნდები, მუშაობენ ჩინოვნიკები და აშენებენ სტადიონებს.

თუმცა ტრიბუნას ვთავაზობთ მხოლოდ მათ, ვინც სატკივარზე ლანძღვა-გინებისა და შეურაცხყოფის გარეშე ილაპარაკებს, საფეხბურთო მმართველებსა თუ კლუბებს საინტერესო პროექტებს შესთავაზებს და ა.შ.

"სამტრედიის" კლუბის დაფინანსების იმედი დღემდე იმედადვე რჩება – ადგილობრივი ბიუჯეტი უკვე გაწერილია და მისი შეცვლა კანონდარღვევაა, კერძო სპონსორის მისვლის იმედი კი, არა და არ მართლდება. გულშემატკივრები არ ცხრებიან.

გუშინ "სამტრედიის" გულშემატკივარი ზაზა ნინუა დაგვიკავშირდა და სამტრედიელი ქომაგების გულისტკივილი გაგვიზიარა:
"ჩვენი ქალაქისთვის ფეხბურთი სოციალურად უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. "სამტრედიის" ამჟამინდელ პრობლემებს და ყოფნა-არყოფნის საკითხს გულშემატივრები ძალიან განვიცდით. 20 სექტემბერს, ორშაბათს ჩვენი დუბლები "დინამოს" თბილისში შეხვდნენ. უკანა გზაზე მობრუნებული სამი ბავშვი უჭმელობით ცუდად გახდა. ასე როდემდე უნდა გაგრძელდეს?

"სამტრედიის" გულშემატკივრები განსაკუთრებულს არაფერს ვითხოვთ. მხოლოდ და მხოლოდ ის გვინდა, რომ ბიჭებს ხელფასი დროულად გადაუხადონ, გუნდი დამშვიდდება და დალაგდება. ჩვენ მივმართავთ მთავრობას, მიხედონ "სამტრედიას" და ამით ხალხის გულს მოიგებენ. თუკი გუნდი დაიშლება, რისი რეალური საფრთხეც არსებობს, მაშინ მოკვდება არა მხოლოდ ფეხბურთი, არამედ, მთელი რაიონი. ჩვენ არანაირი სხვა გასართობი არ გაგვაჩნია, არც კინო, არც თეატრი, მხოლოდ ფეხბურთი დაგვრჩა და ამ სიხარულსაც ნუ მოგვისპობენ.

ჩვენნაირი პატარა რაიონისთვის ფეხბურთის კლუბი ბევრს ნიშნავს: "სამტრედია" ჩვენთვის "რეალზე" მეტია, რადგან ესაა ჩვენი გუნდი, ჩვენი სიხარული და ტკივილი და მას ვერ გავწირავთ. სამტრედიაში თამაშის დაწყებამდე იკეტება ბაზარი, მაღაზიები, ხალხი მუშაობას წყვეტს და სტადიონზე საყვარელი გუნდის საგულშემატკივროდ მიდის.

გასულ სეზონში ყველაფერი კარგად იყო, "სამტრედიას" სახელმწიფო ბიუჯეტიდან ინახავდნენ და ბიჭები ხელფასს დროულად იღებდნენ. წელს ყველაფერი აირია, რადგან კერძო მეპატრონის მოსვლის იმედად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინასება შეწყდა, სპონსორიც არ გამოჩნდა და ახლა ფეხბურთელებს აგვისტოს ხელფასიც არ აუღიათ. უფულობით შეწუხებულები, ფოთის "კოლხეთთან" მოედანზე გასვლას არ აპირებდნენ, მაგრამ დააიმედეს და ითამაშეს. თანხა დღეს უნდა გადაეხადათ და ბიჭებს ეს იმედიც გაუცრუვდათ და გაბრაზებულები არიან. თუკი კუთვნილ ხელფასს მატჩამდე არ დაარიგებენ, შესაძლოა ხვალ "ზესტაფონთან" არ ითამაშონ.
 
მე მხოლოდ ჩემი და 2-3 კაცის სატკივარზე არ ვლაპარაკობ, ეს მთელი რაიონის მოთხოვნაა - სამტრედია საფეხბურთო კლუბის შენახვასა და გადარჩენას ითხოვს! ჩვენთან უპრეტენზიო ბიჭები შეიკრიბდნენ, ბევრს არაფერს იღებენ და არც ითხოვენ, ელემენტარულად, ხელფასების დროულ გადახდას ელიან და ვთხოვ პრემიერ მინისტრსა და პრეზიდენტს, მოგვაქციონ ყურადღება.

მე მგონია, რომ სამტრედია საქართველოში ერთად-ერთი ქალაქია, სადაც დეპუტატობის კანდიდატს სოციალური პრობლემების მოგვარების დარად, ფეხბურთის მიხედვას სთხოვენ. ასეთი ამბავი მხოლოდ ბრაზილიაში ხდება, სადაც პრეზიდენტობის კანდიდატი ნაკრების გულშემატკივარი უნდა იყოს, სხვაგავრად მისი შანსი ნულის ტოლი იქნება.

სამტრედიელები საკრებულოს თავჯდომარეობის კანდიდატებს სწორედ "სამტრედიის" მომავალთან დაკავშირებულ გეგმებზე ველაპარაკებოდით და დამაჯერებელი პასუხი მივიღეთ, რომ გუნდს პრობლემა არ შეექმნებოდა. "ნაციონალებმა" დაგვარწმუნეს, კლუბს აუცილებლად მოუვლიდნენ და ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, სამტრედიაში ხმების 69 პროცენტი რომ დააგროვეს.

ახლა "სამტრედია" ან ისევ ბიუჯეტის კმაყოფაზე აიყვანონ, ან დროულად გამონახონ სპონსორი. სხვა გამოსავალი არაა. გამგებელს, საკრებულოს წევრებსა და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატს "სამტრედია" ჩვენზე ნაკლებად არ აღელვებთ, მაგრამ ეტყობა, საკითხი უფრო მაღალ დონეზე უნდა გადაწყდეს და ვისაც ეს ეხება, ჩვენი გულშემატკივრების სახელით ვთხოვთ – გადაგვირჩინეთ "სამტრედია"!
 
ასე არ იყო ქუთაისში? "ვისოლი" დააინტერესეს და რომელიმე ბიზნესმენი "სამტრედიითაც" დაინტერესონ. ყველასთან დიდი ბოდიში, მაგრამ ჩვენთან რომ ფეხბურთი უყვართ, ეს ყველა სხვა ქალაქისთვის სამაგალითოდ გამოდგება. საერთოდაც, მიხედონ რაიონის გუნდებს და ქართული ფეხბურთის მომავალი თაობები გაიზრდებიან. წლების განმავლობაში ქუთაისის, სამტრედიის, ლანჩხუთის, ზუგდიდისა და ბათუმის კლუბები რომ ჩაკვდა, ამის შედეგი ქართულ ფეხბურთში შექმნილი კრიზისული მდგომარეობა და ფეხბურთელთა უმწვავესი დეფიციტი. დააფინანსონ გუნდები, ბიზნესმენებს შეუმცირონ გადასახადი და ყველა ვნახავთ, ქართული ფეხბურთი როგორც განვითარდება".

კლუბებისა განსახელმწიფოებრიობისა და ეროვნულ ჩემპიონატში ბრენდების მიზიდვა ფეხბურთის ფედერაციისა და პრემიერის ერთობლივი პროექტი გახლდათ. ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას გულშემატკივრის სატკივარით მივმართეთ და ეს პრობლემა ცხინვალის "სპარტაკის" საკითხთან გავაერთიანეთ. ცხინვალის კლუბი დღემდე დიმიტრი სანაკოევის კეთილი ნებით არსებობს, ქართულ ბიზნესს კი სულაც არ ადარდებს, კლუბი საქართველოსთვის არა მხოლოდ საფეხბურთო, სოციალური და პოლიტიკური კუთხითაც მნიშვნელოვანი რომ არის.

"სამტრედია" ძალიან ამბიციური კლუბია და ვიცი, რომ სერიოზული პრობლემები შეექმნა. ამ თემაზე კვირაში ორჯერ მაინც ველაპარაკები სამტრედიის გამგებელს, მაჟორიტარ დეპუტატს და კლუბის პრეზიდენტს. სამწუხაროდ, ეროვნული ნაკრების სპონსორის მოძებნა გვიჭირს და წარმოიდგინეთ, კლუბის შემთხვევაში რა პრობლემებს ვაწყდებით. თუმცა, კლუბის შენახვა უფრო ადვილია, ხარჯი მცირეა და არსებობს მაგალითები, როგორ შეიძლება მისი ბიუჯეტის შევსება. რა თქმა უნდა, პირდაპირ პარალელს ვერ გავავლებ, მაგრამ მოდელად "მანჩესტერის" მაგალითი გამოგვადგება – კლუბს ნაწილობრივ ფანები ინახავენ. ისინი წელიწადში ერთხელ 100 თუ 50 ფუნტს კლუბს ურიცხავენ და "მანჩესტერის" შემოსავალი მილიარდ ევროს აღწევს. ინგლისურ კლუბს გულშემატკივართა რაოდენობით არათუ ჩვენი, მსოფლიოს ბევრი კლუბიც ვერ შეედრება, მისი გულშემატკივრების რაოდენობა მილიონებს აღწევს. თუმცა, ნებისმიერი რაიონის კლუბს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, მით უფრო "სამტრედიას" და ადრე თუ გვიან "მანჩესტერის" მოდელი ჩვენშიც უნდა ავამოქმედოთ.

თითოეული გულშემატკივარი კლუბს წელიწადში 10 ლარითაც რომ დაეხმაროს, ბიუჯეტი გარკვეული ნაწილი მაინც შეივსება. უეფას მოთხოვნაა, ბილეთი ორ ევროზე ნაკლებად არ უნდა ღირდეს. ჩვენ კი თბილისში 17-წლამდელთა შესარჩევი ციკლის ჯგუფურ ტურნირს რომ ვუმასპინძლბთ, ხალხი უფასოდ უნდა შევუშვათ. მაგრამ ბილეთს ეს თანხა რომ დავადოთ, გულშემატკივარი აღარ მოვა. ხალხი მზად არაა, კვირაში ერთხელ ბილეთში 5 და 10 ლარი რომ გადაიხადოს. კარგი გუნდია "ვიტ ჯორჯია", "ოლიმპი", "ტორპედო", მაგრამ ქართული ფეხბურთის ბრენდი თბილისის "დინამოა" და და ძალიან მიკვირს, მის თამაშებს მინიმუმ 15 ათასი მაყურებელი რომ არ ესწრება. არადა, 15 ათასი გულშემატკივარი თუნდაც 2-ლარიან ბილეთს რომ იყიდის, ეს გარკვეულ ხარჯს მაინც აანაზღაურებს.
სამწუხაროდ, ჩვენთან გულშემატკივრობის კულტურა არ არსებობს. ჰოლანდიაში შოთა არველაძემ სტადიონზე სამი 75-ევროიანი ბილეთი გვიყიდა და ისე შეგვიყვანა. ჩვენთან იგივეს გააკეთებდნენ? როგორ ვერ მიცანი, მე ესა და ეს ვარ, ბილეთი როგორ უნდა ავიღოო და 5-ლარიან ბილეთის ყიდვასაც ითაკილებდა. აღარაფერს ვამბობ კლუბის მაისურის, შარფისა და სხვა ატრიბუტიკის შესყიდვაზე. ანუ, იმის თქმა მინდა, ბილეთითა და ატრიბუტიკით მიღებული შემოსავალიც თუ ვერ ავამოქმედეთ, კლუბების ბიუჯეტები საიდან უნდა შეივსოს?", - ამბობს სიჭინავა.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული