არადა, ქვემო ქართლელები ფოთს უთუოდ მოსაგებად სტუმრობდნენ - წინა დღეს თანაკუთხელი "სიონის" საჩუქარს ("დინამოსთან" მოგება) თუ 3 ქულას დაუმატებდნენ, ისინი ერთპიროვნულად გალიდერდებოდნენ. თუმცა, არც ის გვგონია, თემურ მახარაძეს ფოთში იოლი გამარჯვება დაეგეგმა. ლიგის დებიუტანტ კოლხებს გარდა ქულების მნიშვნელობისა, ისიც უნდა დაემტკიცებინათ, რომ პირველობის სტარტზე მთლად შემთხვევით არ ეკავათ "ოლიმპის" ადგილი და ლიდერებთან თამაშიც ძალუძს, თანაც
თუმცა, როგორც გამოჩნდა, მხოლოდ ქულაზე არ ფიქრობდა კოლხთა თავკაცი ბესიკ შეროზია, ვინც მეტოქეს სივრცეები მოუსპო, მაგრამ ისიც არავის წარმოედგინა, ასე თუ დაჯაბნიდა ლიგის დებიუტანტი მოქმედ ჩემპიონსა და პოტენციურ ლიდერს. ამაში ერთგვარად "დამნაშავეები" თავადაც არიან - კოლხებმა მთავარი ფორვარდი რეზო ჯიქია არ ათამაშეს. მართალია, ნამატჩევს "ლელოს" კითხვაზე კოლხთა თავკაცმა კორექტული კომენტარი გააკეთა და ჯიქიას უთამაშებლობა ტაქტიკური მონახაზით ახსნა, თუმცა, როგორც პირადი საუბრებიდან გავიგეთ, ასეთი იყო კლუბებს შორის შეთანხმება - თავდამსხმელი ხომ "კოლხეთში" სწორედ "ოლიმპიდან" გადავიდა. მისმა "შემცვლელმა" დავით ციცხვაიამ კი, შეიძლება ითქვას, ააწიოკა მეტოქის დაცვა - ორ გოლისა და საგოლე გადაცემის გარდა, ორი კიდევ ისეთი მომენტი ჰქონდა, 100%-იანს რომ ეძახიან.
თამაშის დასაწყისში გუნდები ხიფათს ვერ ქმნიდნენ, თუმცა კლასში სხვაობა თვალშისაცემი იყო - სტუმრები უფრო ლაღად თამაშობდნენ. ისიც უნდა ითქვას, რომ ამით ხეირი არ უნახიათ - გოლამდე შექმნილი ორი ხიფათიც მასპინძლების ანგარიშზეა: ჯერ მახვილაძემ დაარტყა სახიფათოდ და დაცვამ მოიგერია, ხოლო შემდეგ სიჭინავას მეკარემ აუღო.
მე-19 წუთზე ანგარიშიც გაიხსნა: დათა სიჭინავამ ჩინებული გადაცემა გაუკეთა ციცხვაიას, ვინაც მასპინძელი მცვლების შეცდომით ისარგებლა, სიტუაციაშიც კარგად გაერკვა და უკვე საჯარიმოში მყოფმა ბედიაშვილის კარისკენ აუღებელი გაისროლა - 1:0.
ხუთიოდ წუთში მასვე შეეძლო მატჩის გმირი უკვე პირველ ტაიმშივე გამხდარიყო - ფორვარდი საჯარიმოს ხაზთან ისევ კარგად გაერკვა სიტუაციაში, კვლავ შეცდა "ოლიმპის" დაცვის ცენტრალური ზონა, თუმცა კოლხს ოსტატობამ უმტყუნა - წინ გამოსული მეკარისთვის თავზე გადაგდების ნაცვლად შეყოვნდა, დაგვიანებული დატყმული კი მცველის გავლით კუთხურზე გადავარდა. ციცხვაია პენალტსაც ითხოვდა, თუმცა ამისთვის მინიმუმ დაცემა იყო საჭირო.
28-ე წუთზე სტუმრებმა პირველად დაარტყეს მასპინძელთა კარის მიმართულებით - ღონღაძის ფლანგურ ჩაწოდებულზე ბერიაშვილს თავურით ცოტათი დაუცდა. იქვე კარგი კომბინაცია გაითამაშეს რუსთაველებმა, მაგრამ ბოლო მომენტში ჭითანავამ ხიფათის განმუხტვა შეძლო.
მეორე ტაიმის დასაწყისშიც ხიფათს მხოლოდ კოლხები ქმნიდნენ, ოღონდ, უნდა ითქვას, რომ ამ დროსაც უფრო ლამაზ და სანახაობრივ ფეხბურთს სტუმრები თამაშობდნენ, მაგრამ ბურთისა და მოედნის დათმობის პარალელურად მასპინძლები ორგანიზებულად იცავდნენ თავს და გონივრულად უტევდნენ. ერთ ეპიზოდში სიჭინავამ დაარტყა შორიდან, რასაც სტუმართა კიპერი ბედიაშვილი, ალბათ, არ ელოდა - შედეგად, ბურთი მისი ხელიდან ძელს, შემდეგ ისევ მეკარეს და კვლავ ძელიდან კუთხურზე გადავიდა.
კიდევ ერთ წუთში კი ის დაუწერელი კანონი ამოქმედდა - არ გაიტან, იქით გაგიტანენო: კუთხურიდან ბოლქვაძემ მოაწოდა და ირაკლი მოდებაძემ თავურითა და დაცვის მოდუნებით ანგარიში გაათანაბრა - 1:1.
თითქოს ფსიქილოგიური უპირატესობა სტუმრებისკენ უნდა გადასულიყო, თანაც გოლამდე 3 წუთში მახარაძემ ორი შეცვლა გააკეთა და საქმე იქითკენ უნდა წასულიყო, გამოცდილ სპეციალისტს გამარჯვებაზე ეფიქრა, მაგრამ...
გოლიდან ორ წუთში ციცხვაიამ დუბლი შეასრულა - მან ისევ სიჭინავას პასი, ამჯერად კუთხურიდან შეირგო და სტუმართა დაცვის მორიგი შეცდომად გოლად აქცია - 2:1.
ეს კი შეხვედრაში გადამწყვეტი გამოდგა - კოლხეთმა მეტოქის სისწრაფესა და სანახაობრივ თამაშს კონტრშეტევაზე აწყობილი გამართული ფეხბურთი დაუპირისპირა და შედეგი მიიღო: მეორე გოლიდან 10 წუთიც არ იყო გასული, როცა უკვე ციცხვაია მოგვევლინა საგოლე პასის ავტორის როლში - მან სიჭინავას ფლანგური გადაცემა სილაგავას საჯარიმოში ერთ-ერთზე გასასვლელად გაუგრძელა, თანაგუნდელმაც არ დააღალატა და ფაქტობრივად, აქ გადაწყდა მატჩის ბედი.
თუმცა სტუმრები დანებებას ასე იოლად არ ფიქრობდნენ, მათ ისედაც შეცდომებით მოთამაშე დაცვის ხაზს შეტევის გასაძლიერებლად ერთი წევრი დააკლეს, რამაც რუსთაველებისთვის საბოლოოდ კატასტროფული შედეგი გამოიღო. აქვე გეტვით, რომ მესამე გოლამდე წუთებით ადრე, სტუმარმა ბერიაშვილმა მწვავე კონტრშეტევისას ჩინებული რეიდი განახორციელა, რომელიც ინწკირველმა ყვითელი ბარათის ხარჯზე შეაჩერა. მართალია, არბიტრს მისი გაძევებაც შეეძლო, თუმცა აღსანიშნავია, რომ კოლხმა მცველმა დიდი ხიფათისგან გადაარჩინა საკუთარი გუნდი.
აქვე გეტყვით, რომ მესამე გოლზე სტუმრები თანამსაჯს შეედავნენ და თამაშგარეს დაფიქსირებას თხოვდნენ, ხოლო ზემოთ ნახსენები ინწკირველის გარდა, მახვილაძეც დააკლდებათ ფოთელებს მორიგ შეხვედრაში, რომელსაც ზუგდიდში გამართავენ.
73-ე წუთზე ჩინებულად გაისარჯა სიჭინავა, კარგადაც გაისროლა, მაგრამ ცოტათი ააცილა. რამდენიმე წუთში კიდევ ერთი გოლის გამტანი მოგვევლინა საგოლე პასის ავტორად - სილაგავას გადაცემა გვალიამ გამოიყენა - 4:1.
ამის შემდეგ ქვემო ქართლელებმა ორიოდ ხიფათი შექმნეს, ჯერ შენგელია დროულად ჩაუვარდა პირისპირ შეყრილ მეტოქეს ფეხებში, ხოლო შემდეგ "კოლხეთი" ძელმა გადაარჩინა. ბოლო წუთზე, სტუმრები პენალტსაც ითხოვდნენ, მაგრამ სადავო სიტუაციაში, არბიტრმა თამაშის გაგრძელება ამჯობინა.
ამ დროისთვის კოლხებს უკვე გატანილი ჰქონდათ მეხუთე გოლიც - გულუამ შორეულ კუთხეში ბედიაშვილს მატჩის ულამაზესი გოლი გაუტანა, 5:1.
"ძალიან უსუსურად ვითამაშეთ, გაოგნებულები ვართ. თავიდან თითქოს კარგად დავიწყეთ, მაგრამ მეტოქემ სამართლიანად მოგვიგო, რასაც "კოლხეთს" ვულოცავ და წარმატებას ვუსურვებ. შედეგი ასახავს დღევანდელი მატჩის სურათს" - ეს კომენტარი ნამატჩევს პრესკონფერენციაზე თემურ მახარაძის ნაცვლად მოსულმა მისმა ასისტენტმა არმაზ ჯელაძემ გააკეთა.
კოლხეთი 5
ოლიმპი 1
25.09. ფოთი. ფაზისი. 1 300 მაყურებელი
1:0 ციცხვაია (19. სიჭინავას პასით), 1:1 მოდებაძე (58. ბოლქვაძის პასით), 2:1 ციცხვაია (60. სიჭინავას პასით), 3:1 სილაგავა (69. ციცხვაიას პასით), 4:1 გვალია (81. სილაგავას პასით), 5:1 გულუა (89)
კოლხეთი ოლიმპი
4-5-1 4-3-3
გ. შენგელია ბედიაშვილი
ჭითანავა ღონღაძე
მახვილაძე ა. კვახაძე
ინწკირველი რეხვიაშვილი
გველესიანი ჯაფარიძე
თედიაშვილი ქავთარაძე
ჯოჯუა რაზმაძე
სილაგავა გეწაძე
სიჭინავა ბოლქვაძე
გვალია ი. მოდებაძე
ციცხვაია ბერიაშვილი
მწვრთნელი მწვრთნელი
ბ. შეროზია თ. მახარაძე
კოლხეთი
78. ციცხვაია - გულუა
85. ჯოჯუა - ცხვიტარია
86. ჭითანავა - წიქარიშვილი
სათადარიგოები: სტურუა, ბუკია, გოგონაია, ექონია
ოლიმპი
55. ქავთარაძე - გ. ჭელიძე
57. ჯაფარიძე - ხოჭოლავა
75. ღონღაძე - ახალკაცი
სათადარიგოები: ბათიაშვილი, უგულავა, დობროვოლსკი, ყაზაიშვილი
გაფრთხილება: მახვილაძე (40), ჯოჯუა (45), ინწკირველი (65), გულუა (79)
არბიტრი: თ. გვანცელაძე
მამუკა ქანთარია
ფოთოდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"