თუმცა ბოლო დროს ვრცელდება კულუარული ინფორმაცია, რომ ჯერ კლუბებში სპონსორები არ შესულან და რომ ბევრი მათგანი კვლავაც გაურკვეველ ვითარებაშია - სახელმწიფო სტრუქტურები აღარ აფინანსებენ, კერძო მეპატრონეები კი კლუბების გადაფორმებას არ ჩქარობენ...
ამას უცნაურად დაემთხვა რამდენიმე სატელეფონო ზარი რედაქციაში - ერთ-ერთმა გულშემატკივარმა საყვედურით მოგვმართა, მარტო "სამტრედიის" ფინანსურ პრობლემებზე რომ ატეხეთ ერთი ამბავი, სხვა კლუბებით რატომ არ ინტერესდებით, "ტორპედოსა" და "ოლიმპის" გარდა, რეალურად სპონსორი არც ერთ კლუბში არ მისულაო.
სიმართლე გიხრათ, ეს თემა დახურული გვეგონა, მაგრამ ინფორმაციები ისეთი ინტენსივობით ვრცელდებოდა, გადავწყვიტეთ, კლუბებს შევხმიანებოდით. წინასწარ გეტყვით, რომ რამდენიმე კლუბში საკითხი მართლა გადაუწყვეტელია, თუმცა უიმედოც არ ეთქმის.
ჯერ ბოლნისის "სიონის" პრესატაშე ჯემალ ჭიპაშვილს დავუკავშირდით და დავინტერესდით, კომპანია "მადნეულმა" კლუბი იურიდიულად თუ გაიფორმა...
მადნეული პირობას ასრულებსო...
- "მადნეულს" "სიონი" ჯერ არ გადაუფორმებია, მაგრამ ეს გადაწყვეტილი ამბავია.
- დანამდვილებით იცით, რომ ეს კომპანია "სიონს" უპატრონებს?
- რა თქმა უნდა, რადგან კლუბის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე "მადნეულის" წარმომადგენელი გიორგი არევაძე გახდა და "სიონს" უკვე რეალურად ეხმარება. მერწმუნეთ, საშიში არაფერია. უბრალოდ, კლუბის ერთიდან მეორე მეპატრონის ხელში გადასვლა შრომატევად ფორმალობას საჭიროებს. იურიდიული დოკუმენტაციაც უკვე გამზადებულია და სავარაუდოდ, კომპანია "მადნეული" "სიონის" ოფიციალური მეპატრონე ორ კვირაში გახდება.
კომენტარისთვის "მადნეულის" წარმომადგენელს "სიონის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი არევაძეს დავუკავშირდით.
- ბატონო გიორგი, "მადნეულს" "სიონი" აქამდე უნდა გადაეფორმებინა და რა პრობლემა გაბრკოლებთ?
- პრობლემაზე ლაპარაკი უადგილოა. საკითხი მალე მოგვარდება, ეს შემილძია თამამად გითხრათ.
- ახლა "სიონს" ვინ აფინანსებს?
- "მადნეული" უკვე ეხმარება, მაგრამ ჯერ - სპონსორის რანგში. როცა კლუბს გადავიფორმებთ, ცხადია, მერე უკვე დაფინანსების ფორმაც შეიცვლება. მთავარია, "მადნეული" პირობას ასრულებს. ბოლნისურ კლუბს გაჭირვებისთვის ვერ გავიმეტებთ.
კოლხეთის ბიუჯეტი შეიძლება შემცირდეს...
ფოთის "კოლხეთში" არსებულ ვითარებაზე კომენტარი კლუბის პრეზიდენტ თემურ ბარქაიას ვთხოვეთ.
- ბატონო თემურ, "კოლხეთი" ახალი მეპატრონის ხელში უკვე გადავიდა თუ კვლავ თქვენ აფინანსებთ?
- დაინტერესებულ კომპანიებთან მოლაპარაკება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
- ანუ, მათგან ჯერ არაფერი მიგიღიათ?
- ჯერ არა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ "კოლხეთს" გვერდში არ დაუდგებიან. იმედი რომ არ გვქონდეს, მათ კი - კლუბში მოსვლის სურვილი, მოლაპარაკებაც არ შედგებოდა. თუმცა საკითხი დღემდე გაურკვეველია.
- აბა, კლუბს საიდან აფინანსებთ?
- ჩემი შემოსავლებითა და მეგობრებისგან აღებული სესხებით. თუმცა ვიმეორებ - უიმედოდ არ ვართ.
- ფოთის პორტსა და ადგილობრივ ბიზნესჯგუფებს რა აბრკოლებთ?
- დასაფინანსებელი თანხაა დასაზუსტებელი. მოლაპარაკება სწორედ ამაზე მიმდინარეობს. კლუბის ბიუჯეტი, რომელიც სეზონის წინ 900 ათასი ლარით განისაზღვრა, შესაძლოა, შემცირდეს.
- მნიშვნელოვნად შეიძლება შემცირდეს?
- არა მგონია, თვის ბოლომდე ყველაფერი გაირკვევა, იურიდიული საკითხები კი ოქტომბრის დასაწყისში უნდა მოგვარდეს.
ბაიას ეკონომიკის სამინისტრო გაყიდის
სპონსორებთან დაკავშირებული კითხვით ზუგდიდის "ბაიას" დირექტორ რევაზ პერტაიას მივმართეთ. როგორც დავადგინეთ, ზუგდიდშიც ანალოგიური ვითარებაა, რაც ბოლნისსა და ფოთში...
- ბატონო რევაზ, ამჟამად კლუბს ვინ აფინასებს? წინასწარი ინფორმაციით, "ბაიასთვის" "სოკარს", "ჯი-ემ-სი" ჯგუფსა და "ჯეოსელს" უნდა ეპატრონათ...
- ჯერ არც ერთი სპონსორი არ მოსულა. აქამდე, ადგილობრივი სტრუქტურები კარგად გვაფინანსებდნენ, მაგრამ ეს საკითხი რომ გადაწყდა, კლუბების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება შეწყდა.
- მაშინ, როგორღა აიყვანეთ ჩვენი პირველობის დონისთვის საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელები?
- მოლაპარაკებები მიმდინარეობს და იმედი გვაქვს, სპონსორებთან შეთანხმებას მალე მივაღწევთ. ცხადია, ეს ამბავი წინასწარ რომ გამოცხადდა, დაფინანსებაზე კონკრეტული შეთანხმება არსებობდა. ამიტომ, ჯერ ფულს ვსესხულობთ და ფონს ასე გავდივართ. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება.
- როდისღა უნდა გადაწყდეს საკითხი? სადაცაა ჩემპიონატის პირველი ეტაპი დასრულდება...
- როგორც ვიცი, მოლაპარაკება მომავალ კვირას უნდა დასრულდეს.
- მანამდე სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაც არ გაფინანსებთ?
- ზაზა შეროზია სამეგრელოს ფეხბურთზე გადამკვდარი კაცია და შეძლებისდაგვარად, ყველანაირად მხარში გვიდგას. მასზე ცუდი როგორ ვთქვა, თუმცა ხომ გითხარით, სახელმწიფო სტრუქტურებს კლუბების დაფინანსება აუკრძალეს და ბიუჯეტიდან ვეღარ გვაფინანსებენ.
- აბა, "ბაია" ამჟამად ვის ეკუთვნის?
- კლუბი ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა. სწორედ სამინისტრო გაყიდის "ბაიას" და ახალ მეპატრონეს გადასცემს.
...6 და არა 8
ამრიგად, უმაღლეს ლიგაში დღეისთვის 6 კერძო კლუბია და არა - 8, როგორც ველოდით. დღევანდელ ვითარებაში ფეხბურთელები და გულშემატკივრები უკვე აღარც დაეძებენ, კლუბს კერძო მეპატრონე შეინახავს თუ სახელმწიფო სტრუქტურა - მთავარია, გუნდი არ დაიშალოს. ამიტომაცაა, რომ ცხინვალის "სპარტაკს" არაფერი უჭირს: მართალია, ინფორმაცია მისი კერძო ჯგუფის ხელში გადასვლის შესახებ ტყუილი აღმოჩნდა, მაგრამ გუნდს ღონიერი და მზრუნველი პატრონი ჰყავს სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელ დიმიტრი სანაკოევის სახით. და მართლა საინტერესოა, რა ეშველება "სამტრედიას", რომელსაც არც არავინ აფინანსებს და არც ერთ კონკრეტულ კომპანიასთან მოლაპარაკებას არ აწარმოებს? თუ "ბილაინი" დაეხმარა, ეს მხოლოდ ერთჯერადი შემწეობა იყო, როგორ შეინახავენ კლუბს სეზონის ბოლომდე?
არადა, სპონსორების მოზიდვის პროცესი იმდენად დამაიმედებელი იყო, პროფესიული ფეხბურთის ლიგამ კლუბებს საგარანტიო წერილიც აღარ მოსთხოვა. არგუმენტი ასეთი გახლდათ - გასული სეზონისგან განსხვავებით, კლუბების უმრავლესობა კერძო საკუთრებაში გადადის და ასეთი მოთხოვნა, შესაძლოა, უხერხულიც იყოსო...
მოკლედ, დაველოდოთ სიტუაციის გარკვევას...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"