მივყვეთ თანამიმდევრობით: პირველ ტაიმში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. "ზესტაფონი" სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას თავიდანვე დაეუფლა, მაგრამ შესვენებამდე ამის რეალიზებისკენ ქმედითი ნაბიჯები ვერ გადადგა. იყო მხოლოდ რამდენიმე
მეორე ტაიმი სულ რამდენიმე წამის დაწყებული იყო, როცა მეტოქის საჯარიმოს მისადგომებიდან სტუმართა კაპიტანმა თორნიკე აფციაურმა ერთდროულად ძლიერად და მოჭრილად დაარტყა და ისეთი ბურთი გაიტანა, სეზონის საუკეთესო გოლობაზე რომ ექნება პრეტენზია.
მიღებულმა ბურთმა "სიონი" ვერ გატეხა, ყველაზე კარგად მასპინძლები სწორედ მეორე ტაიმის საწყის წუთებში გამოიყურებოდნენ და ანგარიშიც მალე გაათანაბრეს. ლაშა ნოზაძის დარტყმა თითქოს არ იყო სახიფათო, მაგრამ როინ კვასხვაძემ საკუთარი კარი ვერ გადაარჩინა.
ამ გოლიდან ორ წუთში სწორედ ის ამბავი მოხდა, რამაც შეხვედრის დასრულების შემდეგ დიდი აყალმაყალი გამოიწვია. სიონელმა სერგი ორბელაძემ თავით დალაშქრა მშობლიური ქალაქის გუნდის კარი, მაგრამ წამით ადრე არბიტრმა ლევან კვაიაცხელიამ "სიონის" სხვა ფეხბურთელის მხრიდან წესების დარღვევა დააფიქსირა და შესაბამისად, გოლის ჩათვლის ნაცვლად ჯარიმა დანიშნა. ერთ წუთში ვლადიმერ უგრეხელიძემ ბურთი ძელს გაარტყა და ამის შემდეგ თამაშის სადავეები "სიონმა" "ზესტაფონს" გადააბარა.
შეხვედრის დასკვნით ნაწილში გია გეგუჩაძის გუნდმა გაილაღა. "ზესტაფონმა" ჩვეულ კომბონაციურ სტილში ითამაშა და გოლიც სწორედ ამგვარად გაიტანა. ნიკა გელაშვლმა შესანიშნავი პასით ჯაბა დვალი დასარტყამ პოზიციაზე გაიყვანა და ამ უკანასკნელმა თავისიანები დააწინაურა. ბოლნისელები ამ ეპიზოდში თამაშგარე მდგომარეობის დაფიქსირებას ითხოვდნენ. კვარაცხელიამ ასისტენტთან მოითათბირა და კარის აღება დააფიქსირა. უნდა ითქვას, რომ ორბელაძის არჩათვლილი გოლისგან განსხვავებით, მსაჯის ეს გადაწყვეტილება მოგვიანებით თითქმის აღარ გაპროტესტებულა.
დარჩენილ დროში "სიონს" მაინც შეეძლო გათანაბრება, მაგრამ "დინამოს" კარში გამარჯვების გოლის გამტანმა ლაშა ვაშაკიძემ ახლო მანძილიდან ააცილა. სამაგიეროდ, შედეგიანი გამოდგა "ზესტაფონის" მიერ დამატებულ დროში განხორციელებული კონტრშეტევა. გოგი ფიფიამ მეკარესთან პირისპირ შეცვლაზე ახალი შესული თირნიკე გორგიაშვილი გაიყვანა, რომელმაც მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და სატურნირო ცხრილში ფეროელთა პოზიციები კიდევ უფრო გამყარდა.
თამაშის შემდეგ აღშფოთებულ ბოლნისელ გულშემატკივრებს კვარაცხელიას მისამართით "ტკბილი" სიტყვები არ დაუშურებიათ, მაგრამ საბედნიეროდ, საქმე ამის იქით აღარ წასულა.
მატჩის შემდეგ
გიორგი ყიფიანი (სიონი): "ძალიან კარგი თამაში იყო, და "ზესტაფონს" გამარჯვებას მთელი გულით ვულოცავ. სულ ერთი თვეა, რაც "სიონის" მწვრთნელი ვარ და ნამდვლდა არ მინდა, გამუდმებით მსაჯებზე მოწუწუნე მწვრთნელის იმიჯი ჩამომიყალიბდეს. მერწმუნეთ, ეს ჩემს ხასიათში ოდნავადაც არ ზის, მაგრამ სად გავექცე იმ ფაქტს, რომ "სიონი" აგერ უკვე მერამდენე თამაშში დაზარალდა მსაჯის მოქმედებით. ჩვენი არჩათვლილი გოლის ეპიზოდზე უფრო დეტალურ კომენტარს მას შემდეგ გავაკეთებ, რაც იმ მომენტის ვიდეოჩანაწერს გავარჩევ."
გია გეგუჩაძე (ზესტაფონი): "სიონს" ყველა აქებდა, ეს გუნდი მიმდინარე სეზონში პირველად ვნახე და მართლაც მოვიხიბლე. მოხარული ვარ, რომ ასეთ დაძაბულ მატჩში შევძელით გამარჯვება. იყო მომენტები, როცა სოლიდურ უპირატესობას ვფლობდით, მაგრამ ზოგჯერ დაცვაშიც გვიწევდა აქტიური მუშაობა".
სიონი-ზესტაფონი 1:3
28.09. ბოლნისი. თ. სტეფანია. 800 მაყურებელი.
0:1 აფციაური (46), 1:1 ლ. ნოზაძე (49), 1:2 დვალი (63. გელაშვილის პასით), 1:3 გორგიაშვილი (90. ფიფიას პასით).
სიონი
4-4-2
ბობღიაშვილი
კობაური
თარგამაძე
ორბელაძე
რაქვიაშვილი
ქურასბედიანი
ლ. ვაშაკიძე
ლ. ნოზაძე
უგრეხელიძე
გ. თოდუა
რ. გოცირიძე
შეცვლები
46. თოდუა-ნემსაძე
72. ქურასბედიანი-ისიანი
79. გოცირიძე-ბობოხიძე
სათადარიგოები: მერლანი, ლ. ჭელიძე, სანიკიძე.
ზესტაფონი
4-4-2
რ. კვასხვაძე
ბენაშვილი
გ. ონიანი
ხიდეშელი
ელიავა
დაუშვილი
ძარია
აფციაური
გრიგალაშვილი
გელაშვილი
დვალი
შეცვლები
72. დვალი-ფიფია
80. გრიგალაშვილი-ბაბუნაშვილი
85. დაუშვილი-გორგიაშვილი
სათადარიგოები: მამალაძე, კობახიძე, მაკარიანი, მიქაბერიძე.
გაფრთხილება: უგრეხელიძე (23), ძარია (31), კვასხვაძე (87).
არბიტრი: ლ.კვარაცხელია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"