ბესიკ შეროზია ზუგდიდში მეტოქედ ბრუნდება

AutoSharing Option
ბაია-კოლხეთი

სექტემბერი მართლაც "დერბის" თვე გამოდგა: ჯერ იმერული გუნდების 3 დაპირისპირება ("სამტრედია"-"ტორპედო", "ზესტაფონი"-"ტორპედო", "სამტრედია"-"ზესტაფონი") იყო, გუშინ დედაქალაქის გუნდების ("დინამო"-"ვიტ ჯორჯია") მორიგი პრინციპული პაექრობა ჩატარდა, დღეს კი უკვე "მეგრული დერბი" გველოდება!

ჰო, მართლაც არ არის პატარა ამბავი: ზუგდიდისა და ფოთის გუნდები უმაღლეს ლიგაში 11-წლიანი პაუზის შემდეგ დაუპირისპირდებიან! რა მნიშვნელობა აქვს, ზუგდიდური გუნდი რომელი სახელწოდებით იასპარეზებს: "ოდიში" ერქმევა, "დინამო" თუ "ბაია", ყველა შემთხვევაში ფოთის "კოლხეთთან" დაპირისპირებას უაღრესად პრინციპული მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს. არადა, სტატისტიკა დღევანდელ მასპინძელთა სასარაგებლოდ ნამდვილად არ "მეტყველებს": ზუგდიდურ გუნდებსა და
"კოლხეთს" შორის 1990-99 წლებში ჩატარებული 19 შეხვედრიდან ფოთელებმა 14 მატჩი მოიგეს, 3 ფრედ დაამთავრეს და 2 წააგეს; აღსანიშნავია, რომ ზუგდიდში "კოლხეთმა" პირველად და უკანასკნელად 1996 -97 წლების სეზონში წააგო (1:4).

ერთი მხრივ, ეს ფაქტი გასაკვირვი არც იყო: მასპინძლებს იმ დროს ურიგო გუნდი ნამდვილად არ ჰყავდათ; მთავარი მწვრთნელი მურთაზ ხურცილავა გახლდათ, ხოლო გუნდში ერთი-მეორეზე ცნობილ და გამოცდილ ვეტერანებთან (სოსო ჭედია, მამუკა აბუსერიძე, მამუკა ფანუცულაია) ერთად პერსპექტიული ახალგაზრდებიც (ვალტერ გუჩუა, მამია ჯიქია, კლიმენტი წიტაიშვილი) თამაშობდნენ. სამაგიეროდ, "კოლხეთმა" იმავე სეზონში დამაჯერებელზე მეტი რომ ჰქვია, ისეთი რევანში აიღო და პრინციპული მეტოქე მეორე წრეში უფრო სოლიდური ანგარიშით (6:1) დაამარცხა.

სამწუხაროდ, XX საუკუნის დასაწყისში ჯერ ზუგდიდის გუნდი დაემშვიდობა უმაღლეს ლიგას, მოგვიანებით კი კრიზისი ფოთის "კოლხეთსაც" დაეწყო და ფინანსური პრობლემების გამო პირველ ლიგაში დაქვეითდა. საბედნიეროდ, ბოლო პერიოდში საქმე სასიკეთოდ შეიცვალა და სამი წლის წინ უმაღლეს ლიგას ზუგდიდის "მგლები" დაუბრუნდა, წელს კი - ფოთის "კოლხეთი". აღსანიშნავია, რომ "მგლების" ამ წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ბესიკ შეროზია დღესდღეობით... "კოლხეთის" მთავარი მწვრთნელია!

"მგლებთან" ერთად შეროზიამ უმაღლეს ლიგაში ორი სეზონი გაატარა, წინა ჩემპიონატიც ზუგდიდურ გუნდში დაიწყო (ამჯერად, უკვე "ბაია" რომ დაერქვა), მაგრამ 2009 წლის დეკემბერში პროფესიული საქმიანობის გაგრძელება "კოლხეთში" არჩია. შედეგიც მალე მოვიდა: ამ გაზაფხულზე "კოლხეთმა" უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა და ეს გუნდი რომ უძლიერესთა შორის ასპარეზობას იმსახურებს, XXII ჩემპიონატში უკვე არაერთხელ დაამტკიცა. ბოლოს და ბოლოს, წინა ტურში "კოლხეთმა" ქვეყნის ჩემპიონს რუსთავის "ოლიმპს" გამანადგურებელი მარცხი რომ მიაყენა, ამ სეზონის ჯერჯერობით ყველაზე ხმაურიან სენსაციად უნდა მივიჩნიოთ.

დღეს კი ბესიკ შეროზია ზუგდიდში... მეტოქის "რანგში" ჩადის, ისევე როგორც "კოლხეთის" ის ფეხბურთელებიც, ყოფილ თანაკლუბელების წინააღმდეგ რომ იასპარეზონ - ვლადიმერ ჯოჯუა, დავით ჭითანავა, ზურაბ ექონია; თუმცა, "კოლხეთს" დანაკლისიც აქვს: აზერბაიჯანიდან საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნებულ გამოცდილ მცველს ალექსანდრე ინწკირველს სეზონი ურიგოდ ნამდვილად არ დაუწყია, მაგრამ დღევანდელ მატჩში დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს. ტრავმის გამო რამდენიმე ფეხბურთელს "ბაიაც" მოისაკლისებს, მაგრამ ელგუჯა ქომეთიანის გუნდს ხომ სათადარიგოთა სკამის პრობლემა არ აწუხებს. ოღონდ, სხვა საკითხია, თუ რამდენად უმტკივნეულოდ მოხდება გუნდის საუკეთესო ბომბარდირის გიორგი მეგრელაძის სრულფასოვნად შეცვლა. ამას გარდა, ბოლო სამ შეხვედრაში მხოლოდ 2 ქულის მოპოვებამ "ბაიას" სატურნირო მდგომარეობაც შესამჩნევად გააუარესა; ყოველ შემთხვევაში, ასეთი შემადგენლობის მქონე გუნდს, ჩვენი აზრით, სატურნირო ცხრილში VII ადგილზე ყოფნა ნამდვილად არ უნდა აკმაყოფილებდეს...


სპარტაკი-ტორპედო

"მეგრული დერბის" მსგავსად ეს მატჩიც არანაკლებ ინტერესს იწვევს და ყოველივე, სტუმართა გუნდში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით არის განპირობებული. ჩემპიონატის დაწყებიდან უკვე 2 თვე იწურება და "ტორპედო" კვლავაც რჩება... ერთადერთ მოუგებელ გუნდად! რა ვქნათ, თითქმის ყოველი ტურის წინათქმასა თუ მიმოხილვაში, სწორედ ამ ფაქტზე გვიწევს ყურადღების გამახვილება. იმის გარდა, რომ უმაღლეს ლიგაში "ტორპედოს" დაბრუნების ფაქტიც უმნიშვნელოვანეს მოვლენად შეფასდა, არანაკლები აჟიოტაჟი მოჰყვა გუნდის ყველანაირი ასპექტით გაძლიერებსაც.

თუმცა სოლიდური და ფინანსურად ღონიერი პატრონი, თურმე, წარმატების გარანტი სულაც არ ყოფილა - ისე როგორც გუნდში ერთდროულად 15-მდე ახალწვეულის ჩარიცხვა. რა თქმა უნდა, ერთი-ორ მატჩში "ტორპედოს" იღბალმაც ზურგი შეაქცია, მაგრამ ამბიციურ გუნდს 7 ტურის შემდეგ ერთი "კინკილა" გამარჯვებაც რომ არ ექნება, მხოლოდ ბედსა თუ უბედობაზე არავინ უნდა ისაუბროს. მოვლენების ასეთ განვითარების შემდეგ აღარავისთვის იყო მოულოდნელი "ტორპედოში" მომხდარი საკადრო ცვლილება: ბოლო წლების ერთ-ერთმა საუკეთესო ქართველმა სპეციალისტმა რამაზ მუმლაძემ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა და მის ნაცვლად გია გიგატაძე იმუშავებს.

გიგატაძე ადგილობრივი კადრია და, ბოლოს და ბოლოს, იმ მწვრთნელთა "ტრიუმვირატში" (იასონ ბზიკაძესთან და გიორგი სუხიაშვილთან ერთად) მუშაობდა, "ტორპედოს" უმაღლესი ლიგის საგზური ვინც მოაპოვებინა. მოკლედ, სტუმართა ძველ-ახალ მწვრთნელს უმაღლეს ლიგაში სადებიუტო მატჩი აქვს; ოღონდ, მეტოქეს რომ ნაკლებად აინტერესებს "ტორპედოს" პრობლემები, ამას რა მტკიცება სჭირდება: "სპარტაკს" ისედაც არასახარბიელო სატურნირო მდგომარეობა აქვს და დღესაც მაქსიმალური შედეგისათვის იბრძოლებს. თანაც, გოჩა ჩიქოვანის გუნდმა წინა ტურში, ბევრისთვის მოულოდნელად, ზუგდიდიდან ქულა წამოიღო და ამით კიდევ ერთხელ "მიგვანიშნა": ჩვენთან ქულებს წინასწარ ნურავინ დაგეგმავსო...


ოლიმპი-სამტრედია

ერთი შეხედვით, ისეთი წყვილია, ფავორიტს "გამოცნობა" რომ არ სჭირდება: ქვეყნის ჩემპიონი და ანალოგიური ამბიციების მქონე "ოლიმპი" ერთ-ერთ აუტსაიდერს (თანაც, ფინანსურად ერთობ შეჭირვებულს), "სამტრედიას" მასპინძლობს. თუმცა, მასე რომ ვიმსჯელოთ, წინა ტურში იმავე "ოლიმპის" ასეთ კატასტროფულ მარცხს (1:5, "კოლხეთთან") ვინმე წარმოიდგენდა? ჰო, ეს მართლაც შოკისმომგვრელი ანგარიში იყო და "ოლიმპის" გამოცდილ მწვრთნელს თემურ მახარაძეს და საერთოდ, მთელ გუნდს, საკუთარი ქომაგების წინ სრული და, რაც მთავარია, სწრაფი რეაბილიტაცია სჭირდებათ.

ფოთში განცდილი კოშმარული წაგების მერე "ოლიმპის" ძირითადში სერიოზული ცვლილებები რომ ვიხილოთ, არც უნდა გაგვიკვირდეს; ყოველ შემთხვევაში, ჩემპიონი-გუნდი, ფაქტობრივად, სრულად დაკომპლექტდა - უკვე მერამდენე ტურია, განაცხადში... 18 კაცი ჰყავთ. ისიც არ იყო, ალბათ, უმნიშვნელო ფაქტი, რომ "ოლიმპის" შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა გუნდის ერთ-ერთმა "ხმაურიანმა" ახალწვეულმა ირაკლი მოდებაძემ. ამ გამოცდილ ფორვარდს (ბოლო ტურებში მისთვის უჩვეულო პოზიციაზე რომ უწევს ასპარეზობა) თითქმის ყველა შეხვედრაში რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი ექმნებოდა, მაგრამ გოლის გატანას ვერაფრით ახერხებდა. და აი, ნავსი გატყდა და მოდებაძესაც, ალბათ, გარკვეული ფსიქოლოგიური წნეხი მოეხსნება.

...წინა სეზონში ამ გუნდების ოთხივე დაპირისპირება, როგორც მოსალოდნელი იყო, "ოლიმპის" გამარჯვებით დამთავრდა. თანაც, ოთხიდან სამი შეხვედრა რუსთაველთა გუნდის ბრაზილიელი ლეგიონერის ანდერსონ აკინოს ბენეფისად იქცა: ორ-ორი თუ თითო გოლი ხომ გაჰქონდა "სამტრედიის" კარში, თანაგუნდელებს ერთი-მეორეზე უკეთესი საგოლე პასებითაც ამარაგებდა. და კიდევ ერთი, თანაც არცთუ უმნიშვნელო დეტალი: "ოლიმპის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე თემურ მახარაძის დებიუტი 2009 წლის 25 ოქტომბერს სწორედ... "სამტრედიასთან" მატჩში შედგა. იმ შეხვედრიდან დაიწყო კიდეც "ოლიმპისა" და თემურ მახარაძის წაუგებელი სერია, თითქმის 7 თვე რომ გრძელდებოდა...


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული