საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კლუბებს: მიხედეთ ინფრასტრუქტურას

AutoSharing Option
2012 წლის 6 აგვისტოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში უმაღლესი ლიგის კლუბების პრეზიდენტთა საბჭოს მეხუთე (გეგმიური) შეხვედრა გაიმართა.

წინა შეხვედრის მსგავსად, საბჭოს სხდომას თორმეტივე კლუბის უფლებამოსილი წარმომადგენელი დაესწრო.

სფფ-ის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ კლუბებს მიაწოდა სრული ინფორმაცია უმაღლესი ლიგის კლუბებში არსებული საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მდგომარეობის შესახებ.

მან აღნიშნა, რომ ინსპექტირების მიზნით იმყოფებოდა ბათუმის, ქობულეთის, მარტვილის, ფოთის და საჩხერის სტადიონებზე და თავად შეამოწმა არსებული ვითარება. მის მიერ მიწოდებული დოკუმენტების განხილვის შედეგად კლუბებისთვის ნათელი გახდა იმ არასახარბიელო მდგომარეობის შესახებ, რომელიც ზემოთ აღნიშნულ ქალაქებში საფეხბურთო არენებზე არსებობს:

ქობულეთი
- დაგებულია მინდვრის საფარი, მაგრამ არ არის სათანადო ინფრასტრუქტურა (გასახდელები, საშხაპეები, მსაჯთა ოთახი და ა.შ.);

ადელი (ბათუმი) - პრაქტიკულად, არ არსებობს არანაირი ინფრასტრუქტურა, გარდა მინდვრის საფარისა. არ არის დაცული უსაფრთხოების ზომები;

მარტვილი - პრობლემებია როგორც ბალახის საფარის, ასევე ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. არ არის დაცული უსაფრთხოების ზომები;

ფოთი - მოუვლელობის გამო არასათანადო მდგომარეობაშია ახალდაგებული მინდვრის საფარი. არ არსებობს სათანადო ინფრასტრუქტურა, არ არის დაცული უსაფრთხოების ზომები;

საჩხერე - როგორც ბუნებრივ, ასევე ხელოვნურსაფარიან სტადიონებზე არ არის დაცული უსაფრთხოების ზომები.

კლუბების ხელმძღვანელებს (დინამო-ბათუმი, მერანი-მარტვილი, კოლხეთი-ფოთი, ჩიხურა-საჩხერე) მიეცათ წინადადება, რომ შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში გამოსწორდეს არსებული მდგომარეობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიღებული იქნება სათანადო ზომები და აღნიშნული სტადიონები ვერ უმასპინძლებენ კალენდარულ მატჩებს.

ასევე, აღინიშნა იმის თაობაზე, რომ კლუბების მხრიდან შესაძლებელია მოხდეს მატჩების ურთიერთგაცვლა ან საშინაო მატჩების ალტერნატიულ მოედანზე ჩატარება.

ზვიად სიჭინავამ აღნიშნა, რომ სფფ გააგრძელებს უმაღლესი ლიგის სხვა კლუბების საფეხბურთო არენების ინსპექტირებას და შედეგების თაობაზე ინფორმაციის გასაჯაროებას.

აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, საბჭოს სხდომაზე ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტეს, რომ წინადადებით მიმართონ სფფ-ს, რათა კომპეტენტურმა უწყებამ განიხილოს წინა სეზონიდან გადმოყოლილი სპორტული სანქციების ამინისტირების (ყვითელი და წითელი ბარათები) საკითხი. აღსანიშნავია, რომ სპორტული ამნისტია არ ათავისუფლებს კლუბებს ფინანსური ვალდებულებებისგან.

სფფ-ის პოზიცია აღნიშნულის თაობაზე მოკლე ხანში გახდება ცნობილი.

შემდეგი, მეექვსე შეხვედრა 2012 წლის 30 აგვისტოს სფფ-ის ოფისში გაიმართება, სადაც კლუბები განიხილავენ უმაღლესი ლიგის იმ დროისთვის უკვე მიმდინარე გათამაშების მდგომარეობას.

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული