ასეა თუ ისე, 10 აგვისტოს ორი მატჩით საქართველოს მორიგი ჩემპიონატი დაიწყო, 11 აგვისტოს კი სამი კიდევ უფრო საინტერესო შეხვედრა გველის.
სანამ შაბათას გასამართ შეხვედრებზე გადავიდოდეთ, გეტყვით, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტის გადაწყვეტილებით, "დილა"-"ვიტ ჯორჯია", რომელიც 12 აგვისტოს "მიხეილ მესხზე" უნდა გამართულიყო, ორშაბათს ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" შედგება.
მატჩის ჩატარების ადგილზე რა
"მეტალურგი"-"დინამო" - ეს შეხვედრა უფრო მეტიც კია, ვიდრე ტურის ცენტრალური დაპირისპირება.
რუსთაველთა და დედაქალაქელთა ურთიერთშეხვედრათა ისტორია საკმაოდ მდიდარია და შორეული წარსული რომ არ გავიხსენოთ, "მეტალურგსა" და "დინამოს" შორის წინა სეზონში გამართული საინტერესო მატჩებიც არის იმის გარანტია, რომ 11 აგვისტოს "ფოლადზე" უშეღავათო ბრძოლის მომსწრენი გავხდებით.
ძნელი სათქმელია, შეძლებს თუ არა გასული სეზონის მსგავსად ჩემპიონობისთვის ბრძოლას "მეტალურგი", მაგრამ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალ ჩემპიონატშიც ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალა იქნება.
ამბიციების ნაკლებობას არც "დინამო" უჩივის, რომელიც ჩაგდებული წინა სეზონის შემდე საკუთარი გულშემატკივრების თვალში რეაბილიტაციას აპირებს და საამისოდ სერიოზული თადარიგიც დაიჭირა - დუშან უჰრინი და "დინამოს" რამდენიმე ახალწვეული საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდის მაისურით პირველ ოფიციალურ შეხვედრას გამართავენ და მეტ-ნაკლებ წარმოდგენას შეგვიქმნიან იმის თაობაზე, თუ რას უნდა ველოდოთ განახლებული "დინამოსგან".
ბუნებრივია, ახალ მწვრთნელსაც და ახალწვეულებსაც საუკეთესო თვისებების წარმოსაჩენად გარკვეული დრო ესაჭიროებათ, მაგრამ "დინამოცა" და სხვა უმაღლესლიგელებიც კარგად აცნობიერებენ, რომ წარმატებული სეზონის ჩასატარებლად მძლავრი სტარტი აუცილებელია.
"მეტალურგის" წინააღმდეგ, შესაძლოა, ორი ისეთი ფეხბურთელი ვიხილოთ, რომლებმაც რუსთაველთა ვიცე-ჩემპიონობაში საკმაო წვლილი შეიტანეს - გივი კვარაცხელია და გიორგი თექთურმანიძე რუსთაველთა აწ უკვე ყოფილ მმართველ დირექტორ ბუბა ტყავაძესთან ერთად "დინამოს" სულ ცოტა ხნის წინ დაუბრუნდნენ.
"მეტალურგმა" ევროპის ლიგაზე დიდ წარმატებებს ვერ მიაღწია, მაგრამ იქ ახალი გამოცდილება შეიძინა, რაც შესაძლოა, შიდა ასპარეზზე წაადგეს.
"მეტალურგისგან" განსხვავებით, ევროპის ლიგაზე "ტორპედომ" ერთი ეტაპიც ვერ დაძლია, რასაც გუნდის შემადგენლობაში საკმაო ცვლილებები მოჰყვა.
გია გეგუჩაძე გაახალგაზრდავების კურსს აგრძელებს და მის ფეხბურთელებს არცთუ იოლი გამოცდა ელით.
"ზუგდიდი", რომელმაც უმაღლეს ლიგაში "ბაიას" ადგილი დაიკავა, საკმაოდ კვალიფიციური ფეხბურთელებით გაძლიერდა და ოთარ გაბელიას სახით მრავლისმნახველი მწვრთნელიც შეიმატა. თავის დროზე იგი "ტორპედოს" თავკაციც იყო და მისი და "ტორპედოს" ყოფილი კაპიტნის, დავით გამეზარდაშვილის ქუთაისში დაბრუნება მატჩის ერთ-ერთი უმთავრესი ინტრიგა უნდა იყოს.
ზესტაფონში კი "ნეფთჩისგან" მიყენებული ტკივილის დავიწყებას ცდილობენ და ამას ხელს მხოლოდ ჩემპიონატში წარმატებული სტარტი შეუწყობს.
"მერანი" გასულ სეზონში საქართველოს ჩემპიონისთვის ადვილად დასაძლევი წინაღობა არ ყოფილა და მარტვილში მიღწეული 4:4-ით "მერანმა" ფეროელთა საჩემპიონო პერსპექტივები სათუო გახადა.
"მერანი" რამდენიმე მნიშვნელოვანმა ფეხბურთელმა დატოვა, რამაც გუნდის თამაშზე, წესით, გავლენა უნდა მოახდინოს, თუმცა მარტვილელთა თავკაცმა მალხაზ ჟვანიამ გასულ ჩემპიონატში დაამტკიცა, რომ მინიმალური რესურსით ბრძოლისუნარიანი გუნდის ჩამოყალიბება შეუძლია და ამჟამადაც იგივე ამოცანის წინაშე დგას.
"ზესტაფონში" ჩემპიონთა ლიგიდან გამოთიშვის შემდეგ საინტერესო ცვლილებები მოხდა. უპირველესად, საქართველოს ჩემპიონატში პირველი გერმანელი ლეგიონერის დებიუტს ველით. წესით, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის შემადგენლობაში გერმანელი პატრიკ მილხრაუმი 11-შივე უნდა ვიხილოთ, ხოლო გასული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი ჯაბა დვალი "ზესტაფონს" ტრავმის გამო ვერ დაეხმარება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
სიონი-ბათუმი 2:2 - ყველამ ჩვენთან უნდა ისწავლოს მსაჯობა?
კოლხეთი-ჩიხურა 0:2 - საჩხერული ოცნება