დილა-ვიტ ჯორჯია 0:1 - ევროპა მსხვერპლს მოითხოვს

AutoSharing Option
მოლოდინი, რომ უსენსაციოდ დაწყებული პირველი ტური ასევე დასრულდებოდა, არ გამართლდა - ევროპის ლიგის პლეი ოფამდე მისულმა "დილამ" ეროვნული ჩემპიონატი მარცხით დაიწყო.

მაღალი სიცხის მიუხედავად, "ბასაზე" საკმაოდ საინტერესო მატჩი ვიხილეთ, სადაც "ვიტ ჯორჯიამ" უმაღლესი ლიგის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტს დიდი შემართებისა და, გარკვეულწილად, იღბლის ხარჯზე აჯობა.

თუმცა, რა თქმა უნდა, ამ უკანასკნელი ფაქტორით ვეტერინართა წარმატება ოდნავადაც არ კნინდება - იმარჯვებს ის, ვინც საკუთარ შანსს იყენებს. ამ მხრივ კი 13 აგვისტოს სტუმრებს იდეალურთან მიახლოებული მაჩვენებელი ჰქონდათ.

ტრიბუნებზე არცთუ მცირე რაოდენობის ხალხი მოგროვდა, რომელთა
შორისაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და არაერთი ქართული კლუბის პრეზიდენტებიც იყვნენ. შეხვედრას დაესწრო "დინამოს" მთავარი მწვრთნელი დუშან უჰრინიც, რომელმაც საჩემპიონო ბრძოლაში ერთ-ერთი უპირველესი კონკურენტი დაზვერა.

Sportall.Ge"ზესტაფონის" პრეზიდენტი ილია კოკაია, სფფ-ის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და თბილისის "დინამოს" სპორტული დირექტორი ბუბა ტყავაძე "დილა"-"ვიტ ჯორჯიას" მატჩს თვალს ერთად ადევნებდნენ

როგორც მოსალოდნელი იყო, კვიპროსზე გადატანილი მძიმე ბრძოლის შემდეგ "დილას" თავკაცმა თემურ შალამბერიძემ ძირითადი შემადგენლობის არაერთი წევრი დაასვენა და თავის გამოჩენის საშუალება აქამდე უქმად მყოფ ფეხბურთელებს მისცა.

გორელები თავიდანვე დაეუფლნენ საგრძნობ სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას და შექმნილი საგოლე მომენტების ნაწილი მაინც რომ გამოეყენებინათ, სოლიდური ანგარიშით მოიგებდნენ, მაგრამ "დილას" შემტევებს ხან სიზუსტე ღალატობდათ, ხანაც "ვიტ ჯორჯიას" მეკარე ნიკა დაუშვილი მოქმედებდა უშეცდომოდ.

"ვიტ ჯორჯიამ" ხუთი ნომინალური მცველით გამოკვეთილ "მეორე ნომრად" ითამაშა და ანგარიშიდანაც ნათლად ჩანს, რომ მერაბ კოჭლაშვილის ამ ჩანაფიქრმა გაამართლა.

ორი ცენტრფორვარდით მოთამაშე "დილამ" თავიდანვე აქტიურად შეუტია. პირველი საგოლე შანსები ირაკლი მოდებაძემ ვერ გამოიყენა - მე-10 წუთზე მან წაქცეულმა შეძლო დარტყმა, მაგრამ სიზუსტემ დააღალატა. მეცამეტეზე კი მის მცდელობას წინ დაუშვილი აღუდგა.

მე-18 წუთზე ვიტელთა მეკარემ თავისი გუნდი კვლავ იხსნა - გოგიტა გოგუამ ბურთი საჯარიმოში გიორგი ილურიძეს "შეაყოლა", თუმცა მისი დარტყმული დაუშვილმა მოიგერია.

მე-40 წუთზე კი "ვიტ ჯორჯიამ" მეტოქის კარში პირველად დაარტყა და შედეგიანადაც. გიორგი ვასაძეს მცირე რიკოშეტი წაეხმარა და ბურთი მარინ სკენდერის კარის ცხრიანში ჩაეშვა - 0:1.

შესვენებამდე ორი დასამახსოვრებელი ეპიზოდი მოხდა, თუმცა მოდებაძემ და ბესიკ ჩიმაკაძემ საკუთარი შანსი ვერ გამოიყენეს.

"დილა" შესვენების შემდეგაც მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდა, მაგრამ მეორე 45 წუთში ძველებურად მწვავედ ვეღარ უტევდა. როგორც ჩანს, ორივე გუნდის ფეხბურთელებზე მაღალმა ტემპერატურამ მოახდინა გავლენა და თამაშის ტემპი სულ უფრო და უფრო ეცემოდა. აშკარა საგოლე მომენტებამდე საქმე, ფაქტობრივად, აღარ მისულა, "დილამ" მეტოქეს ბოლო წუთებში შტურმიც ვერ მოუწყო.

შეიძლება, პირველი ტურის შედეგები ბევრს არაფერს წყვეტდეს, მაგრამ "ვიტ ჯორჯიასთვის" ეს სამი ქულა მაინც საკმაო მონაპოვარია, "დილა" კი კონკურენტებს ასევე სამი ქულით ჩამორჩება.

გორელების უმთავრესი საზრუნავი ახლა ევროპის ლიგის ჯგუფში მოხვედრაა და თუ ამ მიზანს მიაღწია, "დილას" მიმდინარე წლის ბოლომდე საერთაშორისო ასპარეზი ელის და ორ ფრონტზე ბრძოლასთან ადაპტაცია მოუწევს.

საქართველოს ჩემპიონატი. პრემიერლიგა. I ტური
13.08. ბასა. 700 მაყურებელი
დილა-ვიტ ჯორჯია 0:1
გოლი: 0:1 ვასაძე (40)

დილა ვიტ ჯორჯია
4-4-2 5-4-1
სკენდერი ნ. დაუშვილი
ალადაშვილი ხურცილავა
შაშიაშვილი გოგიაშვილი
გ. ონიანი გეთიაშვილი
ჯიშკარიანი კასრაძე
კახელიშვილი ღანიაშვილი
გვალია კორიფაძე
კაციტაძე ვასაძე
გოგუა გურეშიძე
ილურიძე ჯავაშვილი
მოდებაძე ჩიმაკაძე

მწვრთნელები
თ. შალამბერიძე მ. კოჭლაშვილი

დილა
25. ალადაშვილი - შ. კაშია
58. კახელიშვილი - ახალკაცი
68. ილურიძე - ბეჭვაია
სათადარიგოები: შეყრილაძე, აბურჯანია, გორელიშვილი

ვიტ ჯორჯია
61. ჯავაშვილი - ლობჯანიძე
72. კორიფაძე - ზაქრაძე
89. ლობჯანიძე - ჯუღელი
სათადარიგოები: სვანაძე, ტეტუნაშვილი, დავლაშელიძე, კუხალეიშვილი

გაფრთხილება: კაციტაძე (62), დაუშვილი (64), ვასაძე (90)

არბიტრი: ლ. სილაგავა

ტურის სხვა მატჩები
მეტალურგი-დინამო 0:1 - დუშან უჰრინის სამქულიანი დებიუტი
ტორპედო-ზუგდიდი 1:0 - მასპინძლების მძიმე გამარჯვება
ზესტაფონი-მერანი 3:1 - წარმატების ფაქტორი: კლასი და გამოცდილება

კოლხეთი-ჩიხურა 0:2 - საჩხერული ოცნება
სიონი-ბათუმი 2:2 - ყველამ ჩვენთან უნდა ისწავლოს მსაჯობა?


Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული