ტრადიციისამებრ, უაღრესად დრამატული და საინტერესო გამოდგა "ქართული კლასიკო". "დინამო არენაზე" გამართულ შეხვედრაში თბილისის "დინამოს" ქუთაისის "ტორპედოსთან" გამარჯვება ესპანელმა ლეგიონერებმა მოუტანეს.
მატჩის მე-9 წუთზე გია გეგუჩაძის გუნდი ალექსანდრე კვახაძემ დააწინაურა, თუმცა სტუმართა ზეიმმა დიდხანს არ გასტანა - ორიოდ წუთში მათ კარში დანიშნული 11-მეტრიანი ჩისკომ გოლად აქცია.
ქუთათურებს კვლავ დასაწინაურებლად სულ ერთი წუთი დასჭირდათ - ამჯერად "დინამოს" კარი ელგუჯა გრიგალაშვილმა დალაშქრა.
დუშან უჰრინის შეგირდება პირველ ტაიმში ანგარიშის გათანაბრება მაინც შეძლეს -
შეხვედრის საბოლოო ანგარიში 77-ე წუთზე, ჩისკოს თანამემამულე ალვარომ დააფიქსირა - 3:2 თბილისის "დინამოს" სასარგებლოდ.
არანაკლებ საინტერესო იყო წინა სეზონის გამარჯვებული "ზესტაფონისა" და ვიცე-ჩემპიონი რუსთავის "მეტალურგის" შეხვედრა. კობა ჟორჟიკაშვილის შეგირდებმა ჩემპიონების დამარცხება მათსავე მოედანზე მინიმალური ანგარიშით, მატჩის მე-15 წუთზე, დიმიტრი ტატანაშვილის მიერ გატანილი ერთადერთი გოლით შეძლეს.
მარტვილში "მერანმა" "ვიტ ჯორჯიას" უმასპინძლა და 26-ე წუთზე, გიგა ამბროლაძის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით გამარჯვება იზეიმა.
ბოლნისში ადგილობრივი "სიონისა" და ფოთის "კოლხეთის" შეხვედრაში გოლი არ გასულა.
განმუხურის სტადიონზე გამარჯვება იზეიმა "ზუგდიდმა", რომელმაც ლევან კუტალიას დუბლის წყალობით (7, 31 პენ) ბათუმის "დინამო" დაამარცხა.
უხვგოლიანი გამოდგა გორის "დილასა" და საჩხერის "ჩიხურას" დაპირისპირება, რომელშიც საბოლოო გამარჯვება საჩხერელებს დარჩათ. ევროპალიგის პლეი ოფში გასულმა თემურ შალამბერიძის გუნდმა, რომელმაც I ტურში მარცხი "ვიტ ჯორჯიასთან" იწვნია, ამჯერადაც წააგო.
"მიხეილ მესხზე" გამართულ მატჩში "ჩიხურა" წინ რევაზ გოცირიძემ უკვე მე-2 წუთზე გაიყვანა . წონასწორობის აღდგენა მათე ვაწაძემ პირველსავე ტაიმში შეძლო - გორელთა ბომბარდირმა თავი 34-ე წუთზე გამოიჩინა.
მეორე ტაიმში, 51-ე წუთზე იმავე გოცირიძემ სტუმრები კვლავ წინ გაიყვანა - 1:2. 63-ზე კი ბესო დეკანოიძემ სხვაობა ორბურთიანი გახადა.
75-ე წუთზე მათე ვაწაძემ დუბლი შეასრულა და ანგარიშში სხვაობა შეამცირა, თუმცა დარჩენილ დროში შეხვედრის გადარჩენა გორელებმა ვეღარ შეძლეს და მეორე ტურის შემდეგ უქულოდ არიან.
რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, მეორე ტურის შემდეგ უდანაკარგოდ თბილისის "დინამო" და საჩხერის "ჩიხურა" არიან, რომლებსაც 6-6 ქულა აქვთ. ბურთების უკეთესი სხვაობა (5-2) კი უმაღლესში წელს გადმოსულ "ჩიხურას" აქვს.
ასევე იხილეთ:
დუშან უჰრინი: ჩისკო და კოტო საუკეთესონი იყვნენ