სიონი-კოლხეთი 0:0 - ნულოვანი, მაგრამ სანახაობრივი

AutoSharing Option
"სიონმა" ჩემპიონატი ორი საშინაო მატჩით დაიწყო და იმის მიუხედავად, რომ მეტოქეებად დაახლოებით თავისი დონის გუნდები ჰყავდა, ერთხელაც ვერ გაიმარჯვა.

18 აგვისტოს ბოლნისელები სამ ქულასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ ბოძებული შანსები ვერ გამოიყენეს, კვლავ ფრეს დასჯერდნენ, რაც მათთვის მთლად სახარბიელო შედეგი ვერ უნდა იყოს.

"სიონმა", რომელმაც დისკვალიფიცირებული მთავარი მწვრთნელის, ხვიჩა ქასრაშვილის გარეშე ითამაშა, ყველანაირად სცადა გამარჯვების გოლის გატანა, თუმცა გარჯა არც სტუმრებს უნდა დავუკარგოთ, რომლებიც მასპინძელთა იერიშებს სათანადოდ გაუმკლავდნენ და საგოლე შესაძლებლობა თავადაც გაანიავეს.

მატჩის დებიუტში ბოლნისელებმა ორი რეალური საგოლე შანსი გაუშვეს
ხელიდან - მე-6 წუთზე გიორგი მანწკავამ გიორგი ჭედია მეტოქის მეკარესთან პირისპირ გაიყვანა. "სიონის" ახალწვეულს ხელს არავინ უშლიდა ბურთის დასამუშავებლად და კარში დასარტყმელად დრო საკმაოდ ჰქონდა, თუმცა "კოლხეთის" კარი არდალიონ მიქაბერიძემ იხსნა.

მე-10 წუთზე კი თავად მანწკავა გავიდა ხელსაყრელ პოზიციაზე და მიზანმა სულ მცირედით უმტყუნა - ბურთი ფოთელთა კარის ძელს მოხვდა.

შესვენების შემდეგ "სიონი" შეძლებისდაგვარად განაგრძობდა მეტოქის უკანა ხაზის შეწუხებას, თუმცა ვერც კომბინაციური თამაშითა და ვერც სტანდარტებით მიზანს ვერ უწია. ქასრაშვილის ფეხბურთელებს კუთხურის შედეგადაც შეეძლოთ დაწინაურება, მაგრამ თავური რამდენიმეჯერ არაზუსტად შეასრულეს.

"კოლხეთს" მეტოქის დასჯა და დაუწერელი საფეხბურთო კანონის ამოქმედება 64-ე წუთზე შეეძლო, როცა ილია პავლიაშვილის ახლო მანძილიდან დარტყმულს "სიონის" მეკარე მინდია ბობღიაშვილი შესაშური რეაქციით გადაეფარა.

აშკარად იგრძნობოდა, რომ დავით მახარაძის გუნდი ფრეზეც ყაბულს იყო, ბოლნისელებმა კი გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძოლეს და იღბალმა კიდევ ერთხელ დააღალატათ. მსაჯის მიერ დამატებულ ბოლო, მესამე წუთზე "სიონმა" ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩაჰკიდა. "კოლხეთის" ფეხბურთელმა ბურთის მოგერიება სცადა და კინაღამ ავტოგოლი გაიტანა - ფოთელები ამჯერად ხარიხამ იხსნა.

მსაჯის საფინალო სასტვენიც იქვე გაისმა და მცირერიცხოვანმა ბოლნისურმა პუბლიკამ სტადიონი უკმაყოფილომ დატოვა. "კოლხეთმა" კი მიმდინარე სეზონში პირველი ქულა მოიპოვა.

საქართველოს ჩემპიონატი. პრემიერლიგა. II ტური
18.08. ბოლნისი, თ. სტეფანია. 200 მაყურებელი
სიონი-კოლხეთი 0:0
სიონი კოლხეთი
4-4-2 4-2-3-1
ბობღიაშვილი ა. მიქაბერიძე
ორბელაძე წაბრია
სვანიძე კრასოვსკი
ქემოკლიძე ფარულავა
ჩიკვილაძე გაბუნია
ჭედია ქებაძე
მანწკავა ცხადაია
გ. ოქროპირიძე ჩალაძე
ქუცურუა პ. დათუნაიშვილი
რ. ჯიქია კობერიძე
უგულავა პავლიაშვილი

მწვრთნელები:
ჯ. ჯაგიდისი დ. მახარაძე

სიონი
65. ქუცურუა - ისიანი
70. უგულავა - ჭანკოტაძე
80. ოქროპირიძე - ჯოჯუა
სათადარიგოები: ვ. ლობჟანიძე, ხუბუა, ვ. უგრეხელიძე, ნემსაძე

კოლხეთი
46. კობერიძე - მეგრელიშვილი
69. ცხადაია - გოგონაია
72. პ. დათუნაიშვილი - კვანტალიანი
სათადარიგოები: ბუბუტეიშვილი, გ. კილასონია, ცხვიტარია, ზ. ჩხეტიანი

გაფრთხილება: ქუცურუა (25), ოქროპირიძე (30), ცხადაია (32), მანწკავა (49), ჩალაძე (50), მიქაბერიძე (84)

არბიტრი: თ. ხუჭუა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული