მერანი-ვიტ ჯორჯია 1:0 - ისტორია მეორდება

AutoSharing Option
წინა ტურში გორის "დილასთან" დაპირისპირებაში მოულოდნელი გამარჯვების შემდეგ "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელები "მერანთანაც" წარმატებას გეგმავდნენ, თუმცა მოვლენები მოედანზე სხვაგვარად განვითარდა.

აქვე ვთქვათ ისიც, რომ ახალ სეზონს მარტვილის ცენტრალური სტადიონი განახლებული შეხვდა: კლუბის ხელმძღვანელობის ინიციატივით, დამონტაჟდა ინდივიდუალური სკამები, კიდევ უფრო მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა, განახლდა გასახდელები, საშხაპეები, სამედიცინო და სამსაჯო ოთახები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არაფერი დაეწუნებოდა მოედნის საფარს.

თუ ასეთი მდგომარეობა წლის განმავლობაში შენარჩუნდა, მერანელებს საშინაო თამაშების გამართვასთან დაკავშირებული პრობლემები აღარ ექნებათ.

ახლა უშუალოდ შეხვედრას რაც შეეხება: თამაში პრაგმატული, მაგრამ საკმაოდ დაძაბული გამოდგა.
პირველი სახიფათო მომენტი სტუმრებმა შექმნეს, მაგრამ ბექა ზაქრაძის თავური დარტყმა არაზუსტი გამოდგა.

ტაიმის შუაწელს "მერანის" ფეხბურთელები დაეუფლნენ უპირატესობას. მათ არაერთი მწვავე შეტევა განახორციელეს და 26-ე წუთზე იხეირეს კიდევაც: მარჯვენა ფრთიდან გიორგი რეხვიაშვილის ძლიერად დარტყმული ბურთი ნიკა დაუშვილმა მოიგერია, თუმცა დამატებაზე ყველას გიგა ამბროლაძემ აჯობა და დააწინაურა თავისიანები.

სხვა ღირებული პირველ ტაიმში არაფერი მომხდარა.

შესვენების შემდეგ თამაში გათანაბრდა. ტემპთან ერთად იმატა მომენტებმაც. მასპინძლები საწყის წუთებში ახლოს იყვნენ გოლთან: გიგა ამბროლაძის გადაცემის შემდეგ შეცვლაზე შემოსული ბექა ჩხეტიანი დაემუქრა მოწინააღმდეგის კარს, თუმცა ჩინებულად ითამაშა სტუმართა მეკარემ.

ცოტა ხანში იმავე ჩხეტიანმა საბა ლომია გაიყვანა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ ამ უკანასკნელის დარტყმული ოდნავ უზუსტო გამოდგა.

ამის შემდეგ სტუმართა ჯერიც დადგა. ერთმანეთის მიყოლებით მათ რამდენიმე დასამახსოვრებელი ეპიზოდი შექმნეს: ჯერ ბესიკ ჩიმაკაძემ დაარტყა სახიფათოდ, შემდეგ კი გიორგი ვასაძე წაიქცა მეტოქის საჯარიმოში, თუმცა მთავარი არბიტრი ეპიზოდთან ახლოს იყო და თამაშის წესის დარღვევა არ დააფიქსირა.

გამოსაყოფია, ასევე, ჯემალ გოგიაშვილის თავური.

ანგარიშის გათანაბრების ყველაზე რეალური შანსი ვიტელებს მე-80 წუთზე მიეცათ: გიორგი კორიფაძის ჩამოწოდებულს თავი უმეთვალყურეოდ დარჩენილმა ბესიკ ჩიმაკაძემ შეაგება, თუმცა მცირე მანძილით ააცილა კარს.

ბოლოსკენ "მერანმა" აქცენტი დაცვაზე გააკეთა, თუმცა არა იმდენად, რომ მეტოქეს მისთვის სერიოზული პრობლემები შეექმნა. სტუმრები კი აქტიურობდნენ, მაგრამ მათ შეტევებს, როგორც ანგარიშიდან ჩანს, არავითარი შედეგი არ მოჰყოლია.

გვერდს ვერ ავუვლით მატჩზე წარსულში ცნობილი ფეხბურთელის, საბჭოთა კავშირის ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" ლეგენდარული კაპიტნის, მურთაზ ხურცილავას სტუმრობის ფაქტს. ადგილობრივი დიქტორის მიერ მისი სახელის გამოცხადებამ სტადიონზე მყოფ მრავალრიცხოვან ქომაგში მქუხარე ოვაცია გამოიწვია.

მატჩის შემდეგ
არჩილ ჩხაბერიძე (მერანი):
"ეს ჩვენთვის პირველი საშინაო შეხვედრა იყო. მოხარული ვარ, რომ საკმაოდ ძლიერი მეტოქე დავამარცხეთ. გუნდი შეთამაშების პროცესშია. მჯერა, თანდათანობით კიდევ უფრო მოვუმატებთ და ბევრჯერ გავახარებთ მარტვილელ გულშემატკივრებს".

მერაბ კოჭლაშვილი (ვიტ ჯორჯია):
"წაგება ჩვენს გეგმებში ნამდვილად არ შედიოდა. ვფიქრობ, რომ არ გაგვიმართლა. მთლიანობაში თამაში თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა, გოლი კი დასანან შეცდომას მოჰყვა. ვეცდებით, ხარვეზები სამომავლოდ აღმოვფხვრათ".


საქართველოს ჩემპიონატი. პრემიერლიგა. II ტური
18.08.12. მარტვილი, ცენტრალური. 1500 მაყურებელი
მერანი-ვიტ ჯორჯია 1:0
გოლი: 1:0 ამბროლაძე (26)

მერანი (4-4-2) ვიტ ჯორჯია (5-4-1)
შეროზია დაუშვილი
გეგეჭკორი ხურცილავა
იობაშვილი გოგიაშვილი
ქარქუზაშვილი გეთიაშვილი
მელიავა კასრაძე
დიდავა ღანიაშვილი
ნ. ნოზაძე კორიფაძე
ფონიავა ვასაძე
ამბროლაძე გურ. გურეშიძე
რეხვიაშვილი ზაქრაძე
ს. ლომია ჩიმაკაძე

მწვრთნელები:
მ. ჟვანია მ. კოჭლაშვილი

მერანი
44.ნ. ნოზაძე-ბ. ჩხეტიანი
63.მელიავა-მჭედლიშვილი
75.რეხვიაშვილი-ბუკია

ვიტ ჯორჯია
55.ზაქრაძე-ჯუღელი
85.კასრაძე-ლობჯანიძე
87.ღანიაშვილი-ჯავაშვილი
გაფრთხილება: ქარქუზაშვილი (24), ფონიავა (45), იობაშვილი (60), ჯავაშვილი (90+2)

არბიტრი: ა. ნონიკაშვილი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული