ფოთის კოლხეთშიც დიდი პრობლემებია

AutoSharing Option
გუშინ "ლელოსთვის" ცნობილი გახდა, რომ ფოთის "კოლხეთში" ფინანსური პრობლემებია და კლუბმა, შესაძლოა, ჩემპიონატი მიატოვოს. ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ვწერდით, რომ ხსენებული პრობლემის გამო "კოლხეთს" ვარჯიშებიც კი ჩაუვარდა. თითქმის 2 თვეა სეზონი დაიწყო და კლუბში პრემიები არ დარიგებულა. ფოთელები "ოლიმპთან" თამაშზე გასვლას არც აპირებდნენ, მაგრამ სიტუაცია პრეზიდენტისა და მთავარი მწვრთნელის მეცადინეობით დარეგულირდა. "ლელოს" ინფორმაციით, ფეხბურთელები მაშინ 1 ოქტომბრამდე მოცდას დაყაბულდნენ...

თუმცა სიტუაცია არ შეცვლილა და როგორც გვაცნობეს, ზუგდიდში "ბაიასთან" გამართული შეხვედრის (1:2 "ბაიას" სასარგებლოდ) შემდეგ "კოლხეთი" აღარ ვარჯიშობს, არადა, კვირას
ცხინვალის "სპარტაკს" უნდა უმასპინძლოს. ფეხბურთელები არც ხსენებულ შეხვედრაში თამაშს აპირებენ. "ლელოს" ინფორმაციით, მათ წერილი გაუგზავნეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, რომელშიც მას ჩემპიონატის შესაძლო მიტოვებაზე ამცნობენ. აღმოჩნდა, რომ ზვიად სიჭინავას ფოთში არსებულ პრობლემებზე არაფერი სცოდნია.
"ლელო" კლუბის პრეზიდენტ თემურ ბარქაიას დაუკავშირდა. "აი, ამ წუთებში შევდივარ გუნდთან შეხვედრაზე, დაახლოებით 10 წუთში დამირეკეთ და უფრო კონკრეტულ ინფორმაციას მოგაწვდით", - გვითხრა ბარქაიამ.

ბარქაიას კომენტარით დასტურდება, რომ პროტესტის შესახებ ინფორმაცია მართალი ყოფილა. არადა, "კოლხეთის" პოტენციურ დამფინანსებლად ფოთის პორტი მოიაზრებოდა, თუმცა საქმე გაჯანჯლდა და თუ ის ინფორმაციაც დადასტურდა, რომ პორტიდან ასეულობით თანამშრომელს უშვებენ, არა გვგონია, ეს კარგი ცხოვრებით იყოს გამოწვეული, გამოთავისუფლებული თანხა კი "კოლხეთისთვის" უნდოდეთ. სწორედ პორტს უნდა გაეღო 300 ათასი, ამდენივეთი უნდა დახმარებოდა კლუბს კიდევ ერთი მსხვილი კომპანია, რომლის სახელიც არ ხმაურდება, დარჩენილ ნაწილს კი (თანხის მილიონამდე გასაზრდელად) "კოლხეთს" ფოთელი ბიზნესმენები შეაწევდნენ.

თუმცა თემურ ბარქაია დღემდე ერთადერთი ბიზნესმენია, რომელსაც კლუბი მხრებზე დააწვა. ერთადერთი, რითიც მერია ეხმარება, საწვავია. სხვათა შორის, მერიამ გასულ წელს "კოლხეთს" 300 ათას ლარზე მეტი გადაურიცხა, თუმცა ახლა უმაღლესლიგელის ბიუჯეტიდან დაფინანსება აკრძალულია და "კოლხეთიც" ამიტომ გაიჭყლიტა. თორემ, ფოთის მერიას ბიუჯეტიდან სპორტისთვის კარგა გვარიანი თანხა აქვს გამოყოფილი და არც კლუბის დახმარება იქნებოდა შეუძლებელი...

ბოლოს ისევ ბარქაიას მოვუსმინოთ: "გუნდი ივარჯიშებს და "სპარტაკთან" თამაშზეც გავა... რაც შეეხება დაფინანსებას, ეს საკითხი ირკვევა და დეტალებია დასაზუსტებელი".

"კოლხეთის" პრეზიდენტი შეგვპირდა, რომ საკითხის გარკვევის შემდეგ თავად დაგვიკავშირდებოდა, თუმცა ბატონ თემურს აღარ დაურეკავს. როგორც გავიგეთ, შეხვედრები გვიანობამდე გაგრძელებულა... ვნახოთ, როგორც მოგვარდება "კოლხეთის" პრობლემა.

მამუკა ქანთარია
ფოთიდან

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული